საქართველოს კულტურის პალატა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს იწყებს. კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის ინიციატივით, საქართველოში პირველად ჩატარდება ღვაწლმოსილ ქართველ ხელოვანთა ფორუმი.
ფორუმს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ღვაწლმოსილი ხელოვანები დაესწრებიან.
„კულტურის პალატა გამოდის ინიციატივით და გეგმავს ქართველ ხელოვანთა პირველი ფორუმის ჩატარებას. ფორუმის მიზანია ამ ხელოვანი ადამიანების შეკრება, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობები, დასხდნენ და ერთად იმსჯელონ დარგში არსებულ პრობლემებზე, ისაუბრონ და განიხილონ ის საკითხები, რომელიც კულტურის, ხელოვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და ერთად ვეძებოთ ამ პრობლემიდან გამოსავალი", - აცხადებს კულტურის პალატის პრეზიდენტი.
დავით ოქიტაშვილის განცხადებით, პალატამ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანებთან.
„ჩვენ გვინდა, რომ მათგან მივიღოთ რჩევები, დავალებები, მოგვცენ მიმართულება - თუ როგორ და რა კუთხით უნდა გაკეთდეს. ადამიანები, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ქართულ ხელოვნებაში, არ შეიძლება, ჩრდილში დავტოვოთ. აუცილებელია ამ ადამიანების დაფასება და ყურადღება. ჩვენ ერთმანეთზე ზრუნვა და ურთიერთთანადგომა გვჭირდება. აი, რას მოაქვს ნამდვილი ბედნიერების შეგრძნება", -განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.