reportiori.ge - როგორ სცეს პატივი ავღანელმა მოჯაჰედებმა გურჯი გიორგის საფლავზე მისულ მოსისხლე მტერს - ქართველ გენერალს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:03
პრეს-დაიჯესტი
როგორ სცეს პატივი ავღანელმა მოჯაჰედებმა გურჯი გიორგის საფლავზე მისულ მოსისხლე მტერს - ქართველ გენერალს
ავტორი:
14 იანვარი, 2016. 17:03



თენგიზ ეპიტაშვილი - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გენერალ-მაიორი, სამხედრო მეცნიერი და აკადემიკოსი 1977-1983 წლებში ავღანეთში იმყოფებოდა და „ინტერნაციონალურ" ვალს იხდიდა. ის აქტიურად მონაწილეობდა ამ ქვეყნის ორი მთავრობის დამხობაში.


ნაწყვეტი, რომელსაც შემოგთავაზებთ წიგნიდან: „მე - გენერალი ეპიტაშვილი", მისი მოგონებებია ავღანეთში გატარებული წლების შესახებ.


საოცარი ქვეყანაა ავღანეთი. ის თავისი დიდი ისტორიული ტრადიციებითა და გეოპოლიტიკური მდებარეობით, დღესაც ანდამატივით იზიდავს ყველა ჯურის დამპყრობელს. თუმცა, ყველა მათგანმა შესანიშნავად იცის, რომ „დანაღმული უდაბნოს" თავისუფლებისმოყვარე ხალხის დამორჩილება, უბრალო საქმე სულაც არაა. ეს რომ ასეა, გავიხსენოთ სპარსელები, ბრიტანელები და რუსები... მათ ხომ ეს ჩანაფიქრი სამარცხვინოდ დაასრულეს. ვინც მის ისტორიულ ბრძოლებში სახელი გაითქვა, ეს სპარსეთის დროშის ქვეშ მებრძოლი ქართველებიც იყვნენ, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში მიერეკებოდა „ტლანქი ძალა" იმ შორეულ უდაბნოში.


მე, გენერალ თენგიზ ეპიტაშვილს, მომიწია „იმ ისტორიასთან შეხვედრა", ანუ ჩემი დიდი წინაპრების ნაკვალევზე გავლა... პაკისტანის საზღვრიდან ავღანეთის მეორე დიდ ქალაქ ყანდაგარამდე 900 კილომეტრია. ქალაქამდე რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, უცნაური, მსოფლიოში უმაგალითო ძეგლი დგას. ეს არის მარმარილოს უზარმაზარი, ძველთაძველი სვეტი, რომელსაც ამშვენებს ასევე, უმაგალითო წარწერა: „მგზავრო, წამით შეჩერდი და იცოდე - ავღანეთის დაპყრობას ბევრი ეცადა, მაგრამ, საბოლოოდ ვერავინ დაიპყრო დღემდე, ალაჰის ნებით! მხოლოდ, სამმა სარდალმა შეძლო ავღანეთის მამაცი მხედრობის დამარცხება..." რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, იქვე ახლოს, ამ სამი დამპყრობლის სიმბოლური საფლავებია. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ავღანელები გასაოცარ პატივს მიაგებენ „ღირსეულ მტერთა" საფლავებს. რასაკვირველია, დიდი ხანია, ჩაიარა ისკანდერის „ატეხილმა გრიგალმა", დრომ ულმობლად წაშალა მათი ცხენების ნაფლოქვარი, მაგრამ ძლიერი მტრის ხსოვნა მაინც დარჩა წერა-კითხვის უცოდინარ ავღანელთა გონებაში. ისინი თაობებს გადასცემდნენ ტყუილს თუ მართალს, იმის შესახებ, რომ ავღანეთის აურაცხელ მტერთაგან, სწორედ ამ სამმა ვაჟკაცმა უბრძანა თავის ჯარს: გაეთავისუფლებინათ ტყვეები, ხელი არ ეხლოთ ქალ-ბავშვთა და მოხუცთათვის. ისე აეკრიფათ ალაფი, რომ ოჯახისათვის უკანასკნელი ლუკმა არ წაერთმიათ. მაინც ვინ არის ამ ავღანურ უზარმაზარ „სტელაზე" გამოსახული სამი დაუმარცხებელი სარდალი? ესენი არიან: ალექსანდრე მაკედონელი, ჩინგიზ ხანი და... გურჯი გიორგი!


