„რწმენა და სასოება მხოლოდ ამქვეყნად არსებობს და ჩვენი მიწიერი ყოფისთვისაა აუცილებელი, ხოლო სიყვარული ჰგიეს უკუნისამდე" - ილია II, საშობაო ეპისტოლე 2016 წ.
„მე გეუბნებით თქვენ, გიყვარდეთ თქვენი მტერნი, დალოცეთ მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენს მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის, რათა იყოთ თქვენ შვილნი მამისა თქვენისა ზეციერისა" (მთ. 5.44-45).
ეს არის მანამდე არსმენილი და არგაგონილი სიტყვები, მანამდე არსად და არასდროს გაცხადებული სიმაღლე ღვთაებრივი სიყვარულისა.
ასეთი სიყვარულით აღსავსე იყო ჩვენი ხალხი საუკუნეთა მანძილზე. ამიტომაც, თავგანწირვით იცავდა იგი მოყვასს, სამშობლოსა და ჭეშმარიტ რწმენას და, ამავე დროს, სისხლით მორწყულ თავის მიწა-წყალზე სითბოს არ აკლებდა უცხოტომელთ", - ეს სიტყვებიც უწმინდესისა და უნეტარესის 2016 წლის საშობაო ეპისტოლედან არის.
იმედით ივსები, როცა ხედავ, რომ ერის მთავარი პრობლემა უტყუარად, შეულამაზებლად არის დანახული და შეფასებული და გამოსავალიც ზედმიწევნითაა განმარტებული. დანარჩენი ჩვენზეა - რამდენად გვეყოფა რწმენა და კეთილგონიერება, დავძლიოთ ამპარტავნება და თითოეული თანამემამულე ვაღიაროთ ჩვენი საერთო ოჯახის წევრად, დად და ძმად. რამდენად გვეყოფა რწმენა და კეთილგონიერება იმის გასაცნობიერებლად, რომ მხოლოდ ერთობით, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი, ჩვენი ქვეყანა ვაქციოთ იმ სახლად, სადაც ცხოვრება გახდება მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობა თითოეული მისი მკვიდრისთვის.
შექმნილი რეალობა მეტად მწარე და სავალალოა: ქვეყანა ორ მტრულ ბანაკადაა გაყოფილი, ბრძოლის იარაღად ყველაზე უმოწყალო და დამანგრეველი - სიძულვილი გამოიყენება და განთქმული ქართული ნიჭიერება „უშურველად" იხარჯება იმაში, ვინ უფრო „ოსტატურად" მოუკლავს გულს „მოწინააღმდეგეს", ვინ უფრო მაღალ ხარისხში ასწევს შეურაცხყოფის თამასას. თითქოს სრულიად დაგვავიწყდა, რომ ღირსება ხელშეუხებელია, რომ შეურაცხყოფას არავინ იმსახურებს („თქვენ შეგიძლიათ მომკლათ, მაგრამ უფლება არ გაქვთ შეურაცხმყოთ").
არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ბანაკს რამდენი „მეომარი" ჰყავს და ვინ ფლობს უპირატესობას. (ეს მხოლოდ პოლიტიკოსებისთვისაა საინტერესო, ისიც ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან თითო „მეომარი" თითო საარჩევნო ხმაა.) დამერწმუნეთ, თუ ქვეყანაში თანაცხოვრების გარემო არ შეიცვლება, ყველანი წაგებული დავრჩებით, „უმრავლესობაც" და „უმცირესობაც" - ამის გამოცდილება უხვად დავაგროვეთ უახლოეს წარსულში.
ბუნებრივად ჩნდება კითხვები: „როგორ დავიწყოთ", „ვინ უნდა დაიწყოს",..
დაკვირვებული ადამიანი, სურვილის შემთხვევაში, თუ სიმშვიდეს მოუხმობს და გონების თვალს უფრო მეტად დაძაბავს, აღნიშნულ კითხვებზე პასუხს მარტივად იპოვის: ჩვენი გასაკეთებელი საქმისა და ჩვენი პასუხისმგებლობის დიდი წილი უკვე აქვს აღებული თავის თავზე ჩვენ დიდ მასწავლებელს, უწმინდესსა და უნეტარესს. ის (ჩვენი ცოდვების სინანულით გათავისებითა და ლოცვით) მუდმივად გვეხმარება ბედის უკუღმართობით დაღდამჩნეულ ათწლეულებში დაგროვილი მრისხანებისა და ამპარტავნების დაძლევაში. გზა გაკვალულია, მაგრამ კარგად მესმის, რომ მისი გავლა მაინც არ იქნება ადვილი, რადგან უამრავი ცოდვა და დანაშაული ამძიმებს და აწვალებს ჩვენს მეხსიერებას, რადგან მიტევება მონანიების თანამდევია, როგორც წესი...
კაცმა რომ თქვას, წინამდებარე წერილში მიტევება-პატიებებზე, როგორც პანაცეაზე არც არის საუბარი, თანაც კომპრომისსაც აქვს თავისი გონივრული საზღვრები. ვფიქრობ, ერთი ქვეყნის შვილების ერთობის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოწინააღმდეგეს (თუნდაც დამნაშავეს) და სხვაგვარად მოაზროვნეს მტრად არ უნდა განიხილავდე და მის ფიზიკურ და სულიერ განადგურებას არ უნდა ესწრაფვოდე. არადა, საქმე იქამდეა მისული, რომ ზემოხსენებული ბანაკების წარმომადგენლები, მუდმივად, კონფლიქტის საბაბის ძიებაში არიან. თითოეულმა გულში ჩავიხედოთ და ვაღიაროთ, რამდენჯერ გავმხდარვართ ცარიელ ადგილზე ვულკანების ფრქვევის მოწმე ან მონაწილე.
