reportiori.ge - ითვლება თუ არა ნასამართლევად ამნისტირებული ან შეწყალებული პირი, თუ შესაბამის აქტში ამის შესახებ მითითება არ არის?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:43
სამართალი
ითვლება თუ არა ნასამართლევად ამნისტირებული ან შეწყალებული პირი, თუ შესაბამის აქტში ამის შესახებ მითითება არ არის?
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 18:32



„ითვლება თუ არა ნასამართლევად ამნისტირებული ან შეწყალებული პირი, თუ შესაბამის აქტში ამის შესახებ მითითება არ არის?" -  ამ საკითხთან დაკავშირებით „ადვოკატთა ალიანსის" თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს, რომელიც ორგანიზაციის პრეს-სამსახურმა „რეპორტიორს" მიაწოდა, უცვლელად გთავაზობთ:



„ბოლო პერიოდში იურისტებს შორის გახშირდა კამათი, ითვლება თუ არა ნასამართლევად ამნისტირებული ან შეწყალებული პირი, თუ შესაბამის აქტში ამის შესახებ მითითება არ არის.

 

 

გვინდა განმარტება წარვუდგინოთ იურიდიულ საზოგადოებას და მოქალაქეებს:  

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ-ის) 79-ე მუხლის მე-2 ნაწილში გარკვევით წერია, რომ სასჯელისგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ. შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამნისტიამ გაათავისუფლა პირი სასჯელისაგან, იგი ნასამართლობის არმქონეა, დანარჩენ შემთხვევებში ნასამართლობის არქონას სჭირდება სსკ-ის 77-ე (ამნისტია) და 78-ე (შეწყალება) მუხლების ||| ნაწილებით გათვალისწინებული შესაბამისი ჩანაწერი, რომ პირს მოეხსნა ნასამართლობა.

 

 

რაც შეეხება საკითხს, იგივე რეგულაცია ვრცელდება თუ არა შეწყალებულ პირზე, პასუხია - არა, ვინაიდან პრეზიდენტს არ აქვს უფლება სასჯელისგან გაათავისუფლოს პირი. იგი შეწყალებისას მსჯავრდებულს ათავისუფლებს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. არ შეიძლება ეს ორი ტერმინი - „სასჯელისგან გათავისუფლება" და „სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლება" გავაიგივოთ და ერთმანეთში ავურიოთ, რაც საბოოლო ჯამში შეცდომამდე მიგვიყვანს.

 

 

ზოგიერთი იურისტი პირიქით, არა თუ შეწყალებულ, არამედ ამნისტიით სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირსაც ნასამართლევად მიიჩნევს, თუ იმავე აქტით მას ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი. დავუშვათ მართალია მოსაზრება, რომ სასჯელისგან სრულად გათავისუფლებულიც (ამნისტიით) ნასამართლევია - წარმოიდგინეთ შემთხვევა, როდესაც, ვთქვათ, პირი თავისუფლებააღკვეთილი იყო რომელიმე დანაშაულისათვის. ამნისტიამ იგი გაათავისუფლა სასჯელისაგან (აქ საუბარი არ არის სასჯელის შემცირებისა და შეცვლის შემთხვევებზე). ამის შემდეგ კვლავ დააკავეს ანალოგიურ დანაშაულზე და ბრალად  უყენებენ  შესაბამისი მუხლის არაერთგზისობას. ანუ, ამ შემთხვევაში პირი ნასამართლევად „ითვლება", უმძიმდება კვალიფიკაცია და არაერთგზისობას უყენებენ სასჯელის ნაწილში სრულად ამნისტირებული მუხლის გამო. რეალურად, სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი, ნებისმიერ შემთხვევაში, ნასამართლევად არ ითვლება, ეს ცალსახად და იმპერატიულად არის მითითებული სსკ-ის 79-ე მუხლის მეორე ნაწილში.

 

 

შესაბამისად, კანონში ეს ჩანაწერი მიზანმიმართულად სწორად არის მითითებული, თუმცა თვითონ კანონს აქვს სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რაც საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან მოითხოვს რეაგირებას, მაგალითად:

 

 

თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 269-ე მუხლში ტერმინი „სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება" რიგ შემთხვევებში არ შეიცვალა ,,სასჯელისაგან გათავისუფლებით'', (მაგ. როდესაც საუბარია ახალი კანონის მიერ ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმების შემთხვევაზე), ჩნდება ინტერპრეტირების საშუალება, რომ პროცესის მწარმოებელმა ასეთ შემთხვევაშიც კი პირი მიიჩნიოს ნასამართლევად, რადგან სსკ-ის 79-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს სასჯელისაგან გათავისუფლებული პირის და არა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებული პირის ნასამართლობის არქონას. ტერმინთა არასწორად გაიგივების გამო წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილი (...„მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან“...) და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტი (,,გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.'')

 

 

კიდევ ერთი კანონისმიერი პარადოქსი (სსკ. 79-ე მუხლი) - თუ თავისუფლებააღკვეთილი პირი მთლიანად გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, იგი ნასამართლევი იქნება მომდევნო 3, 6, ან 8 წლის განმავლობაში (გაქარწყლების შესაბამისი ვადით, დანაშაულის კატეგორიების შესაბამისად), ხოლო თუ მის მიმართ სახელმწიფო ცოტა უფრო მკაცრი იქნება და მთლიანად გათავისუფლების ნაცვლად თავისუფლების აღკვეთას შეუცვლის უფრო მსუბუქი სასჯელით, პირი შესაძლებელია ნასამართლევად ჩაითვალოს შეცვლილი მსუბუქი სასჯელის მოხდიდან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. დამეთანხმებით, რომ აქ სამართლიანობის პრინციპი მთლიანად უგულვებელყოფილია.

 

 

მიგვაჩნია, რომ თუ ეს საკითხები მოექცევა სამართლიანი ნორმებით მხარდაჭერილი ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩარჩოებში, მოქალაქეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვა გაცილებით მაღალი ხარისხით იქნება უზრუნველყოფილი", - ნათქვამია მამუკა მდინარაძის განცხადებაში.







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016