ვინ არის გურჯი გიორგი, ასეთ პატივს რომ მიაგებენ ავღანელები? იგი გვირგვინოსანი მეფე, ვახტანგ მეხუთეს ძე, გურგენ-ხანად წოდებული ქართლისა და ირანის სპასალარი, ყანდაგარის ბეგლარბეგი, გირიშკის ბატონი გიორგი მეთერთმეტეა. ამ სვედანავსულ ქართლის მეფეს ბედმა და გარემოებამ არ დააცადა, თავისი ნიჭი და ძალა სამშობლოს ხსნისთვის გამოეყენებინა და იძულებული გახდა, დამმონებლის - სპარსეთის მთავარსარდლობა მიეღო. ირანის მბრძანებელმა, შაჰ-სულთან ჰუსეინმა ქართლის ნომინალურ მეფეს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვა და ბოლოს აიძულა, ისლამიც მიეღო. გიორგი მეთერთმეტე მრავალმხრივი მოღვაწე და ძლიერი პიროვნება იყო, მამაცი და განათლებული, დიდი მოურავის რანგის, რომელმაც მაჰმადიანობა მხოლოდ მტრის თვალის ასახვევად მიიღო. გულზე კი, მასაც ქრისტეს ჯვარი ეკიდა. ყაენმა მას ირანის სამხრეთ პროვინცია - ქირმანი ჩააბარა და დაავალა, აჯანყებული მომთაბარე ტომების, ბელუჯებისა და ავღანელების წინააღმდეგ ბრძოლა ბელუჯისტანის მხარეში.


ქართლის მეფემ მთელი 13-14 წელი გაატარა უცხო ქვეყნის ცის ქვეშ და ისე აღესრულა, სამშობლო მიწის ხილვა მაინც ვერ შეძლო. იქვე, ყანდაგარში ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. ეს მოხდა 1709 წელს...


გიორგი მეთერთმეტე ვერაგულად მოაკვლევინა ყანდაგარის მირ-ვეისმა, რომელმაც მას მკერდზე ჩამოკიდებული ჯვარი ახსნა და როგორც ორგულობის საბუთი, ისპაჰანში შაჰს გაუგზავნა. ისტორიამ შემოინახა ისიც, რომ თურმე, ავღანელების ბელადი ძალზე აფასებდა გიორგი მეთერთმეტეს. როდესაც ის ვერაგულად მოკლა, თანამემამულეებს ასე მიმართა: „ის იყო ერთადერთი კაცი, რომელმაც ღირსეულად დაიმსახურა მეომრის სახელი... ირანელთა შორის". ასეთი კაცი შეეწირა შაჰის პატივმოყვარეობას და ავღანელთა ტომების დამორჩილებას.


რატომ ვიხსენებ ამ ამბავს? ყანდაგარი ავღანეთის სამხრეთით დასახლებული უმსხვილესი პუნქტია, იმავდროულად - ყველაზე „ცხელი წერტილიც", ყველაზე დიდი უბედურებებიც სწორედ აქ ხდებოდა. კრემლს შოკში აგდებდა ყანდაგარში განვითარებული მოვლენები, ყველანი მოელოდნენ, რომ მოჯაჰედები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავდნენ თავიანთ „მექას", მაგრამ ასე არ მოხდა. ავღანეთის ომის დროს დიდხანს ვიბრძოდი ყანდაგარის ჭიშკართან. მოწინააღმდეგეც შესაფერისი მყავდა - მოლა მოჰამედ ომარი - სოფლის მოლა, რომელიც მოგვიანებით, მრისხანე საველე მეთაური გახდა. ის ყანდაგარის მეზობელი სოფლიდან იყო. 10 წელიწადს გვეომებოდა, მანამ, სანამ „დანაღმულ უდაბნოში, " საბჭოთა ჯარების შეზღუდული კონტინგენტის ნაწილები იდგნენ. ომარის ხელმძღვანელობით მოჯაჰედები გააფთრებულები გვებრძოდნენ. თითქმის ყველა აული, ყველა სახლი ციხე-სიმაგრედ იყო გადაქცეული.