ერთმა ასეთმა შემთხვევამ, სულ ახლახან, შავი ჩრდილივით გადაუარა შობა-ახალი წლის დღეების სადღესასწაულო განწყობას:
რატი ამაღლობელი პოეტია (ბევრია მოლექსე, არც თუ ბევრი - პოეტი), რაც იმას ნიშნავს, რომ იგი კარგად ფლობს სიტყვით (შინაარსითა და ფორმით) განცდის გადმოცემის ხელოვნებას. რომ არა ორი მხრიდან ჩასაფრებულთა აპრიორი განწყობები სხვადასხვა თემებისა და პიროვნებების მიმართ, რატი ამაღლობელის სკანდალურად(?) ქცეული ლექსი პოეზიის მოყვარულთა განხილვის საგანი იქნებოდა მხოლოდ. უნდა ითქვას, განხილვას ის ნამდვილად იმსახურებს. მაგრამ, მანამდე ძირითად სათქმელს პირდაპირ ვიტყვი: კონკრეტული ტრაგიკული ფაქტით შეძრულმა პოეტმა, (ლექსისთვის უმნიშვნელოა ადამიანი გაიყინა, თუ ინფარქტმა იმსხვერპლა), მისი ტკივილის ყველაზე დიდ გამზიარებლად და გარდაცვლილის მთავარ ჭირისუფლად რომ პატრიარქი მიიჩნია, განა შეიძლება იყოს ვინმეს (თუ „კარგი გამგონე" ხარ) უკმაყოფილების საფუძველი?
იოტისოდენა მიზეზიც არ არსებობს იმისა, რომ ლექსის სტრიქონებს შორის ირონიის ნიშნები ვეძებოთ. მითუმეტეს, წარმოუდგენელია იმის გაფიქრებაც კი, რომ პოეტის სურვილია, მიწისქვეშა გადასასვლელში წაქცეული მოყვასის ადგილას პატრიარქი იხილოს. ეს ყველაფერი გაღიზიანებული (ხშირ შემთხვევაში ცხოვრების უსამართლობის გამო სამართლიანად გაღიზიანებული) ადამიანების რეაქციებია იმ სიძულვილით გაჯერებულ გამოხდომებზე, რაც სისტემატურად, გეგმაზომიერად მოედინება ეკლესიისმოძულეთა მხრიდან. ყველას კარგად გვახსოვს, აღნიშნული ტრაგედიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მავანმა ავადმოუბარმა ასეთი გაგრძელება მოარგო - „პატრიარქი კი არის თბილად..." ნამდვილად აღმაშფოთებელი დამოკიდებულებაა, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები მივიღოთ, დაუფიქრებლად ვიმოქმედოთ.
ლექსის შინაარსთან დაკავშირებით ეჭვები რომ სრულად გავაქარწყლო, სათქმელს ოდნავ განვავრცობ: ჩვენ პატრიარქს, ჩვენ უწმინდესსა და უნეტარესს, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თავისი მაღალი პასუხისმგებლობისადმი, ერის სულიერი მამის პასუხისმგებლობისადმი მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მჯერა, უწყვეტი და უსასრულო განცდებისა და ზრუნვის პირობებში უწევს ცხოვრება. ჩვენი ყველა ტკივილი მისი ტკივილია, ჩვენი გაჭირვება მისი გაჭირვებაა, ჩვენი ტრაგედია მისი ტრაგედიაა და (ღმერთმა ყველას აშოროს) როგორც მშობელს კლავს შვილის გარდაცვალება, ისეა მისთვის სამწყსოს თითოეული წევრის გამოკლება, მათ შორის, მიწისქვეშა გადასასვლელში გარდაცვლილი ადამიანის. სწორედ ეს ამოვიკითხე „პიეტაში".
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო პოეტის გულწრფელობაში, როცა ის ამბობს - „მე მიყვარს პატრიარქი". მიხარია და ვუერთებ მას ჩემ განწყობას - მე მიყვარს პატრიარქი და მის გვერდით თავს მშვიდად და იმედიანად ვგრძნობ... მაგრამ შექმნილ ვითარებაში ეს არ არის მთავარი. მთავარია, რა შემიძლია გავაკეთო მე, როგორც ერთმა ადამიანმა, როგორც მოყვასმა, „ენით დაკოდილი" (თუნდაც უნებლიედ, თუნდაც გარემოებათა გამო), ჩემი შვილის ასაკის რატი ამაღლობელისთვის?.. ალბათ, მხოლოდ ეს:
ბატონო რატი, გულში წყენას ნუ ჩაიდებთ იმათ გამო, ვინც თქვენი ლექსი პატრიარქზე თავდასხმად აღიქვა. ნურც იმ წყენას დააჩაგვრინებთ თავს, მავანმა და მავანმა სრულიად უსაგნო კამათი ეკლესიისა და პატრიარქისადმი სიძულვილის მორიგი ტალღის ასაგორებლად რომ გამოიყენა. მისი უწმინდესობა საზოგადოების ამ ნაწილისთვის ყველაზე გულმხურვალედ ლოცულობს.
მეც მაპატიეთ, რომ დიდხანს ვერ გამოვედი შორიდან მაყურებლის როლიდან და წერილი დავაგვიანე.
ბიძინა დვალი
08.01.2016