ერთხელ მუშა პატრონთან მივიდა და ჰკითხა:
- ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ მიხდი მხოლოდ 2 მანეთს კვირაში, მაშინ როცა ლუკიანს - 15-ს?
პატრონმა არაფერი უპასუხა, ფანჯარაში გაიხედა და თქვა:
- მგონი, ვიღაც მოდის. იქნებ თივას ყიდიან? ნამდვილად გვჭირდება ზამთრისთვის. წადი, ნახე.
- კარგი, ახლავე.
მუშა გავიდა. ზუსტად ერთ წუთში დაბრუნდა და ეუბნება:
- ჰო, თივას ყიდიან.
- სადაური თივაა? შემთხვევით ელისეს მინდვრებიდან ხომ არა?
- არ ვიცი.
- მიდი და ჰკითხე.
ისევ გავიდა და დაბრუნდა:
- მართალია, ელისეს მინდვრებისაა.
- რომელი ცელვისაა?
- აბა, რა ვიცი?
- როგორ თუ, არ იცი? დაბრუნდი და გაიგე.
წუთის მერე მუშა ბრუნდება:
- ამბობენ, პირველისო.
- კარგია, და რამდენად ყიდიან?
- არ მიკითხავს...
- უნდა გეკითხა. გაიგე და მითხარი.
ცოტა ხანში მუშა დაბრუნდა:
- ერთი ურემი 25 მანეთი.
- ძვირია... ცოტა იაფად არ მოგვცემენ?
ამ დროს, მათ საუბარი ლუკიანმა შეაწყვეტინა, რომელიც ის-ის იყო შევიდა ოთახში:
- ბატონო, ბოდიშს ვიხდი, რომ საუბარს გაწყვეტინებთ, მაგრამ თივა იყიდება ელისეს მინდვრებიდან, პირველი ცელვისაა, 25 მანეთად ყიდიან, მაგრამ მოვახერხე და 18-ზე დავითანხმე. უკვე ეზოში შემოვიდნენ.
ბატონს გაეღიმა, პირველ მუშას მიუტრიალდა და ეუბნება:
- აბა, ახლა მიხვდი, რატომ გიხდი შენ 2 მანეთს და ლუკიანს 15-ს?
თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