„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ დღეს შეტევა მიდის პატრიარქსა და ეკლესიაზე. მისი განმარტებით, ისეთი თემებისგან აგორებენ სკანდალს, რომ ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სწორედ ამიტომ იღებს ფულს. განცხადებას მჟავანაძე „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აკეთებს:
„რატი ამაღლობელს ,საზოგადოებრივ მაუწყებელზე რაღაც გადაცემა მიჰყავს. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენს მიერ გადახდილი ფულით ფინანსდება. მე, როგორც მართლმადიდებელს, არ მინდა, რომ უწმინდესის მგმობელს ჩემი ჯიბიდან გადავუხადო ხელფასი. რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტი ეკა მიშველაძე იმიტომ გაუშვეს საზმაუწყებლიდან, რომ მისი ქმარი პოლიტიკოსი იყო. წესით, აღარც ამაღლობელი უნდა გააჩერონ იქ, რომელიც ჩვენს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფას აყენებს.
რა ვქნათ, გავჩუმდეთ და ვუყუროთ, როგორ ლანძღავს პატრიარქს? სხვების მსგავსად, მასაც არ შეუძლია რაიმე ღირებული ნაწარმოების შექმნა და ასეთი სულმდაბლური ლექსებით უნდა თავის დამკვიდრება. მერე მიხვდა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა უწმინდესს და თავის მართლება დაიწყო, ეს მხოლოდ ლექსიაო. პატრიარქი კი არ გაიყინა, რატი ამაღლობელს აქვს გაყინული ტვინი და გული. ადამიანს მართლა გაყინული უნდა გქონდეს გული, რომ 83 წლის პატრიარქს თავის დაბადების დღეზე ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო. ამდენს რომ ლაპარაკობენ, წარმოდგენა აქვთ მის ღვაწლზე საერთოდ?
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის შაბათკვირას თავად აღავლენს წირვალოცვას. არადა, მას ჯანმრთელობა სერიოზულად აქვს შერყეული. ლიბერასტებს შევახსენებ, რომ მართლმადიდებლურ ქვეყნებში პატრიარქები თავად წირვას ძირითადად არ ატარებენ. ასეთი რამ მხოლოდ დღესასწაულებში ხდება.
ასეთ განცხადებებზე, დიახაც, უნდა გვქონდეს რეაქცია. ეს ჩვენი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. ჩვენს წინაპრებს ასე რომ ეფიქრათ, 100.000 მოწამე არ გვეყოლებოდა. ისინიც იტყოდნენ, გადავაბიჯებთ ღვთისმშობლის ხატს და ამით ხომ არაფერი დაშავდებაო. ეს ლიბერასტები ხატებსაც გადაუვლიდნენ და ეკლესიებსაც დაარბევდნენ", აცხადებს მჟავანაძე.
წყარო: ახალი თაობა