ბუტა რობაქიძის საქმის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიმდინარე სხდომაზე პროკურორებს მიმართა. მისი თქმით, ცრუობს თუ არა მოწმე, ამის გამოძიება პროკურატურის პრეროგატივაა.
კერძოდ, საუბარია რობაქიძის მკვლელობის ადგილას ჩხრეკის ოქმზე, რომელზეც კრიმუნალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მოწმე ელიზბარ ჩიკვაიძე ჯერ აცხადებდა, რომ ხელი არ მოუწერია, მას შემდეგ რაც მას ბრალდებულებმა ოქმზე ხელმოწერა აჩვენეს, განაცხადა, რომ შესაძლოა მოაწერა.
ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს ხელმოწერაა გაყალბებული თუ მოწმე ცრუობს. ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი ფირცხალავამ მოწმის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.
მოწმე ელიზბარ ჩიკვაიძემ, რომელიც თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო, განაცხადა, რომ მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში მონაწილეობა არ მიუღია.
„არავის უთქვამს ჩემთვის, როდესაც მანქანას ვათვალიერებდი, რომ ავტომანქანაში მსხდომების მხრიდან მოხდა ცეცხლის გახსნა. ალექსანდრე გვაზავამ მითხრა, პატრულის თანამშრომელს შემთხვევით გაუვარდა იარაღიო და იარაღი უნდა ჩავყაროთ დონაძის დავალებით, რომ არ მოხდეს პატრულის დისკრედიტაციაო. მე ეს არ გავაკეთე და იქედან წავედი", - განაცხადა მოწმემ.