წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 14 იანვარს, იესო ქრისტეს წინადაცვეთის დღეს აღნიშნავს.
წმინდა სახარების მიხედვით, 8 დღის ჩვილი იესო მშობლებმა ტაძარში მიიყვანეს, სადაც ებრაული ტრადიციისამებრ წინადაცვეთის წესი შესრულდა და ყრმას, ანგელოზის მიერ ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას დარქმეული სახელი იესო ეწოდა, რაც „მაცხოვარს" ნიშნავს.
წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მიგვანიშნებს, რომ რვა დღის ბავშვი არა მოჩვენებითი, არამედ რეალური ხორცით წინადაიცვითა მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისათვის უფლის მიერ მიცემული აღთქმის მოსაგონებლად: „რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე" (დაბ. 17,12). მას შემდეგ ყველა ებრაელი მამაკაცი აღასრულებს ამ წესს. ის კი არა, აბრაამის პირველი შვილის, ისმაელის გამო, რომელიც მამამ ისააკთან ერთად 13 წლისა წინადაცვითა, მისი შთამომავალნიც - არაბები წინადაიცვითებიან, თუმცაღა, ებრაელთაგან განსხვავებით, 13 წლიდან.
შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც - თვით სჯულის შემოქ-მედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რათა ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა. უფალმა წინადაიცვითა და ამით დაადასტურა, რომ ჭეშმარიტად შეისხა ხორცი. ამ წესის აღსრულებისას დაერქვა იესო - სახელი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს აუწყა მთავარანგელოზმა მის ჩასახვამდე („იესო" სწორედ „მაცხოვარს" ნიშნავს და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა): „როგორც კი რვა დღე შესრულდა მის წინადასაცვეთად, დაარქვეს მას სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე" (ლკ. 1,21).
ამჟამად წინადაცვეთა ეწინააღმდეგება წმინდა ნათლისღებას, რადგან წინადაცვეთილი მოვალეა დაიცვას მოსეს რჯული, უფალმა კი წინადაიცვითა სწორედ იმიტომ, რომ დასრულებულიყო რჯული. მან დაიცვა აგრეთვე მთელი სჯული და შაბათი, რომ დაესრულებინა და გაეჩერებინა რჯული, მაგრამ როდესაც ნათელიღო და სულიწმინდა მტრედის სახით გამოუჩნდა ადამიანებს, ქვედაეშვა რა მასზე, ამის შემდეგ უკვე სულიერი მსახურება და მოღვაწეობა და ცათა სასუფეველი იქადაგა.
ცნობები, აღმოსავლეთის ეკლესიაში წინადაცვეთის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. დღესასწაულის კანონი ღირსმა სტეფანე საბაიტელმა შექმნა.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა