reportiori.ge - შიში და სიძულვილი ოდესაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:57
პრეს-დაიჯესტი
შიში და სიძულვილი ოდესაში
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 12:11


საინტერესოა, როგორ ცხოვრობს დღეს მშვენიერი ზღვისპირა ქალაქი ოდესა, რომელიც ძებნილი მიხეილ სააკაშვილის ამბიციების დაკმაყოფილების პოლიგონად იქცა. სულ უფრო მეტი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ოდესის ოლქს იგივე პრობლემები აწუხებს, რომლებიც საქართველოს - რამდენიმე წლის წინათ.


როდესაც ძებნილი სააკაშვილი თავის უკრაინულ თავგადასავლებზე მოგვითხრობს, გამოცდილ მსმენელს შეიძლება გარკვეული უკმარისობის განცდა გაუჩნდეს და ჩათვალოს, რომ ამ მონოლოგს აკლია მცირე შესავალი, ერთგვარი ეპიგრაფი ტერი გილიამის შესანიშნავი ფილმიდან „შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში", კერძოდ კი შემდეგი მონაკვეთი: „ჩვენ გვქონდა ორი პარკი ბალახი, 75 აბი მესკალინი, 5 შეკვრა „ელ-ეს-დე", კოკაინით ნახევრადსავსე სამარილე, ყველა სახეობისა და ფერის უამრავი ტრანკვილიზატორი, აგრეთვე, ტეკილა, რომი, ერთი ყუთი ლუდი, ერთი პინტი ნედლი ეთერი და ამილნიტრიტი. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო საკმარისი მარაგი მოგზაურობისათვის, მაგრამ, თუ დაიწყე „წამლის" მოგროვება, შეჩერება რთული ხდება. ერთადერთი, რაც ჩემს შეშფოთებას იწვევდა, ეთერი იყო. არაფერია უფრო უსუსური, უპასუხისმგებლო და გაფუჭებული, ვიდრე ეთერის ზომბი. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ამ საზიზღრობაზე გადავიდოდით". ასეთი შესავლის შემდეგ აუდიტორიას, ალბათ, გაცილებით გაუადვილდებოდა რეალობასა და სააკაშვილის მონათხრობს შორის პარალელებისა და პერპენდიკულარების გავლება. თავად განსაჯეთ: „მაშ ასე: მას ჰქონდა 2 პარკი ბალახი, 75 აბი მესკალინი (პაუზა), ან უკვე აღარ ჰქონდა (პაუზა)... ის ოდესაში, სასტუმრო „ბრისტოლში" ანტიკორუფციულ ფორუმს მართავდა".


ეს სასტუმრო იმავე ბიზნესმენებს ეკუთვნის, რომელთაგან სააკაშვილი ახლახან გახსნილი „ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრისთვის" ფართობს ქირაობს და კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარს იხდის. ოდესისთვის ეს წარმოუდგენლად მაღალი ფასია.


ფიგურანტი თავს იმით იმართლებს, რომ ამ თანხაში რემონტის ხარჯიც შედის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ბიუჯეტიდან არანორმალურად დიდი თანხა გაედინება. საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება ცენტრის აღჭურვის ხარჯები ავეჯითა და ტანსაცმლით თანამშრომლებისთვის - დაახლოებით 6 ათასი დოლარი თითოეულ თანამშრომელზე (ეს ისტორია დეტალებში აქვს აღწერილი ინტერნეტგამოცემა dumsKaia.net-ს). ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს ბიზნესმენები აქტიურად რიცხავენ ფულს ფონდებში, რომლებსაც სააკაშვილი აკონტროლებს.


