reportiori.ge - ბატონო ბიძინა, გელოდებით ფიროსმანის მუზეუმში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:47
ინტერვიუ
ბატონო ბიძინა, გელოდებით ფიროსმანის მუზეუმში!
ავტორი:
19 ნოემბერი, 2013. 14:50

„ისე მიაბარეს მიწას, რომ რიყის ქვა არ გაიმეტეს მისთვის, მშიერი იყო და ხელი არავინ გაუწოდა, მუდმივად ინტრიგებს უწყობდნენ, ტკბილი სიტყვაც კი ენანებოდათ მიწურში მცხოვრები გენიოსისთვის. დიახ, საუბარია ნიკო ფიროსმანაშვილზე, რომლის სიდიადის დანახვა და სათანადოდ დაფასება ვერც 21-ე საუკუნეში შევძელით... ფიროსმანს დღესაც ვკლავთ! - ამბობს ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი, რომელმაც „რეპორტიორთან" საუბარში სააკაშვილის ხელისუფლება კიდევ ერთხელ უყურადღებობაში დაადანაშაულა და ბიძინა ივანიშვილს თხოვნით მიმართა.

 

- მსოფლიოში მეორე ქვეყანა არ მეგულება, სადაც ნიკო ფიროსმანისნაირ ადამიანებს ისე ექცევიან, როგორც საქართველოში. ასეთი ბუმბერაზი ადამიანების მუზეუმები არსად ისე არ გამოიყურება, როგორც აქ. შეხედეთ, რას ჰგავს შენობის ფასადი. სიღნაღიდან მირზაანამდე 8-კილომეტრიანი გზა არ გააკეთეს. როცა ამაყობ, გზებს ვაკეთებთო, ფიროსმანს 8-კილომეტრიანი გზის გაკეთება უნდა დააყვედრო?! ეს არ არის ფიროსმანის დაფასება და სიყვარული! მესმის სააკაშვილის ხელისუფლებამ დენი აღვიდგინა, მაგრამ რად მინდა ისეთი დენი თუ ფინანსური უსახსრობის გამო ვერ ჩავრთავთ. იმხელა გადასახადი მოდის, გულის კანკალით ვანთებ ხოლმე შუქს, რით გადავიხადო მერე ეს ფული-მეთქი.


განსაკუთრებით განადგურებულია ის სოფელი, რომელმაც ფიროსმანი გვაჩუქა. „ნაციონალებს" იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, მაგათ რომ ნამუსი ჰქონდეთ, ხმას არ უნდა იღებდნენ, უნდა წითლდებოდნენ. ადამიანების უთავმოყვარეო კასტაა, რომელიც ყველანაირად ცდილობს ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში და როგორც აუბედურებდნენ ქვეყანას, ისე გააუბედურონ. ხალხის უბედურებით ცხოველურ ყოფას განიცდიან. ვთქვათ, არ იცოდნენ ციხეში რაც ხდებოდა და ერთმა კაცმა ჩაიდინა ის სისტემური დანაშაული, სოფლები რომ გაჩანაგდა და ხალხი იქედან გამორბის, ეს რას და ვის დავაბრალოთ? რა, მაგათ არ იცოდნენ?


- თქვენ გეკუთვნით სიტყვები - საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის... რატომ, ბატონო ანზორ?

- „ნაციონალები" ხელისუფლებაში მოვიდნენ თუ არა, გადაწყვიტეს თბილისში, ბერიას ყოფილ სახლში ფიროსმანის ახალი მუზეუმი აეშენებინათ და ყველა ორიგინალისთვის მოეყარათ თავი. ეს ან უცოდინრობით მოუვიდათ, ან წინგახედული დიდი ბოროტებით. თუ გინდა მხატვრის სიდიადე ყველამ დაინახოს, მისი ნახატებიდან საწყობი კი არ უნდა გააკეთო, პირიქით, რაც შეიძლება ბევრ ადგილას უნდა გამოფინო და მსოფლიოს გააცნო. უმჯობესი იქნებოდა ამ შენობისთვის მიეხედათ, სადაც ფიროსმანმა თავისი ცხოვრების არაერთი წელი გაატარა. მაშინ, ზურაბ წერეთელს, რომელმაც „ნაციონალების" ამ იდეას მხარი დაუჭირა, ვუთხარი - თუ ფიროსმანზე ასე ზრუნავთ, არსებულ მუზეუმს მიაქციეთ ყურადღება-მეთქი.


შემდეგ, ფიროსმანის მუზეუმის სიღნაღში გახსნა სცადეს, რაც მასთან არავითარ კავშირში არ იყო. თანაც, გადაწვყეტილება მიიღეს, რომ მირზაანიდან ყველა ორიგინალი გაეტანათ... ბოლო წვეთი იყო, როცა ფიროსმანის გამოსახულებით ხმარებიდან ლარიანი ამოიღეს. აი, მაშინ უკვე ხმამაღლა ვთქვი - საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის-მეთქი!


