reportiori.ge - ევროპარლამენტმა საქართველოსთან ასოცირების და DСFTA-ს შეთანხმების შესახებ რეზოლუცია მიიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:42
მსოფლიო
ევროპარლამენტმა საქართველოსთან ასოცირების და DСFTA-ს შეთანხმების შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 17:24


ევროპარლამენტმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DСFTA) შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე რეზოლუცია მიიღო.


დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ევროკომისიის დადებით შეფასებებს საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე და მოლოდინი აქვს, რომ საბჭო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე გადაწყვეტილებას არ შეაყოვნებენ.



ევროპარლამენტი რეზოლუციაში მოუწოდებს შესაბამის ევროპულ სტრუქტურებს, ასოცირების შეთანხმების ქვეყნებთან ერთად შეიმუშავონ ნდობის განმტკიცებისკენ მიმართული ზომები, რომელიც შეამსუბუქებდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას და ხაზს უსვამს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელობას.


ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზს უსვამს, რომ ყველა შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უნდა განხორციელდეს იმ გზით, რომ ხელი შეუწყოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას.


ევროპარლამენტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში სასამართლო სისტემა სრულად დამოუკიდებელი უნდა იყოს და ხაზს უსვამს მედიიის რეალური თავისუფლების აუცილებლობას, ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ყველა იმ შემთხვევის გამო, სადაც სიტყვისა და მედიის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დგას.



რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ საქართველოს ეხება, ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი აფიქსირებს 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეცვლას და მიესალმება განცხადებებს საპარლამენტო ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ, აქვე აღნიშნავს, რომ ბიზნესი და პოლიტიკა არ უნდა იყოს ურთიერთდაკავშირებული დემოკრატიულ ქვეყანაში.



ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო სტრუქტურების სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების მიზნით, ასევე მიესალმება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს რეფორმები არასაკმარისია.



ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მოსამართლეების შერჩევა გამჭვირვალედ, მათი დამსახურებიდან გამომდინარე და შეცვალოს მოსამართლეებისთვის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის სისტემა.



ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, ფაქტებზე დაფუძნებული, პროპორციული და თავისუფალი პოლიტიკური მოტივაციისგან.


ევროპარლამენტი კვლავ შეშფოთებულია პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამო და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლის მიხედვით ნიშნავენ პროკურორებსა და გამომძიებლებს.



ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა რათა უზრუნველყოს სასამართლო სისტემაში, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე ახლად შექმნილ უსაფრთხოების სამსახურში სრული დამოუკიდებლობა, ეფექტურობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი და მოუწოდებს საქართველოს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება ამ ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისთვის მექანიზმის შესაქმნელად.



ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ყოფილი მთავრობების ჩინოვნიკებისა და მოქმედი ოპოზიციის წევრთა დაპატიმრება შესაძლოა შეიცავდეს შერჩევითი სამართლის ნიშნებს.



ევროპარლამენტი ასევე, შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სასამართლო სისტემა შესაძლოა გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის, რამაც შეიძლება, საქართველოს ევროპულ კურსს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში ძირი გამოუთხაროს.



ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტიო არჩევნების ფონზე, შექმნას ხელსაყრელი გარემო თავისუფალი მედიისთვის, რათა შესაძლებელი იყოს მედიის საქმიანობა თავისუფლად და ობიექტურად, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის გარეშე.


ევროპარლამენტის ასევე შეშფოთებას გამოთქვამს „რუსთავი 2"-ის მფლობელისა და სარედაქციო პოლიტიკის „შეცვლის მცდელობებისა" და საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გამო.



რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „სასამართლოს არც ერთი გადაწყვეტილება არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას".



ევროპარლამენტი ასევე გმობს საქართველოში სტალინის მემორიალებისა და ქანდაკებების აღდგენის მცდელობებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს დისტანცირება მსგავსი საქმიანობისგან და გამოხატოს პატივისცემა სტალინიზმის მილიონობით მსხვერპლისადმი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016