საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ის არავის დაჰპირებია, რომ ამ შესარჩევში გუნდი მეორე ან მესამე ადგილს დაიკავებდა. ამის შესახებ ცხადაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მე არავის შევპირებივარ, რომ ამ შესარჩევში მეორე ან მესამე ადგილს დავიკავებდით. ვთქვი, რომ მინიმუმ მესამე ადგილზე გავიყვანდი გუნდს. ეს ვთქვი იმ ქვეჯგუფიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ შეგხვდა. განვაცხადე, რომ უნდა ვიბრძოლოთ მინიმუმ „ფლეი ოფში" მოსახვედრად. ჩემი კომპეტენცია და ჩემი სურვილი მაძლევს ამის თქმის უფლებას", - განაცხადა ცხადაძემ.
ცხადაძემ სხვა ქვეყნის საფეხბურთო გუნდიდან მიღებულ შემოთავაზებაზეც ისაუბრა. მწვრთნელის განცხადებით, ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კონკრეტული მიზნებით მოვიდა და სხვაგან გადასვლა არაფრად არ უღირდა.
„სხვა ქვეყნის საფეხბურთო გუნდიდან შემოთავაზება იყო, სანამ ხელფასის შეკვეცასთან დაკავშირებით საუბარი დაიწყებოდა. როდესაც კობიაშვილს პირველად შევხვდი ამ თემასთან დაკავშირებით, საქმის კურსში ჩავაყენე, რომ იყო გუნდი, რომელიც ოფიციალურად დაინტერესდა, გავმხდარიყავი მათი მწვრთნელი. მე პირდაპირ ვუთხარი, რომ არანაირად არ მიღირდა სხვა გუნდში გადასვლა, რადგან მე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩემი მიზნით მოვედი", - განაცხადა ცხადაძემ.