მთავარი პროკურორის მოადგილემ მამუკა ვასაძემ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გადაცემა „პრიორიტეტში" ისაუბრა. ვასაძის განცხადებით, გამოძიება ხარძიანის მკვლელობის დამკვეთებამდე მალე გავა და საზოგადოება ამის შესახებ ახლო მომავალში შეიტყობს.
„შემსრულებლების მხრიდან მოტივი იყო ანგარება, ამ შემთხვევაში მე საუბარი მაქვს ორ ბრალდებულზე, რომლებმაც უშუალოდ შესრულეს ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა, მათი მოტივი გასაგებია, ანგარებით არის ეს ყველაფერი ჩადენილი. მოტივი განპირობებულია იმით, რომ კონკრეტულ პირებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ბესიკ ხარძიანთან, მათ არ აკავშირებდათ პირადი ურთიერთობა, არც მეგობრობა, არც ბიზნეს-ინტერესი და ასე შემდეგ.
რაც შეეხებათ დამკვეთებს, გამოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიებზე, გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ალბათ ძალიან მალე ჭეშმარიტებას დავადგენთ და ბუნებრივია, საზოგადოებას დეტალურად წარვუდგენთ ინფორმაციას.
გამოძიებამ დღეს ინფორმაცია გაამჟღავნა იმიტომ, რომ ფაქტობრივად ცხრათვიანი ვადა ბრალდებულად ყოფნის იწურებოდა, სამართლებრივად ჩვენ საქმე სასამართლოში გავგზავნეთ კონკრეტული ბრალდებულების მიმართ და ბუნებრივია, ამ ინფორმაციის შენახვა ვერ განხორციელდებოდა, თუმცა ეს არ აზიანებს გამოძიების ინტერესებს, ჩვენ ვმუშოაბთ სხვადასხვა ვერსიებზე და მიმართულებებზე, მაგრამ ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას კონფიდენციალურად დავტოვებთ", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.