"თუ ვისაუბრებთ ახალი მთავრობის პერსპექტივაზე, შეიძლება ამთავითვე ითქვას, რომ მათ დრო არ რჩებათ იმისთვის, რომ რადიკალური გარდაქმნები შეიტანონ ქვეყნის ცხოვრებაში უკეთესობისკენ", - ამ განცხადებას მწერალი რეზო მიშველაძე გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში აკეთებს:
„მე არ ვეკუთვნი იმ სკეპტიკოსთა რიცხვს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ვერაფერი გააკეთა და თითქოს ის ვერ ერკვეოდა თანამედროვეობის ურთულეს სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებში. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ნიჭიერი და თავმდაბალი კაცია და შეიძლება მისი თავმდაბლობის და მყარი მოქალაქეობრივი შეგნების დასტურია მისი ესოდენ იდუმალი გადადგომა.
რაც შეეხება ახალ პრემიერს, მას კარგად ახასიათებენ და თვითონაც თქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების კარგად დაწყებულ საქმეს გავაგრძელებო. ასე რომ, რაიმე რადიკალური დაპირისპირება ყოფილსა და ახლანდელ მთავრობას შორის არ იქნება, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს", - ამბობს მიშველაძე.
წყარო: რეზონანსი