აჭარის პროკურატურამ არასრულწლოვანთან ქორწინების გამო 25 წლის მარად პაქსაძის წინააღმდეგ საქმე აღძრა. პაქსაძეს კი სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მარად პაქსაძემ აღნიშნა, საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც მიმდინარე წლის 15 იანვარს ახალშობილი შვილი საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა. მისი თქმით, მას საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობენ ან შესაძლოა, პირობითი სასჯელიც დაეკისროს.
„ცოლი 2015 წელს სიყვარულით, ნებით, ნიშნობითა და ქორწილით მოვიყვანე. ხელვაჩაურის სასამართლოში ვარ დაბარებული. ალბათ, ჯარიმას დამაკისრებენ და პირობით სასჯელს მომცემენ. ჯარიმას ვერ გადავიხდი, პირობითის შემთხვევაში კი თურქეთში ვეღარ გადავალ, ვერ ვიმუშავებ და ოჯახს ვეღარ ვარჩენ. ჩვენი წინაპრებიც ადრეულ ასაკში ქორწინდებოდნენ, მრავლდებოდა ერი და ამით არაფერი შავდებოდა. არსებული კანონის შესახებ მე არაფერი ვიცოდი, რომ გამეთვალისწინებინა", - აღნიშნა მარადი პაქსაძემ.
პრესკონფერენციას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ესწრებოდა. უფლებადამცველი პაქსაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს.
თამაზ ბაკურიძე ხელისუფლებას მიმართავს, 2015 წლამდე დაფიქსირებული ქორწინებების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეები არ აღიძრას.