სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში ქრისტიანულ რელიგიაზე იქადაგა და საზოგადოებას მათეს სახარება შეახსენა.
„როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. რა თქმა უნდა, მას უყვარს ძე შეცდომილიც, ოღონდ მონანული, მაგრამ სძულს ცოდვა. ქრისტე მკვეთრ ზღვარს ავლებს სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამბობს: "არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა" (მთ. 10.34).
გავიხსენოთ პავლე მოციქულიც: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს... ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი" (Iკორ. 6.9-10).
მათდამი ჩვენი სიყვარული იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ვეცადოთ, როგორმე დავანახოთ მათი ცდომილება. ერთი პიროვნების სწორ გზაზე დაყენებაც კი, კეთილისმყოფელის მრავალ დანაშაულს დაჰფარავს. თუმცა ამის მიღწევა ადვილი არ არის, მით უმეტეს დღეს, როდესაც ამპარტავნების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ადამიანი ვეღარ იტანს შენიშვნას."