reportiori.ge - „ხალხის სიყვარულს და პატივისცემას ვერ იყიდი“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:49
პრეს-დაიჯესტი
„ხალხის სიყვარულს და პატივისცემას ვერ იყიდი“
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 17:33


„როცა შედეგები გამოაცხადეს, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ერთი ქულით წამეგოს თამაში ძლიერ გუნდთან!"



დასრულდა NBA Vote, ვითა სიზმარი ღამისა... ზაზა ფაჩულიას მხოლოდ 14 ათასი ხმა დააკლდა NBA-ს „ოლ სტარის" (ყველა ვარსკვლავის მატჩი) სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად, თუმცა, გული მაინც არ სწყდება - სიამაყით ვარ აღსავსე, ისეთი მხარდაჭერა ვიგრძენი და ისეთ მოთამაშეებს ვაჯობეო! ის კი მაინც გვითხრა, შედეგები რომ ვნახე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ერთი ქულით წამეგოს თამაში ძლიერ გუნდთანო... ჯერ კიდევ არის მცირე შანსი, ზაზა „ოლ სტარის" სათადარიგო მოთამაშეთა შორის მაინც მოხვდეს. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მწვრთნელების არჩევანს 28 იანვარს შევიტყობთ, მანამდე კი ზაზა ფაჩულიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ წაიკითხეთ. ზაზას აქილევსის მყესი აწუხებს და ალბათ, რამდენიმე მატჩის გამოტოვება მომიწევსო, გვითხრა, როცა დალასში შევეხმიანეთ:


- ბოლო რამდენიმე კვირაა, ყოველ ნაბიჯზე #NBAVOTE Zaza Pachulia ისმოდა...

 

- დიდი მადლობა ამისთვის! ვერც გადმოვცემ, რა სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ მთელი ქვეყანა ჩართულია შენს მხარდასაჭერ აქციაში. ქომაგების, მედიის, სამინისტროებისა თუ კერძო კომპანიებისგან უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი. შეუფასებელი განცდაა, როცა ხედავ, რომ შენი ხალხი შენ გვერდით დგას...


- როცა აჟიოტაჟმა და ყურადღებამ პიკს მიაღწია და „ოლ სტარში" შენი მოხვედრა რეალური გახდა, არ გაგიჭირდა თამაშზე კონცენტრირება?

- ზედმეტად არც მინერვიულია, დიდ სიამოვნებას და სტიმულს კი ნამდვილად ვგრძნობდი. ვხედავდი, რომ მარტო არ ვიყავი ბრძოლის ველზე! ყველას თავისი ცხოვრება და საქმე აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ათასობით ადამიანი ყოველდღიურად მითმობდა ყველაზე ძვირფასს - დროს!


- შენც დაწერე და ბოლო რამდენიმე კვირამაც დაადასტურა, რომ ძალა მართლაც ერთობაშია!

 

- „ოლ სტარში" თამაშის უფლების მოპოვებას წლების განმავლობაში დაუღალავი შრომა, სტაბილურობა და იღბალი სჭირდება. „ყველა ვარსკვლავის მატჩთან" ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ... ხალხის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამას იმიტომ არ ვამბობ, სასტარტო ხუთეულში რომ ვერ მოვხვდი, მართლა ასე ვფიქრობ - ხალხის სიყვარულს და პატივისცემას ვერც იყიდი და ვერც რამდენიმე დღეში მოიპოვებ. წლობით თავდაუზოგავად უნდა იშრომო...

 

- ორმაგად გულდასაწყვეტია, რომ მესამე ადგილზე გასულ კონკურენტს მხოლოდ 14 ათასი ხმით ჩამორჩი...

 

- ბევრს დასწყდა გული, მაგრამ მე სიამაყით უფრო ვუყურებდი შედეგებს, ვიდრე სინანულით, რადგან ამდენი ხმა მოვაგროვე და ასეთ მაგარ კალათბურთელებს გავასწარი! როცა შედეგები გამოაცხადეს, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს, ერთი ქულით წამეგოს თამაში ძლიერ გუნდთან! ბედნიერი ვიქნებოდი, „ოლ სტარის" მოთამაშეთა შორის რომ ავერჩიე, მაგრამ ეს პირადი მიღწევაა, მათ კი, ვინც ჩემი თამაშის სტილი და ჩემი ხასიათი იციან, კარგად მოეხსენებათ, რომ გუნდის გამარჯვებაზე ორიენტირებული მოთამაშე ვარ. აშშ-ის მასმედიაც და ქომაგებიც გაკვირვებული არიან ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერით. ბევრმა მათგანმა მხოლოდ ახლა გაიგო საქართველოს სახელი და ეს აქტიურობა თუნდაც ამად ღირდა!

 

- ამიტომაც იკითხეს ერთ-ერთი ამერიკული ტელე-შოუს წამყვანებმა გაოცებით - განა რამდენია საქართველოს მოსახლეობა, ფაჩულიამ ამდენი ხმა რომ მიიღოო?!

