reportiori.ge - „გამიფრთხილდი, ხომ იცი, დიდხანს ვერ ვიცოცხლებ“ - გურამ რჩეულიშვილის დიდი სიყვარული და ახდენილი წინათგრძნობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:26
პრეს-დაიჯესტი
„გამიფრთხილდი, ხომ იცი, დიდხანს ვერ ვიცოცხლებ“ - გურამ რჩეულიშვილის დიდი სიყვარული და ახდენილი წინათგრძნობა
ავტორი:
06 იანვარი, 2016. 10:44


რომ არა ტრაგიკული შემთხვევა, დღეს გურამ რჩეულიშვილი 80 წლის იქნებოდა. 1934 წელს თბილისში დაიბადა. სწავლობდა პლეხანოვზე, მეცხრამეტე სკოლაში, შემდეგ - თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე. პირველი მოთხრობები 1957 წელს ჟურნალ „ცისკარში" გამოაქვეყნა. სამწერლო ასპარეზზე მოღვაწეობა სამიოდე წელი დასცალდა. 1960 წელს, 26 წლის ასაკში გაგრაში, დასახრჩობად განწირული ადამიანების ზღვიდან გამოყვანისას დაიღუპა.



სიკვდილამდე ერთი წლით ადრე შექმნილ ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში, „მე ახლა ოცდახუთი წლის ვარ", წერდა: „ჯერ ჩემი სიკვდილი შორს იყო, სიცოცხლე მინდოდა..."
გამუდმებით გრძნობდა სიკვდილის სიახლოვეს. აკი, უთხრა კიდეც თავის ბავშვობის მეგობარს და მისი სიკვდილის შემდეგ პირველ ბიოგრაფს ნუგზარ წერეთელს, - გამიფრთხილდი, ხომ იცი, დიდხანს ვერ ვიცოცხლებო:

 


„ზაფხულის ერთ ღამეს, როდესაც ზემელზე ვიდექით და ჩვენი მეგობრების გამოჩენას ველოდით, მითხრა: ოცდაათ წლამდე თუ ვიცოცხლე, რამდენი რამის გაკეთებას შევძლებო. ეს აზრი მის არტისტულ ბუნებას მივაწერე და ვუპასუხე, - შენ ყველა ჩვენგანზე მეტხანს იცოცხლებ-მეთქი. ჩემი დღიურებიდან შემდეგ აღვადგინე, რომ ეს საღამო 1959 წლის ზაფხულისა იყო. ერთი წელი, მხოლოდ ერთი წელი რჩებოდა გურამის დაკარგვამდე. ერთხელ, ისევ ზემელზე, ჩვენი შელაპარაკებისა და შერიგების შემდეგ მითხრა: „ბიჭო, გამიფრთხილდი, ხომ იცი, მე დიდხანს ვერ ვიცოცხლებ
". მაშინ ასეთი რამის დაჯერება მე კი არა, მის არც ერთ უახლოეს მეგობარს არ შეეძლო".

 

 

თითქოს გვარს ამართლებსო, გურამ რჩეულიშვილი მართლაც ყველასგან გამოირჩეოდა. ერთხანს რჩეულასაც ეძახდნენ. ძლიერი, ნებისყოფიანი, სპორტული, რისკიანი, მოსიყვარულე, გასაჭირში მყოფის დამხმარე და ჭირისუფალი... კარგად იცოდა ჯირითობა, ცურვა, კალათბურთი. დაუმარცხებელი იყო კრივსა და ჭიდაობაში.
ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი გურამ ასათიანი იხსენებს, რომ თავისი გარეგნობით გურამ რჩეულიშვილი საგრძნობლად გამოირჩეოდა ზედმიწევნით გამოწყობილი სხვა ახალგაზრდა თბილისელებისგან: 

 


„ფართოდ გაღეღილი, თითქმის შარვლის ქამრამდე ჩახსნილი პერანგის პირი, მოკლედ შეკრეჭილი თმა, ძლიერი, დაჟინებული გამოიხედვა. დიდი, უხეში, მძიმე ფეხსაცმელები თითქმის მიწისკენ ეზიდებოდნენ მის სხეულს და, ამავე დროს, მთელ მის არსებაში იგრძნობოდა რაღაც მოუსვენარი, ამტყდარი, თითქოს უეცარი ნახტომისთვის გამზადებული ძალა. ის პირველი შეხვედრისთანავე იწვევდა ინტერესს. თითქოს დაჟინებით მოითხოვდა ყურადღებას თავისი პიროვნებისადმი. როგორც ამბობენ, ახლო მეგობრებს ის გამორჩევით უყვარდათ და ხშირად უთმობდნენ მისი ძლიერი ხასიათის უჩვეულო გამოვლინებებს".

