ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ და მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
"სამწუხაროდ, ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობა 1 იანვრისათვის კიდევ უფრო დამძიმდა და დღესაც იგივე მდგომარეობაა, კერძოდ, ლიმფური კვანძებისა და ფილტვების მეტასტაზური დაზიანების შედეგად მარჯვენა ფილტვიდან სისხლდენის ინტენსივობამ იმატა.
სამწუხაროდ, პაციენტის საერთო მდგომარეობიდან და თანმხლები დაავადებიდან გამომდინარე, მისთვის კონსერვატიული მკურნალობა ვერ ტარდება, შესაბამისად, არსებობს ლეტალური გამოსავლის უაღრესად დიდი რისკი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ მოეწვიათ ექიმთა კონსილიუმი, რომელიც გაიმართება დღეს, 16:00 საათზე.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს შექმნილ დამძიმებულ ვითარებაზე, კონსილიუმის ჩატარებას ხელს არ შეუშლის და ექიმებს მიეცემათ საშუალება შეასრულონ საკუთარი პროფესიული ვალდებულება.
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა გაჭიანურდა და იმედია, აღნიშნული არ ხდება ხელოვნურად, დროის გაყვანის მიზნით. ლეტალური (სასიკვდილო) შედეგის დადგომის შემთხვევაში დანიშნულ ექსპერტიზასაც აზრი ნამდვილად ეკარგება და პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა იმ ადამიანს, რომლის უმოქმედობამაც შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები", - ანათქვამია ადვოკატების განცხადებაში.
ტარიელ ფოცხვერია კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 2012 წლის ამნისტიის შედეგად გათავისუფლების შემდეგ, 12 დღეში კლინიკაში დააკავეს. ის ბოლო ორი წელია, მარდალეიშვილის სახელობის კლინიკაში იხდის. მას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.