 

- ბოლოს, ყველა მიხვდა, რომ ეს ყველაფერი სიყვარულით, პატივისცემით და რაც მთავარია - გულით იყო გაკეთებული! NBA-ში საქართველოზე დიდი ქვეყნების წარმომადგენლები თამაშობენ. მაგრამ არათუ მათ, ამერიკელ კალათბურთელებსაც კი გაუჭირდათ იმდენი ხმის მოპოვება, რამდენიც მე მივიღე. თანაც, ეს ყველაფერი სპონტანურად, წინასწარი მომზადების გარეშე მოხდა, ქართველი ქომაგების ინიციატივით, რისთვისაც ორმაგად მადლობელი ვარ. გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც სხვადასხვა სახის საინიციატივო აქციებს ჩაუდგა სათავეში. ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება, მაგრამ განსაკუთრებული მხარდაჭერა ვიგრძენი ბერა ივანიშვილისგან, ტელეგადაცემებისგან „ნიჭიერი", „რა? სად? როდის?" და ა.შ. მხარდაჭერის აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართული სამინისტროები, სპორტული ფედერაციები თუ რიგითი გულშემატკივრები...


- ეს აქციები მართლაც სპონტანურად დაიგეგმა, მაგრამ შენმა თანაგუნდელმა დირკ ნოვიცკიმ, რომელსაც დიდი სხვაობით აჯობე, იხუმრა - ზაზამ ყველა ქართველს უთხრა, მისთვის ხმა ყოველდღიურად მიეცათო...


- თანაგუნდელებიც მქომაგობდნენ. პირველადი შედეგები რომ გამოქვეყნდა, ყველამ ბევრი ვიცინეთ, რადგან მე ორჯერ მეტი ხმა მქონდა, ვიდრე ისეთ დიდ მოთამაშეს, როგორიც დირკ ნოვიცკია! პირველად სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა მქონდა...

 

- თუმცა, ისეთებიც არიან, ვისაც „ოლ სტართან" დაკავშირებული ეს „განსაკუთრებული მხარდაჭერა" აღიზიანებს...

 

- ყველას საკუთარი აზრი აქვს. ისე კი, ყოველთვის კარგია, როცა შენს ქვეყანას გვერდით დაუდგები (ჩემს შემთხვევას არ ვგულისხმობ!). სწორედ ამიტომ დავწერე, რომ ძალა ერთობაშია - რაც მეტი ადამიანია ერთად, მით უფრო ძლიერები არიან! ეჭვი არ მეპარება, კიდევ ბევრჯერ ვიქნებით ასე ერთ მუშტად შეკრული. საზღვარგარეთ შენს ქვეყანას წარმოადგენ და როცა უცხოელები ხედავენ, როგორი ერთიანობა შეუძლია შენს ხალხს, მეტად გაფასებენ.


- რამდენად რეალურია შანსი, ზაზა ფაჩულია „ოლ სტარის" სათადარიგო მოთამაშეთა შორის მაინც მოხვდეს? ამისთვის ფორვარდების სამეულიდან რომელიმე უნდა დაშავდეს, ან კლუბების მწვრთნელებმა უნდა აგირჩიონ...

 

- შანსი ყოველთვის არსებობს, მაგრამ... კონკურენციაც დიდია და თანაც, ჩემზე არაფერია დამოკიდებული. თუმცა, მე ყველა შემთხვევაში გავაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას და ვეცდები, მოვალეობა პირნათლად შევასრულო. გვინდა, ეს კარგი სეზონი განსაკუთრებულად დასრულდეს. თუნდაც იმიტომ, რომ დირკ ნოვიცკისთვის ერთ-ერთი უკანასკნელი სეზონია და ვცდილობთ, რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ, დირკი დამარცხებული რომ არ წავიდეს სპორტიდან!

 

- მართალია, რომ შენ და ნოვიცკის ნაძლევი გაქვთ დადებული - მიმდინარე სეზონში ვინ უფრო მეტჯერ ჩატენის ფარში?

 

- მართალია და ჯერჯერობით ისევ წინ ვარ - „ოკლაჰომასთან" მატჩის შემდეგ 11:4 გახდა ჩემს სასარგებლოდ. რაზე დავნაძლევდით? ამას ვერ გაგიმხელთ...

 

- „დალასში" გადასვლის შემდეგ „მეორე სუნთქვა გაგეხსნა" და კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებ - ეს რის დამსახურებაა?

 

- იმის, რომ ასეთ ძლიერ გუნდში აქამდე არ მითამაშია. „დალასი" დაკომპლექტებულია ძლიერი, გამოცდილი მოთამაშეებით, რომლებმაც სწორად თამაშიც იციან, არც წარმატება უკვირთ და პირადზე წინ გუნდის ინტერესებს აყენებენ. ჩემი წინა კლუბები ძირითადად განვითარებაზე, მოთამაშეთა გაზრდაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, „დალასში" კი, უპირველესად, გამარჯვებასა და სწორ თამაშზე ფიქრობენ. ჩემი გამოცდილება კარგად შეეწყო გუნდს და წარმატებული თამაშიც ამის დამსახურებაა.



რატი შელეგია

 

გაზეთი „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016