 

 

თუ ნაადრევად სიკვდილი ეწერა, ალბათ, ზუსტად ისე უნდა წასულიყო, როგორც წავიდა - სხვების გადასარჩენად ზღვაში შესული და სიკვდილთან მოთამაშე. 

 


გურამის ბავშვობის მეგობარი ნუგზარ წერეთელი წერს, რომ ადამიანების დახმარება გურამ რჩეულიშვილს სისხლში ჰქონდა გამჯდარი. შეუძლებელი იყო, მათხოვრისთვის გვერდით ჩაევლო და ფული არ მიეცა, თუნდაც ამის გამო მშიერი დარჩენილიყო: 

 


„გურამს ძალიან უყვარდა „ბათინკები", გიჟდებოდა. ერთხელ მშობლებმა ოცდაათი მანეთი მისცეს „ბათინკების" საყიდლად. ფეხით მივდივართ ვერიდან ორთაჭალაში, რუსთაველზე „ბათინკები" უნდა ვიყიდოთ. პირველი სკოლის წინ გრძელი უნივერმაღი იყო. უნივერმაღთან მათხოვარი ქალი იჯდა სამი ბავშვით. ოდნავ ჩავუარეთ და გურამი გაჩერდა. მერე უცებ მოტრიალდა - ეტყობა, გადაწყვიტა, დახმარებოდა, - ამოიღო ჯიბიდან ეს ოცდაათი მანეთი, რომელიც იმ დროს ძალიან დიდი ფული იყო და ქილაში ჩაუდო... კიდევ ექვსი თვე იარა დაკერებული ფეხსაცმელებით". 

 


და კიდევ:

 


„ერთხელ, მივდივართ ელბაქიძის დაღმართიდან პლეხანოვისკენ სასადილოში ხინკლის საჭმელად, ბუნებრივია, ლექციების შემდეგ. ვართ ძალიან მშივრები, სულ გვაქვს 25 მანეთი. შეამჩნია, რომ იქვე, კუთხეში, მოხუცი ქალი ზის და იქაც იგივე დაემართა. ეტყობა, ცუდად გახდა, ადამიანი ასეთ დღეში რომ დაინახა, ამოიღო მთელი ჩვენი ფული და მისცა..."

 

 

„მთებში დავდივარ - ალპინისტი არ ვარ. უნივერსიტეტში ვსწავლობ და როგორც დედა იტყვის, „სტუდენტის სახე არ მაქვს". ღვინოსვსვამ - ლოთი არა ვარ. გულუხვი ვარ - ფული არა მაქვს. ცარიელა გული ვის რათ უნდა?" - ამბობდა საკუთარ თავზე მწერალი. 





თანამედროვეთა მოგონებებიდან ირკვევა, რომ გურამის პირველი სიყვარული აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ულამაზესი სტუდენტი მზია ჩაჩავა იყო. მესამე კურსზე იყო, როცა თვალებციმციმა გოგონა დაინახა და თავდავიწყებით შეუყვარდა, მაგრამ მზიამ არჩევანი სხვაზე შეაჩერა. თავის მოგონებებში ნუგზარ წერეთელი წერს:



„მზია ჩაჩავა ძალიან ლამაზი და კარგი გოგო იყო, მაგრამ მაშინ ჩვენ  ცელქი, „აცვენილი" ბიჭები ვიყავით. ალბათ, მზიამ იფიქრა, ამას როგორ გავყვეო და გათხოვდა. ისე, მოხდა, რომ მზიას გათხოვების ამბავი სრულიად მოულოდნელად გავიგეთ. მზიას გურამისთვის ტიციან ტაბიძის წიგნი უთხოვებია. დილით ადრე ქალაქგარეთ მიდის და მანამდე უნდა მივუტანოო და დილის 6 საათზე, როცა ირიჟრაჟა, გურამი და მე უკვე ბაქრაძის ქუჩის კუთხეში ვიჯექით. მზია იქვე ახლოს ცხოვრობდა და უნდა ჩამოევლო. გახდა 11-12 საათი და მზია არ ჩანს. გურამმა მითხრა, - მიდი, ნახე და ჰკითხე, რა მოხდაო. ავედი და გავიგე, რომ მზია გათხოვდა. მახსოვს, ეს რომ ვუთხარი, გურამი როგორც ქაღალდი, ისე გათეთრდა, ეს გოგო მთელი ცხოვრება უყვარდა".



უიღბლო სიყვარულთან გამოთხოვების სამი წლის თავზე ახალგაზრდა მწერალს მეგობრის და მასავით ტრაგიკულად დაღუპული გურამ თიკანაძის და რუსუდანი შეუყვარდა. როგორც ჩანს, ამის გამო, ძალიან ნერვიულობდა და დანაშაულის გრძნობა სტანჯავდა, რადგან მეგობრის დასთან სასიყვარულო ურთიერთობა წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ რჩეულიშვილმა თიკანაძესთან შეხვედრა და ამ თემაზე დალაპარაკება გადაწყვიტა. 



ნუგზარ წერეთელი იხსენებს:
„გურამი სახლში დაგვხვდა, თავის ოთახში მიგვიპატიჟა. სასმელიც შემოიტანა. ცოტა ხანს ვისხედით, ვსაუბრობდით, საუბარი მაინც თითქოს დაძაბული და არაბუნებრივი გამოგვდიოდა. ამასობაში გურამმა დაძლია თავისი შინაგანი მღელვარება და დინჯად, ვაჟკაცურად უთხრა, რაშიც იყოს საქმე. გურამი ცოტა დაიბნა, ერთხანს ჩაფიქრებული და გაჩუმებული იჯდა - საერთოდ, ბევრი  ლაპარაკი არ უყვარდა. როგორც ჩანს, გურამის უშუალობამ და პირდაპირობამ მოინადირა მისი გული. მერე გურამმა გვთხოვა, სადმე ერთად ვივახშმოთო. რესტორან „თბილისში" შევედით. ეს რესტორანი იმ შორეულ წლებში თითქოს ყველაზე სახელგანთქმული იყო. შემოვუსხედით ყველა ჩვენგანისთვის, ალბათ, უჩვეულო სუფრას. თამადაც ავირჩიეთ. გურამ თიკანაძემ თქვა: ვნახოთ, რა იქნება, მომავალი გვიჩვენებსო... გვიან ღამით დავიშალეთ. გურამის გატაცება გრძელდებოდა... ორი წლის შემდეგ ნელ-ნელა დაშორდნენ. იმის გამო კი არა, რომ არ უყვარდა, იმდენი სამუშაო ჰქონდა, გრძნობდა, რომ ოჯახი ხელს შეუშლიდა წერაში. დღე და ღამ წერდა".



გურამ რჩეულიშვილის უკანასკნელი სიყვარული მისი მეუღლე და ერთადერთი შვილის დედა ირინა ბეგიშვილი გახდა. 


გურამის ტრაგიკულად დაღუპვის დროს ია მხოლოდ ათი თვის იყო. 
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1960 წლის აგვისტოში გაგრაში დასასვენებლად მყოფი რჩეულიშვილი დასახრჩობად განწირული რუსი ქალიშვილის გადარჩენას შეეწირა, თუმცა მისი ბიოგრაფის მონაყოლიდან ირკვევა, რომ გურამს რუსი ქალიშვილი სამშვიდობოს გამოყვანილი ჰყავდა და ზღვაში სამი მამაკაცის გადასარჩენად შებრუნდა.



