reportiori.ge - მოსკოვი თურქეთისგან 26000 კვ.კმ ტერიტორიას ითხოვდა, აქედან 5500 საქართველოს მიუერთდებოდა, დანარჩენი სომხეთს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:38
პრეს-დაიჯესტი
მოსკოვი თურქეთისგან 26000 კვ.კმ ტერიტორიას ითხოვდა, აქედან 5500 საქართველოს მიუერთდებოდა, დანარჩენი სომხეთს...
ავტორი:
13 იანვარი, 2016. 12:47


რუსეთ-თურქეთის ამჟამინდელი ურთიერთობის გამწვავების ფონზე, სომხურ პრესაში იხსენებენ თითქმის 50 წლის წინ მომხდარ მოვლენებს, რომლებშიც საბჭოთა კავშირ-თურქეთის მაშინდელ ურთიერთობებია ასახული: როგორ და რატომ წაუყენა მოსკოვმა ტერიტორიული პრეტენზიები ანკარას და რა შედეგი მოჰყვა ამ ქმედებას.



1945 წელს, საბჭოთა კავშირმა იმ მოტივით, რომ თითქოსდა ნეიტრალური თურქეთი, მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტურ გერმანიას ეხმარებოდა. 1925 წელს ხელმოწერილი მეგობრობისა და ნეიტრალიტეტის ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა (ანუ მისი დენონსაცია მოახდინა).


საბჭოთა კავშირის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა სახკომმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა ახალი ხელშეკრულების ტექსტი (პროექტი) განსახილველად თურქეთის ელჩს მოსკოვში, სელიმ სარფერს, 1945 წლის 7 ივნისს გადასცა და თან განუცხადა, რომ „კრემლი ეჭვქვეშ აყენებს მოსკოვში 1921 წლის 16 მარტს ხელმოწერილ რუსეთ-თურქეთს და ყარსში, 1921 წლის 13 ოქტომბერს ხელმოწერილ თურქეთ-ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებების პირობებს, რომელთა თანახმად, საქართველოს სსრ-სა და სომხეთის სსრ-ს ისტორიული მიწა-წყალი თურქეთს უსამართლოდ გადაეცა".


ეს საკითხი, 1945 წლის ზაფხულში საბჭოთა დელეგაციამ მოკავშირეთა ლიდერების ბერლინის (პოტსდამის) კონფრენციაზეც დააყენა: „ამიერკავკასიის ხალხები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ფაშისტური გერმანიის განადგურებასა და ცივილიზებული ევროპის ბარბაროსებისაგან გათავისუფლებაში, დღეს თავიანთი კანონიერი უფლების რეალიზებას ითხოვენ", - განაცხადა ვიაჩესლავ მოლოტოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის სურვილია ბოსფორ-დარდანელის სრუტეების რაიონში საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ბაზა დაფუძნდესო.


მოსკოვი გეგმავდა თურქებისაგან 26 ათას კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას მიღებას, რომლიდანაც 20,5 ათასი კვ.კმ. სომხეთს მიუერთდებოდა, დანარჩენი კი - საქართველოს. ამასთან, რადგანაც საკითხი  საბჭოთა კავშირ-თურქეთის ორმხრივი მოლაპარაკებით შეიძლება მოგვარებულიყო, ის პოტსდამის კონფერენციის დადგენილებაში არ ასახულა.


ამასობაში საბჭოთა კავშირში დაიწყო პროპაგანდისტული კამპანია „ქვემოდან" და რამდენადაც მთავარ მამოძრავებელ ძალას საქართველო და სომხეთი წარმოადგენდნენ, კონკრეტული პრეტენზიების შემუშავებაც ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელებს დაავალეს.


შესაბამისად, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრებმა საჭირო ისტორიულ-სამართლებრივი დოკუმენტები მოამზადეს, დაიწერა სტატიები საკავშირო და რესპუბლიკურ პრესაში. ამ პრეტენზიებისათვის უფრო მეტი მნიშვნელობის მისაცემად საბჭოთა კავშირმა დაიწყო უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრები სომხების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების (რეპატრიაციის) პროპაგანდაც.


გათვლა საკმაოდ მარტივი იყო: „აი, ხედავთ, სომხებს საკუთარ სამშობლოში დაბრუნება სურთ, ტერიტორია კი იმდენად მცირეა, რომ ისინი ვერ ეტევიან, ამიტომაც თურქეთმა სომხეთს ისტორიული მიწები უნდა დაუბრუნოსო".


თავდაპირველად, რეპატრიაცია დასავლეთის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მაღალი ტემპებით ხორციელდებოდა, მაგრამ შემდეგ შენელდა. საქმე იმაში იყო, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი საელჩოების მეშვეობით სომხურ დიასპორებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა, რომ საბჭოთა პროპაგანდას არ აჰყოლოდნენ... პროცესში ჩაერთო „სამოქალაქო საზოგადოებაც" - სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გევორქ მეექვსემ წერილები გაუგზავნა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს დახმარებოდნენ სომხური მიწების დაბრუნებასა და ამ მიწებზე რეპატრიანტ სომეხთა ჩასახლებაში.


თუმცა, საბოლოო ჯამში, სომეხთა იმედებს განხორციელება არ ეწერა - დაიწყო „ცივი ომი": ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთის მტრები გახდნენ, ხოლო თურქეთის ინტერესების დაცვა დასავლეთმა იკისრა...



წყარო: http://nv.am/mir-i-mi/47492-26-



მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ



წყარო: geworld.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016