reportiori.ge - სერგო ვარდოსანიძე: უწმინდესს საოცარი უნარი აქვს, უყურადღებოდ არ დატოვოს არც ერთი ადამიანი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:59
პრეს-დაიჯესტი
სერგო ვარდოსანიძე: უწმინდესს საოცარი უნარი აქვს, უყურადღებოდ არ დატოვოს არც ერთი ადამიანი...
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 22:48


საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე „კვირის პალიტრასთან" საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს პატრიარქად არსაყდრებას იხსენებს:



„უწმინდესმა შექმნა ახალი ეტაპი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და დღეს რამდენი ოპონენტიც უნდა გამოჩნდეს, ოდნავადაც ვერ მიაყენებს ჩრდილს იმ საქმეებს, რაც უკვე გაკეთებულია. ის ერთადერთია, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარა მშობელმა ხალხმა უდიდეს ისტორიულ პიროვნებად და ერის სულიერ წინამძღვრად.

 

 

...დაუვიწყარია 1977 წლის 25 დეკემბერი. ახალგაზრდების გუნდი მცხეთისაკენ გავემა­რთეთ. ყველას გვსურდა ახალი პატრიარქის ხილვა. სვეტიცხოვლის ეზოსა და ტაძარში უამრავ ხალხს მოეყარა თავი... სულ მალე პატრიარქის აღსაყდრებაზე მოსული ხალხი სიონის ტაძრის მრევლად იქცა...

 

1978 წლის 2 იანვარს, სიონში წირვის შემდეგ პატრიარქს ახალგაზრდებისათვის უნდა მოესმინა. სათითაოდ გვიღებდა თავის რეზიდენციაში. ვღელავდი. მომეგება, გულში ჩამიკრა. მახსოვს, მითხრა, - კარგი იქნება, თუ მომავალში საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე იმუშავებთო.

 

მერე მკითხა, - კალენდარი თუ გაქვთო. იმ დროს ძნელი იყო საეკლესიო კალენდრის შოვნა. ალბათ, ვიშოვი მეთქი, ვუთხარი. ვერ იშოვიო. კარადიდან გამოიღო და კალენდარზე წააწერა: "ღმერთმა დალოცოს სერგო ვარდოსანიძე"...


უწმინდესს საოცარი უნარი აქვს, უყურადღებოდ არ დატოვოს არც ერთი ადამიანი. ვთქვათ, ტრაპეზია. უწმინდესი ზის სუფრის თავში. ყველა ადამიანს სწვდება მისი ყურადღება: ღვინო გასინჯეთ, მიირთვით, არ მოგერიდოთ, ეს კერძი დააგემოვნეთ. იგი გაგრძნობინებს, რომ მასპინძელია და უხარია შენი სტუმრობა, პატივს გცემს, გინაწილებს თავისი გულის სითბოს.

 

არასოდეს არის კატეგორიული ადამიანებთან, არავის ეტყვის, რატომ არ დადის ტაძარში, რატომ არ მარხულობს, არ ლოცულობს... ის დიდსულოვნად შემწყნარებელია ყველას მიმართ და არავის ეტყვის, ეს ასე კი არა, ისე ჯობიაო. როგორი ადამიანიც უნდა მოხვდეს მასთან, როგორი მიუღებელიც უნდა იყოს მოსაუბრის აზრი, პატრიარქს შეუძლია, ბოლომდე მოუსმინოს და თანაუგრძნოს.

 

მოგეხსენებათ, ყოველ ოჯახს მიუკაკუნებს ხოლმე განსაცდელი და ჩემს ცხოვრებაშიც ბევრი ყოფილა ტკივილიანი დღე. 17 წლის წინ დედა გარდამეცვალა. პატრიარქს ეს უყურადღებოდ არ დაუტოვებია, ჯერ სამძიმრის დეპეშა გამომიგზავნა, თბილისში რომ დავბრუნდი, თავისთან მიხმო და ისე გაითავისა ჩემი მწუხარება, ტირილით გამოვედი მისი ოთახიდან. მას არც ჩემი ოჯახის წევრები ავიწყდება, ხშირად მოიკითხავს სახელებით, ჩემი ვაჟის, ქალიშვილისა და მეუღლისათვის სამკაულებიც გამოუტანებია. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს მათთვის პატრიარქის გამოგზავნილი საჩუქრები - სასოებით უფრთხილდებიან.

 

ბედნიერებაა პატრიარქთან ახლობლობა და უდიდესი პასუხისმგებლობაც. მზის სხივები ყველას ესაჭიროება, მაგრამ თუ ძალიან მიუახლოვდები მზეს - დაგწვავს. ამიტომ ვცდილობ, ზომიერება დავიცვა და ძალიან არ მივუახლოვდე. როცა მისი ლოცვა-კურთხევით საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე მუშაობა დავიწყე და საპატრიარქოს არქივში უნდა მემუშავა, გამაფრთხილა: - არქივში რომ შეხვალ, იქ შესაძლოა, ამღვრეული წყალიც ნახო, მაგრამ შენ კამკამა ნაკადულად უნდა აქციოო. თუმცა ეს არ ნიშნავს, სიმართლეს გადავუხვიო და ისტორია შევალამაზო. კარგად მესმის, რა პასუხისმგებლობაც დამეკისრა და არასოდეს მივცემ თავს უფლებას, ბოროტად ვისარგებლო იმ ნდობით და სიყვარულით, რაც პატრიარქისგან მოვიპოვე.

 

ახლახან, თავისი აღსაყდრების 38- წლისთავის აღნიშვნამდე ორი დღით ადრე, მის მიერ 2008 წელს დაარსებულ წმ. ანდრია­ პირველწოდებულის სახელობის საპატრი­არქოს უნივერსიტეტს ეწვია. ამავე დღეს მოხდა წარდგინება ჩემი წიგნისა - "მზიანი­ ღამის 38 წელი", რომელიც უწმინდესის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად გამოიცა... რამდენიმე წლის წინ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოაძევეს და ულუკმაპუროდ დატოვეს ცნობილი მეცნიერები. ამ უნივერსიტეტის გახსნით ჩვენმა პატრიარქმა ისინი მის ფრთებქვეშ შეიფარა და დაუბრუნა იმ წიაღს, რომელიც თავის დროზე კირიონ კათოლიკოსმა და ივანე ჯავახიშვილმა რწმენისა და მეცნიერების კელაპტრად აანთეს დედა უნივერსიტეტში.

 

ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს უწმინდესი ილია მეორე, რომელიც ყოველთვის გრძნობს ჩვენი ქვეყნის მაჯისცემას და მხრებით ატარებს ეკლესიის წარსულს, აწმყოსა და მომავალს."


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016