ამ ფონდების საქმიანობა, რომ იტყვიან, „ცალკე სიმღერაა". მაგალითად, ფონდმა "ოდესის საკეთილდღეოდ" შეიძინა ძვირადღირებული ავტომობილები, რომლებიც თითქოს სამართალდამცავებს გადასცა, მაგრამ ამ მანქანებს სააკაშვილის გარემოცვის წევრები და მისი პრეს-სამსახურის თანამშრომლები იყენებდნენ მანამ, სანამ არ დაიწყო სკანდალი, რომ ფონდი, რომლის დეკლარირებულ მიზნებში „ანტიტერორისტული ოპერაციის" მებრძოლებზე ზრუნვა შედის, სააკაშვილის სარეკლამო კამპანიასა და მისი გარემოცვის წევრების გადაფრენებს აფინანსებდა. ყოველივე ეს მთლიანობაში, თავისი 100 დოლარით კვადრატულ მეტრში, ძალიან ჰგავს საბიუჯეტო თანხების ბანალურ გადაქაჩვას ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათთან დაახლოებული ბიზნესმენების ჯიბეებში. მოკლედ, მას ჰქონდა ორი პარკი ქინძი (უკაცრავად, ორი პარკი ბალახი, უბრალოდ, როგორც ამბობენ, ქინძი სააკაშვილის საყვარელი მცენარეა, მისი სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიდანაც ასე ჩანს; ხანდახან საქმე ამ მცენარესთან საკუთარი თავის გაიგივებამდეც კი მიდის), 75 აბი მესკალინი... ის ოდესაში, სასტუმრო „ბრისტოლში",კორუფციასთან ბრძოლაზე საუბრობდა.


სხვათაშორის, იმ ბრალდებებიდან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს საქართველოში წაუყენეს, საზოგადოებას ყველაზე მეტად მძიმე დანაშაულთან დაკავშირებული ისტორიები აინტერესებს, ხოლო მცირე მასშტაბის, ყოველდღიური (თუ შეიძლება, ასე ითქვას) კორუფციული დანაშაული - ნაკლებად, თითქოს ის უმნიშვნელოა და მასზე თვალის დახუჭვა შეიძლება. სიტყვამ მოიტანა და გასულ კვირას ესპანეთში მეფე ფელიპე VI-ის დის, ინფანტა ქრისტინას სასამართლო პროცესი დაიწყო. საუბარია 6 მილიონ საბიუჯეტო ევროზე, რომელიც მან მეუღლესა და 16 სხვა პიროვნებასთან ერთად რთული მაქინაციების გამოყენებით თითქოს მიითვისა. ამ ბუნდოვან საქმეში ესპანურ თემიდას, პრინციპში, თავისუფლად შეეძლო, ინფანტასთვის გვერდი აევლო; ძველ ესპანეთში, სავარაუდოდ, ასეც მოხდებოდა, მაგრამ დღეს ამ ქვეყანაში უკვე მყარად დამკვიდრდა კანონის უზენაესობის პრინციპი და საზოგადოებამ საბოლოოდ დაიჯერა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას. ის საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ასამართლებენ ფელიპე VI-ის დას, მის სამეფო უდიდებულესობას - დონია ქრისტინა ფედერიკა ვიქტორია ანტონია დე ლა სანტისიმა ტრინიდადს, ესპანეთის ინფანტას. ადრე ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო. ჯერ კიდევ სასამართლოს დაწყებამდე, კორუფციულ სკანდალში მონაწილეობისთვის, ფელიპე VI-მ დას - პალმა დე მალიორკას საჰერცოგო ტიტული ჩამოართვა. ისე, საინტერესო კია, მიხვდებიან თუ არა ქართველი პოლიტიკოსები, რა მატერიებსა და პრინციპებს ეხება საუბარი ამ ბოლო ეპიზოდში საერთოდ. იმედია, იმას მაინც გაიგებენ, რომ კორუფცია და მასთან დაკავშირებული თაღლითობა არ შეიძლება მცირე და უმნიშვნელო დანაშაულად განიხილებოდეს.