ჩემს გაოცებას დღესაც იწვევს ის, რომ ამ სამხედროწვრთნაგაუვლელ, ფეხშიშველა ხალხს საიდან ჰქონდა ამხელა გამოცდილება და გამჭრიახობა - სადაც არ ველოდით, სწორედ იქ გვესხმოდნენ თავს. ერთს ჩათვლემდა ჩვენი „პატრული" თუ არა, მაშინვე უხსენებელივით ამოძვრებოდნენ მიწიდან და... პირტიტველა ბიჭი, ჯარისკაცი, უკვე წამში ყელგამოჭრილი, უსულოდ ეგდო მიწაზე, სისხლის გუბეში ცურავდა. ყანდაგარის კარიბჭესთან ბრძოლისას, როცა შევიტყვე, გიორგი მეთერთმეტეს საფლავის არსებობის შესახებ, მოსვენება დავკარგე. ბრწყინვალე მეფის, სწორუპოვარი მეომრის ბედი, სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას შევადარე და აღმოვაჩინე... ძალზე უმწეოდ მომეჩვენა ჩემი თავი, რადგან მეც, საბჭოთა ოფიცერი, საბჭოთა მთავრობის დავალებას ვასრულებდი და არც ვიცოდი, სად ვპოვებდი სამუდამო განსასვენებელს, ან რა შეფასებას მისცემდა ჩემს „ავღანურ-ინტერნაციონალურ ვალს" მომავალი თაობა. დიდებული მხედართმთავარი, თუმცა თავის ნების საწინააღმდეგოდ იყო ნაბრძოლი, მაინც ბედნიერი იყო, რადგან ისტორიაში დარჩა, როგორც ტრიუმფალური ქართლის მეფე, რომლის გამარჯვებასაც დამარცხებულმა ავღანელმა ხალხმა მარადიული ძეგლი აუგო.


დიდი სურვილი მკლავდა, მუხლი მომეყარა გურჯი გიორგის სახელით დამშვენებული სვეტისა და საფლავის წინაშე, მაგრამ ვერ ვიღებდით ყანდაგარს, ვერაფრით წავიწიეთ წინ, თითქმის ერთ ადგილს ვტკეპნიდით. იერიში რამდენიმე დღით გაგვიჭიანურდა, იმიტომ, რომ „უდაბნოს ომი"კლიმატსმიჩვეულ და მთის ბილიკების თვალდახუჭვით მცოდნე ავღანელებს ჩვენზე უკეთ ეხერხებოდათ. ჩემში ისე იძალა სურვილმა, რომ ბიჭებს წყაროს წყალზე ჩამოსული ავღანელი გლეხი დავაჭერინე და მოჯაჰედების მეთაურს მისი პირით შევუთვალე: „მე, გურჯ პოლკოვნიკს, გურჯი გიორგის თანამემამულეს, სურვილი მაქვს, ჩემი დიდი წინაპრის საფლავს ვცე თაყვანი და თუ ნებას დამრთავთ, ხვალ 3 საათზე უიარაღოდ მარტო გამოვალ-მეთქი. არავითარ გარანტიას არ გთხოვთ, მეომრის სიტყვის გარდა. იცოდეთ, მეც თქვენსავით პატარა ქვეყნის შვილი ვარ-მეთქი.


