აბასთუმანში, პირველი მაღალი კლასის სასტუმროს პროექტი -„საპარტნიორო ფონდი" კომპანია „რედიქს ჯგუფთან" ერთად მუშაობს.
4-ვარსკვლავიანი, 160-ნომრიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში აშენდება, სადაც განთავსდება კაფე-რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების ოთახი, აუზი, ბარი, კლუბი, ფიტნეს კლუბი და სპა.
ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ აბასთუმანში, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული საკურორტო დასახლებაა, დღესდღეობით მხოლოდ საოჯახო ტიპის რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს.
პროექტის საინვესტიციო მოცულობა 26 მლნ აშშ დოლარია.
„აბასთუმანში მაღალი კლასის სასტუმროზე მოთხოვნა არსებობს და ფონდის სტრატეგიის ნაწილია რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტი გაზრდის რეგიონის ცნობადობას და ტურისტების რაოდენობას", - აცხადებს გიორგი ჩერქეზიშვილი.
სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.