ვინაიდან დანაშაულისა და სასჯელის თემას შევეხეთ, ალბათ, უნდა დავუბრუნდეთ პერსონაჟს (ისე, სად გაქრა ის 5 შეკვრა „ელ-ეს-დე", კოკაინით ნახევრადსავსე სამარილე... ო, უკაცრავად), რომელიც ოდესაში პოლიციის რეფორმას ატარებს. საგანგებოდ მომზადებული პოლიციელების პირველი მსხვერპლი 35 წლის ვიაჩესლავ ბონდარენკო შეიქნა. მისი დედა (ინციდენტის ერთადერთი თვითმხილველი) ამბობს, რომ პოლიციელებმა შვილი ცემით მოუკლეს. სამართალდამცავები კი ირწმუნებიან, რომ ბონდარენკო თვითონ წაიქცა, თანაც ისე, რომ ამას ელენთის გაგლეჯა (გარდაცვალების მიზეზი) და რამდენიმე მოტეხილობა მოჰყვა. ალბათ, იგულისხმება, რომ ის რამდენიმე დალურჯებაც, რომელიც ძალიან ჰგავს ხელკეტის კვალს, აგრეთვე, დაცემის შედეგია. ვიდეორეგისტრატორი პოლიციელებს, ესოდენ მოულოდნელად, განყოფილებაში დარჩათ. ისე, ეს „თვითონ წაიქცა" როგორ ჰგავს ჩვენთვის ესოდენ ნაცნობ ფორმულირებებს: „დენმა დაარტყა" და „კიბიდან გადმოვარდა".


„მე ახალი პოლიციელი ვარ, ძველი პოლიცია ფეხებს ვერ მომჭამს", - ბღაოდა 30 წლის ნიკოლოზ ო., რომელმაც 22 დეკემბერს ოდესაში ბარ-რესტორან „სკანდიში" მთვრალმა დებოში მოაწყო. დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც სააკაშვილის პოლიციელებს აწუხებს, ჩვენთვის კარგად ნაცნობი თემაა, თუმცა აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ - ოდესაში პარალელურად ფუნქციონირებს „ახალი" (საპატრულო) და „ძველი" პოლიცია, რომელსაც სააკაშვილის ექსპერიმენტები პრაქტიკულად არ შეხებია. მათ ერთმანეთთან საკმაოდ რთული, დაუბალანსებელი ურთიერთობა აქვთ. ამასობაში, პოლიციის პოდპოლკოვნიკის - ვლადისლავ სერდიუკის ცნობით, 2015 წლის 11 თვის განმავლობაში ოდესაში რეგისტრირებულია 11 170 დანაშაული - 17,5%-ით მეტი, ვიდრე 2014-ში. ამავე დროს, 2194 ძარცვიდან გაიხსნა მხოლოდ 12,8%, მანქანის გატაცების 532 შემთხვევიდან კი - 17,5%. ოდესა, რომელიც ამ მხრივ ყოველთვის რთული ქალაქი იყო, ბოლო თვეებში ნამდვილ კრიმინალურ ჯოჯოხეთად გადაიქცა, დამნაშავეები ძალიან ცინიკურად მოქმედებენ. მას ჰქონდა ყველა სახეობისა და ფერის უამრავი ტრანკვილიზატორი... ან არ ჰქონდა... ის ოდესაში დანაშაულთან ბრძოლაზე საუბრობდა.


საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში სააკაშვილი (ადეიშვილის მეშვეობით) სასამართლოს ვერ აკონტროლებს. უკრაინელმა ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ ცილისწამებისთვის უჩივლა და პროცესი მოიგო. ახლა ქიმიური ინდუსტრიის ფლაგმანის, ოდესის პორტისპირა ქარხნის დირექცია აპირებს, სააკაშვილს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლოს. სააკაშვილი გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ დირექცია უკანონობასა და კორუფციულ გარიგებებში ჩაეფლო, ნოემბერში კი მის კონტროლს დაქვემდებარებული ძალოვანები ქარხანაში შევარდნენ, თუმცა, როგორც შევარდნენ, ისე გამოვარდნენ. დღეს ოდესის გუბერნატორის რესურსი აშკარად არასაკმარისია იმისთვის, რომ ამ გზით ქარხანა დაიმორჩილოს ან (მაგალითად) ოდესის მერის არჩევნების შედეგები შეცვალოს, რის გაკეთებაც, აგრეთვე, ძალოვანების გამოყენებით სცადა, თუმცა მალევე შეაჩერეს (სააკაშვილის კანდიდატი პირველსავე ტურში დიდი სხვაობით დამარცხდა). უკრაინული მედია ხშირად წერს, რომ ქარხნის გარშემო ატეხილ სკანდალში სააკაშვილი რუსი ოლიგარქის  ვიქტორ ვექსელბერგის ინტერესებს ემსახურება. რაღა უნდა ვთქვათ ამაზე - ვიღაცას ჰქონდა ტეკილა, რომი, ერთი ყუთი ლუდი, ერთი პინტი ნედლი ეთერი და ამილნიტრიტი... ვიღაც არჩევნების გაყალბებასა და ქიმიურ მრეწველობაში სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობდა.