შუაღამისას დაბრუნდა, უდაბნოს მტვერში ამოგანგლული, მშიერ-მწყურვალი შუამავალი. კაცი თარჯიმანს ძლივს აგებინებდა, რადგან ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, თან შიგადაშიგ იღიმებოდა კიდეც. შემომითვალეს, რომ მათ უფრო მეტი იცოდნენ გურჯი პოლკოვნიკის შესახებ, ვიდრე მე მეგონა. რიტუალის შემსრულებელი კაცი მათთვის წმიდათაწმიდა იყო და მოსისხლეც რომ ყოფილიყო, არაფერს დაუშავებდნენ. უფლება დამრთეს: მოვიდეს, მუხლი მოიყაროს თავისი დიდი პაპის წინაშე, ჩვენ ჩვენი მხრივ, დერეფანს გავუკეთებთ, რომ ვინმე მოჯაჰედს, შემთხვევით, იარაღი არ გაუვარდესო.


მოდი და, ნუ გადაირევი ამ ამბის შემტყობი. ბოლოს და ბოლოს ვინ ვიყავი მე მათთვის?! - რუსი ოფიცრის მუნდირში გამოწყობილი დახელოვნებული მკვლელი, რომელსაც მათთვის ზიანის მეტი არაფერი მომიტანია, მაგრამ ხმები მომივიდა (დაზვერვა იქაც კარგად მუშაობს და - თითო გამყიდველი ყველგან მოიძებნება): მათ იცოდნენ ჩემი ჩამომავლობის - გურჯობის შესახებ და ჩემს სახელს რაღაცნაირი პატივისცემითაც კი მოიხსენიებდნენ. ყოველივე ეს მაკვირვებდა. იცით, რატომ? რა კარგს მე ვუკეთებდი ამ უწყინარ, თავისუფლებისმოყვარე ხალხს - დღისით, მზისით, თავს ვესხმოდი და ვანადგურებდი. მინდა, ჩემს სასარგებლოდაც ვთქვა ერთი რამ, ბრძანება მქონდა გაცემული - ლოცვების დაწყებისთანავე ჩვენებს შეეწყვიტათ სროლა. ამ ბრძანებას ასრულებდა ყველა, ვინც ჩემს დაქვემდებარებაში იყო. ამის შესახებ იცოდნენ მოჯაჰედებმა და ამას დიდ ადამიანურობად და ჩემგან უდიდეს პატივისცემად მიიჩნევდნენ. დათქმულ დროს უიარაღოდ, შილიფად ჩაცმული წავედი. თეთრი კვართის მსგავსი მოსასხამი მოვიცვი. ეგ იყო, საბჭოთა ოფიცრის ქუდი მაინც მეხურა. ხელები წელზე შემოვიწყვე და ხანდახან ნაბიჯს ვანელებდი, რომ კარგად შემათვალიერონ. თუმცა მათ ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ უიარაღოდ ვიყავი.