იმის ნაცვლად, რომ ეს მუზეუმი გაეფართოებინათ და ტურისტები მოეზიდათ, სულელურ, არაფრისმთქმელ იდეებს აფრქვევდნენ. თუ ჩვენ რეალურად გვინდა, ტურისტები მოვიზიდოთ, ამაზე კარგ ადგილს ფიროსმანის მუზეუმისთვის, ვერ ვნახავთ. ტურისტს სწორედ ის კიბისქვეშა მიწური უნდა ვანახოთ, სადაც ფიროსმანმა შედევრები შექმნა. ამ ქუჩაზე, ირგვლივ, დუქნები იყო, სადაც ნიკალას ნამუშევრები ეკიდა. სწორედ, ეს ქუჩა უნდა გავაცოცხლოთ, ისე, როგორც მონმარტზეა.


ფიროსმანი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მას მოკლავდა. სააკაშვილსა და მის მეუღლეს ფიროსმანი მაშინ ახსენდებათ, როცა უცხოელებთან თავის მოწონება სურთ - ჩვენ მისი ქვეყნიდან ვართო. სააკაშვილი ფიროსმანს, ისევე როგორც ილია ჭავჭავაძეს, თავისი პიარისთვის იყენებდა, რეალურად, მას და მის ხელისუფლებას ფიროსმანის პატივსაცემად არაფერი გაუკეთებია.


- მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება წარსულს ჩაბარდა... ახალი ხელისუფლების მისამართით რას იტყვით?

- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს. 26 მაისის იმ ავბედითი ღამის შემდეგ, აღარ მეგონა თუ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც სააკაშვილის ბოროტების მანქანას დაანგრევდა. დიახ, ქართველმა ხალხმა თავისუფლად რომ ამოისუნთქა, სწორედ ამისთვის ვეტყოდი ბიძინა ივანიშვილს მადლობას.


მინდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პირადად ვთხოვო, რომ ნიკო ფიროსმანაშვილი ღირსი გახადოს და მთავრობის სხდომაზე განიხილოს ან დავალება მისცეს შესაბამის პირებს, რომ ყურადღება მიექცეს მირზაანსა და თბილისში არსებულ მუზეუმებს. პიარის გამო კი არა, როგორც სააკაშვილი აკეთებდა, გულწრფელად მიხედონ ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმებს. ფიროსმანის პოპულარიზაცია, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაა! რაც ფიროსმანმა საქართველოს გაუკეთა იმის მეათასედს ვერავინ გაუკეთებს მას. მან მთელი საუკუნე გვაჩუქა! ის ხომ მაინც შეგვიძლია, ყურადღება გამოვხატოთ ამ გენიოსის მიმართ?! ეს ისევ ჩვენს ქვეყანას წაადგება. როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილის კოლექციაში ფიროსმანის სამი ორიგინალია. ბატონო ბიძინა, მოდით, დაათვალიერეთ და როგორც ქველმოქმედმა, მიხედეთ ფიროსმანს. გელოდებით მუზეუმში! თქვენ, იცით, ფიროსმანის შედევრების ფასი! იქნებ, ნიკალა ერთხელ მაინც, გახდეს იმის ღირსი, რომ სიყვარულით სიტყვა შეაწიონ მას.


ლითონის ლარიანს ორი მხარე აქვს. ერთ მხარეს რომ ფიროსმანი იყოს ამოტვიფრული, რა დაშავდება?! უცხოელები რომ მოდიოდნენ ფიროსმანის მუზეუმში, ლარიანი სუვენირებად მიჰქონდათ. მახსოვს, ედუარდ შევრადნაძის პრეზიდენტობის დროს, მას ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ფიროსმანის შესახებ წერილი გაუგზავნა. შევარდნაძემ კი საჩუქრად ლარიანი უსახსოვრა... ახალი ხელისუფლებისადმი კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს - ჩვენი სახსრებით აღვადგინეთ ფიროსმანის კალიგრაფია და მისი კალიგრაფიითა და ილუსტრაციებით აკრეფილი გვაქვს „ვეფხისტყაოსანი". გვინდა, რომ ეს ყველაფერი ერთ წიგნად გამოიცეს. საშვილიშვილო საქმე იქნება! ადრე, როდესაც „ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების გაკეთება ზიჩის შეუკვეთეს, ფიროსმანმა ძალიან განიცადა და თავისთვის დაიწყო ილუსტრაციების კეთება. მაშინ ფიროსმანს, ცხადია ეს არავინ გამოუცა. იქნებ, ახლა მაინც გამოვცეთ და დავაფასოთ ეს ბუმბერაზი, გენიალური ადამიანი!


მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016