საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე, ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერი დავით ხუსკივაძე, ბრიგადის მენეჯერები: გრიგოლ გელხვიიძე, ვარლამ ბარამაძე, ავთანდილ ლომინაშვილი და ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი ივანე სარალიძე დააკავა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „გ" და „დ" და მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ 100% -იანი წილით დაფუძნებული შპს „მექანიზატორის" ოპერატორებს, ევალებოდათ ხვნის ბარათების საფუძველზე ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ დაემუშავებინათ, ხოლო ასეთი ბარათის არქონის შემთხვევაში ფერმერსა და შპს „მექანიზატორს" შორის უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფერმერისთვის მომსახურების გაწევა შპს „მექანიზატორის" საბანკო ანგარიშზე სამუშაოს საფასურის შეტანის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამისა წინასწარ შემუშავებული სქემის თანახმად, ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერის დავით ხუსკივაძის და ბრიგადის მენეჯერების: ვარლამ ბარამაძის, ავთანდილ ლომინაშვილისა და ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერის ივანე სარალიძის დავალებით, შპს „მექანიზატორის" ოპერატორები, ამავე საწარმოს ტექნიკით ფერმერებს ხვნის ბარათებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უსრულებდნენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. ხოლო აღნიშნული სამუშაოებისთვის მიღებულ თანხას ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანისა, დ.ხუსკივაძე, ვ.ბარამაძე, ა.ლომინაშვილი და ი.სარალიძე იღებდნენ ხელზე და ინაწილებდნენ.
აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით შპს „მექანიზატორის" ზესტაფონის სერვისცენტრის თანამშრომლებმა 2014 წლის განმავლობაში საერთო ჯამში სახელმწიფოს მიაყენეს დიდი ოდენობით - 260 783,14 ლარის ზიანი.
გამოძიებით ასევე დადგიდა რომ, იმავე პერიოდში, მენეჯერმა დავით ხუსკივაძემ და ბრიგადის მენეჯერმა გრიგოლ გელხვიიძემ, ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ დასამუშავებლად მიღებული 46 570 ლარის ღირებულების დიზელის საწვავი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგეს, რითაც სახელწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.
აღნიშნულ პირებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „გ", „დ" და მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, რაც ოთხიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.