ჩემს „ზონას" რომ გადავცილდი, ცოტა არ იყოს, შიშმა შემიპყრო. უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, ამ გაუთვალისწინებელ ნაბიჯს რა შედეგი შეიძლება მოეტანა ჩემთვის. უკვე საკუთარ თავსაც ვტუქსავდი, ასე რომ ავცუნდრუკდი. რა უფლება მქონდა მე, ოფიცერს, ჩემი სიცოცხლე სასწორზე შემეგდო?! რას იტყოდა სარდლობა, ამას რომ გაიგებდა?! მაგრამ, იმ წუთს, ამ სრულიად ადამიანურ შიშს, რომელიც თავისდაუნებურად დამეუფლა, „მოქიშპე" გამოუჩნდა - ჩემს არსებაში გაღვიძებული საოცარი გრძნობა, მე ხომ ქართველი ვიყავი და თანაც, გიორგი მეთერთმეტის ნაკვალევზე მიმავალი... ყოველ ოც მეტრში თეთრად თავყბაახვეული მოჯაჰედები იდგნენ, მათ ახლოს ჩავლისას ვხედავდი, ყველა მათგანი როგორი გაფართოებული თვალებით მიღიმოდა. როგორც იქნა, მივაღწიე ნანატრ ადგილამდე, მოწიწებით ვემთხვიე გრანდიოზულ „სტელას", რომელზეც ავღანურ ენაზე შესრულებული ისტორიული სიტყვები ამოვიკითხე. რამდენიმე წუთი ხელი იმ ადგილას მედო, სადაც „გურჯი გიორგი" იყო ამოტვიფრული. მერე მისი საფლავის წინაშე მოვიყარე მუხლი. კარგა ხანს ვიყავი ასე მუხლმოყრილი. როცა წამოვდექი, საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი და იქვე, საკუთარ თავს გამოვუტყდი: ახლა რომც ესროლათ, აღარ ვინანებდი, რადგან მე ხომ ჩემი შევასრულე-მეთქი.


სანამ უკან გამოვბრუნდებოდი, ირგვლივ მიმოვიხედე. საოცარი იყო, ორიოდე მოჯაჰედი „მცველის" გარდა, ირგვლივ ვეღარავინ დავინახე. მადლიერების ნიშნად ორივე ხელი ზეაღვმართე. მოულოდნელად იქვე, დაახლოებით 50 მეტრში „შავი შაშხანის" (ამერიკული M-16) სროლის ხმა გაისმა. დავიბენი, არ შემეშინდა-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილია, მაგრამ თავს შევუძახე, შიში არ შეგამჩნიონ, გიორგი მეთერთმეტის შთამომავალს არ გეკადრება-მეთქი და წელში უფრო გავიმართე.


გაუგებრობა სწრაფად გაირკვა: თურმე, ჩემს მიერ გადადგმული სწორედ ამ გაბედული ნაბიჯის პატივსაცემად ისროლეს ჰაერში. ცოცხალ დერეფანში ჩამწკრივებულ მოჯაჰედებს გავუსწორდებოდი თუ არა, სამხედრო წესის თანახმად, მხრიდან შაშხანას იხსნიდნენ, ჰაერში ისროდნენ, შემდეგ კვლავ მხარზე იკიდებდნენ, თეთრ კბილებს მიელვებდნენ და გზას ხელით მიჩვენებდნენ - მიბრძანდითო. უზომოდ გახარებული და სიცხისგან თუ განსაცდელისგან ოფლში გაღვარული დავბრუნდი ჩემს ბლინდაჟში. მეორე დღეს კი, საომარი მოქმედებები, საუბედუროდ, კვლავ გაგრძელდა. ერთი თვე დამჭირდა, რათა ყანდაგარი ამეღო. ხატზე შემიძლია დავიფიცო, ქორივით ვედექი ჯარისკაცებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობათაგან არავინ გაეძარცვათ ან გაეუპატიურებინათ. თუმცა, თითო-ოროლა შემთხვევას მაინც ჰქონდა ადგილი.


რას ვიზამთ, ომი მაინც ომია. ასეთი „უსიამოვნებები" ყოველთვის თან ახლავს. თითქმის ათი წელი ვიდექით ავღანეთში, მაგრამ მთელი ჩემი მხედრული სინდისით მაინც ვაცხადებ, რომ ჩვენ ეს ქვეყანა ვერ დავამარცხეთ. იცით, რატომ ვერ დავამარცხეთ? თვითონ ავღანელის დაჩოქება გაგვიჭირდა, იგი სიკვდილს არჩევდა თავისუფლების დაკარგვას და ამიტომ იყო, ბოლომდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რომ გვებრძოდა.


მოკლედ, ავღანეთი უფრო მაგარი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი მოელოდა.


„მე - გენერალი ეპიტაშვილი"


 

 

წყარო: evpatori.ge

2013-07-18


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016