„რუსი გოგონა უფრო ნაპირისკენ იყო და ის უცებ გამოაგდო. სამი კაცი იყო ამ დროს ზღვაში - ორი რუსი და ერთი ქართველი. დიდი ტალღა რომ წამოვიდა, გურამმა რაღაც მომენტში გაიძრო ტანსაცმელი და ტალღას შეჰყვა. შეეძლო გადარჩენა, მაგრამ სიკვდილს ეთამაშებოდა და ეგონა, გაიტანდა თავისას, როგორც ალავერდში. შეეძლო, ვერტმფრენი რომ მოვიდა და კიბე ჩამოუშვა, თვითონ ასულიყო, მაგრამ ჯერ ერთი აუშვა და მოეხმარა, მერე მეორე აიყვანა, მესამე და თვითონ რომ ავიდა, მაშინ გაწყდა თოკი. მე არ დავბერდებიო, ამბობდა და მართლაც არ დაბერდა. 26 წლის მარადიულ ჭაბუკად დარჩა".




გურამ რჩეულიშვილისთვის მიძღვნილ მოსაგონარში ზვიად გამსახურდია წერს:



„გურამ რჩეულიშვილზე ფიქრისას უფრო და უფრო მკვიდრდება ჩემში ერთი აზრი, რომელიც შეეხება ქართულ ხასიათს, ჩვენი ეროვნული ფსიქიკის ერთ თავისებურებას. „რა შობს მოყვასისთვის თავგანწირვას? სიყვარული, ყოვლისმომცველი, უსაზღვრო სიყვარული ადამიანისადმი. რა შობს თავისუფლებას? იგივე სიყვარული, ოღონდ სიყვარული უზენაესი ჭეშმარიტებისადმი. სად არიან ჩვენში მოწმენი უზენაესი ჭეშმარიტების სიყვარულისა? ესენი არიან გელათის აკადემიის აწ დახავსებული კედლები, ეს გახლავთ იყალთოს კიპარისების მისტიური სიჩუმე. სად არიან მოწმენი მოყვასისათვის თავგანწირვისა? ესენი გახლავთ ველები ანისისა, დიდგორისა, ბასიანისა, მანციკერტისა, მარაბდისა, კრწანისისა".



მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, რჩეულიშვილმა მოახერხა მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა - ექვსი ტომის მასალა დაეტოვებინა. მოთხრობები, პიესები, ნოველები, მინიატურები, ჩანახატები... 



გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ და რუსულ ენებზე. ამბობდნენ, რომ შემოქმედმა, რომლის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ეროტიკულ პოეზიასაც იხილავთ, დროს გაუსწრო:



„ჩემს გოგოს მაღალი წელი, ლამაზი ტუჩები, სავსე მკერდი აქვს, / აქვს სილამაზე და ის ჩემია, / აქვს სიყვარული და ის ჩემია, / აქვს ერთგულება და ის ჩემია, / ვარ კმაყოფილი, ვარ უდარდელი. / აქვს ყველაფერი და ის ჩემია. / და არ ვიცოდი მე - სიყვარული".



2002 წელს მწერლის უმცროსი დის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ მარინე რჩეულიშვილის ოცწლიანი მუშაობის შედეგად გამოიცა გურამ რჩეულიშვილის ექვსტომეული საარქივო გამოცემა, რომელსაც ჩვენს სინამდვილეში ანალოგი არ მოეძებნება.



„...ხშირად ვიყავი მისი ნაწარმოებების პირველი მკითხველი მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ავტოგრაფის იერსახე ჩემთვის ძალიან ნაცნობი და ახლობელი იყო, არქივზე მუშაობის დასაწყისიდანვე ისინი მოულოდნელად გამიუცხოვდნენ და მივხვდი, რომ მათ შესახებ არაფერი ვიცოდი. შეშინებულმა აღმოვაჩინე, რომ სრულიად მარტო დავრჩი ხელნაწერებთან, რომლებიც თითქოს რაღაც ამოუცნობი საიდუმლო მნიშვნელობით იყვნენ სავსენი. მათი გაგება ხშირად ჩემს ძალებს აღემატებოდა", - წერდა მარინე რჩეულიშვილი.



გურამ რჩეულიშვილის პირველი მოთხრობა 1956 წლის თებერვლით თარიღდება;
უკანასკნელი ლექსი კი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე დაწერა და დედას მიუძღვნა.

 

 

 

წყარო: funtime.ge, ნელი თორდია 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016