საერთოდ, ძებნილი სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობას, სავარაუდოდ, ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც იუსტიციის მინისტრობას საქართველოში, მას ერთგვარ ტრამპლინად განიხილავს და ცდილობს, ანტიკორუფციული რიტორიკის ხარჯზე ქულები მომავალი წინსვლისთვის დააგროვოს. ოდესაში დიდხანს დარჩენა მისთვის შეიძლება სერიოზულ პრობლემებს დაუკავშირდეს - რეალური წინსვლა არც ერთი მიმართულებით არ აქვს, ფასადური რეფორმებიდან ვერც ერთი ბოლომდე ვერ მიჰყავს. ცხოვრება მძიმდება, ოდესელების გაღიზიანება იზრდება და მას ვერ აბათილებს ვერც სააკაშვილის მონოლოგები აგენტებსა და ოლიგარქებზე, ვერც საგანგებოდ დადგმული ტელედაჭერები და ეს კარგად ეტყობა ადგილობრივ სოციალურ ქსელებსა და მედიას. სააკაშვილის რადიკალი მხარდამჭერები ოდესაში, ისევე, როგორც თავის დროზე საქართველოში, უკვე ძალიან დაემსგავსნენ ვიწრო, ისტერიულ და საკმაოდ სასტიკ ტოტალიტარულ სექტას.


დიდი ალბათობით, სააკაშვილის „ანტიკორუფციული ფორუმები" მალე პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებით დასრულდება, რომლის გამოყენებით შეეცდება, უკრაინული პოლიტიკის პოზიციები გაიფართოვოს - ჯერ, როგორც პეტრე პოროშენკოს ინსტრუმენტი, არსენი იაცენიუკისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ, შემდეგ... „შემდეგ შეჩერება რთული ხდება", როგორც ამბობდა ჯონი დეპის გმირი ზემოთ ნახსენებ ფილმში. სააკაშვილის გუბერნატორობას ოდესაში, სავარაუდოდ, მხოლოდ უკრაინელი სამართალდამცავები გაიხსენებენ, როდესაც მისი საქმიანობის დეტალურ შესწავლას დაიწყებენ. ოდესის მეხსიერებიდან კი ის, ალბათ, მალევე წაიშლება, რადგან, ამ ქალაქმა რომ დაგიმახსოვროს, ჭკვიანიც უნდა იყო და გამბედავიც. ამასთანავე, ოდესა ბევრ სხვა ქალაქზე უკეთ გრძნობს სიყალბეს.


ქართველი საზოგადოების ნაწილი ოდესის მოვლენებს უყურებს, როგორც ერთგვარ სახალისო შოუს და (ცნობილ გამონათქვამს „ისტორია მეორდება..." თუ გავიხესენებთ) იმას, რაც საქართველოში განიცადა, როგორც ტრაგედია, ახლა ოდესის დეკორაციებში ფარსად აღიქვამს. ეს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გასაგებია, მაგრამ, ალბათ, მაინც უსამართლო. სასაცილო ამაში (თითქმის) არაფერია და ოდესის მკვიდრთ, რომლებსაც სერიოზული პრობლემები დაატყდათ, მათი სასწრაფო დაძლევა უნდა ვუსურვოთ.



წყარო: „საქართველო და მსოფლიო", დიმიტრი მონიავა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016