reportiori.ge - გზა – ონლაინ კაზინოდან სუიციდამდე – რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:46
პრეს-დაიჯესტი
გზა – ონლაინ კაზინოდან სუიციდამდე – რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში?!
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 14:06


„თვითმკვლელობის მიზეზი შვილის საქციელი გახდა, რომელმაც დაახლოებით 700 ათასი ლარი კაზინოში წააგო"

 

„მეთორმეტეკლასელმა ერეკლე იჩქითიძემ თავი ტელევიზორის კაბელით ჩამოიხრჩო"

 

ისინი კაზინოში თამაშობდნენ. ერთხელაც, დიდი თანხა წააგეს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს...


„ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში შუახნის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელობის მიზეზი შვილის საქციელი გახდა, რომელმაც დაახლოებით 700 ათასი ლარი კაზინოში წააგო".


„ლაგოდეხის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა ერეკლე იჩქითიძემ თავი ტელევიზორის კაბელით ჩამოიხრჩო".


„სოფელ შრომაში ინტერნეტით ნათამაშებ პოკერში წაგებული ფულის გამო თავი 39 წლის სოსო მაჭარაშვილმა მოიკლა".


„დედა, მე ჩემს  თავს ვსჯი, მაგრამ, ვიცი, რომ შენც გსჯი. გული კი მართლა ბევრჯერ გატკინე და მართლა ძალიან განვიცდიდი... იმედია, ღმერთი მაპატიებს", - აღნიშნული წერილი მამუკა ნანიკაშვილმა თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერა. მან თავი ონლაინ კაზინოში წაგებული თანხის გამო  მოიკლა.


ეს ქართული რეალობის ამსახველი ისტორიებია. ონლაინ კაზინოებში დაწყებული თამაში, სიკვდილთან თამაშს ემსგავსება. ასეთი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, სურათი მძაფრია, ვითარების შეცვლის გზები კი ჯერ ბოლომდე არაა გამოკვეთილი.


ჯერ იყო და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის და ახლა უკვე გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივამ გაიჟღერა:


გიორგი კვირიკაშვილი:


„რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, თქვენ ახსენეთ ინტერნეტკაზინოები. მე საფუძვლიანად შევისწავლი ამ საკითხს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე, უბრალოდ, მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. მაგრამ, ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და ვეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც, ბუნებრივია, მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს და ნამდვილად არის ჩენი საზოგადოებისთვის პრობლემა, თავიდან იქნას აცილებული".


ინიციატივის შესასრულებლად ჯერ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არ დაწყებულა. თუმცა, საზოგადოება მოლოდინის რეჟიმშია და პოზიციები არგუმენტებით გაჯერებულია.


სწორედ ამიტომ „პრაიმტაიმი" სპეციალური გამოკითხვით ხალხის პოზიციას იგებს. მათი მოსაზრებები მრავალმხრივია და თითქმის ყველა მხარის დანახვა შეიძლება.


ინგა: - კაზინო იმისთვის არის, რომ წააგოს ხალხმა. აბა, ფულის გასაცემად ხო არ გახსნის მეპატრონე?


ბექა: - ნუ, ყოველ ნაბიჯზე, როგორც არის, ეგრე არ უნდა იყოს, ან უნდა გამოიყოს ზონები, სადაც დაშვებული იქნება თამაში. დანარჩენ ტერიტორიაზე კი აიკრძალება.


მარიამი: - აკრძალვა თუ არა, რეგულაციები მაინც საჭიროა. თაღლითობის ბუდეა აქ არსებული სლოტ კლუბები. ნუ, ყველგან ასეა მჯერა, მაგრამ რაღაც ზღვარი გააჩნიათ.


სანდრო: - ხალხი რატომ არ გეცოდებათ, ხალხი. ამერიკაში რატომაა შეზღუდული? ევროპასაც მარტო მეტ...ეობით უნდა მივბაძოთ?


თამაზი: - მოსკოვი რომ მოსკოვია, იქაც სერიოზული რეგულაციებია, იმიტომ რომ, ხალხს ანადგურებს. ყველგან უნდა იყოს რეგულაციები.


გია: - 90-იანებში რა ხდებოდა არ ვიცოდეთ მაინც. თავანზე ჩალიჩი. კაზინოში რაც არ გაქვს, იმას ვერ წააგებ. თავანზე კიდევ... ისე, სტატისტიკა უნდა დაიდოს რამენაირად. თავანის გამო უფრო მეტმა მოიკლა თავი თუ კაზინოს გამო და თავანის გამო მოკლულები არ მივიღოთ სათვალავში.


ნათელა: - კანონიერი გატყავება ჯობია უკანონოდ გატყავებას, ბიუჯეტში მაინც შედის ფული.


თუმცა, ერთია ხალხის მოსაზრება, მეორე კი სახელმწიფოს პოლიტიკური ნება. რეალურად ცვლილებების ბერკეტი სწორედ ამ უკანასკნელის ხელშია. სწორედ ამიტომ, კომენტარი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ვთხოვეთ. საინტერესოა, აქვს თუ არა სახელმწიფოს წინასწარ განსაზღვრული სამართლებრივი ნორმები, რომლითაც თუნდაც ონლაინ კაზინოების საქმიანობის გამკაცრება მოხდება.


ეკა ბესელია: - საზოგადოების უმრავლესობა ადასტურებს, რომ არსებობს პრობლემა, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს სამართლებრივი ჩარჩოების შექმნა და გარკვეულწილად შეზღუდვა, ამაზე, ალბათ, კონსულტაციებია საჭირო. პრობლემა არის, რა თქმა უნდა. ბევრი ნეგატიური მოვლენა უკავშირდება ამ თემას და ბევრი სავალალო შედეგი იყო. ამიტომ, თავისთავად, ამ საკითხის მიმართ ინტერესის გამოჩენა პრემიერ-მინისტრის მხრიდან ძალიან კარგი და პოზიტიური მოვლენაა. რაც შეეხება რა ტიპის ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, ალბათ, ამ საკითხზე საჭიროა შინაარსობრივი დისკუსია და შემდეგ შემეძლება უფრო კონკრეტულად საუბარი.


- სახელმწიფო საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებს ონლაინ კაზინოებისგან, რამდენად იქნება ონლაინ კაზინოების დახურვა ხელსაყრელი ბიუჯეტისთვის?

 

- მთავარი ღირებულება აქ არ არის შემოსავლები. სახელმწიფოს ინტერესი არის ადამიანთა კეთილდღეობა და ადამიანთა უკეთესი მომავლისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და არა ის, რომ ნებისმიერი საშუალებით შეივსოს ბიუჯეტი. ჩვენი პრიორიტეტი არ არის ყველაფრის ფასად სარგებელი მიიღოს ბიუჯეტმა. ბიუჯეტი იმისთვის სჭირდება სახელმწიფოს, რომ ადამიანებს მოახმაროს. პრიორიტეტები, რომელიც დალაგებულია სახელმწიფოს მიერ, ისეა, რომ ყველაფერი ემსახურებოდეს ადამიანს. ეს თემა და თემასთან დაკავშირებული პრობლემების წამოჭრა სწორედ აქედან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში.


- თქვენი აზრით, საჭიროებს თუ არა კანონმდებლობა ცვლილებებს? მაგალითად, ჩვენთან არ არის გაწერილი თუ რამდენი უნდა იყოს კაზინოს მოგება კონკრეტული თამაშიდან, უცხოეთში კი ეს ყველაფერი რეგულირდება...

 

- გარკვეული რეგულაციები საჭიროა, ხოლო უფრო კონკრეტულად რა არის შესაცვლელი და რა ტიპის ჩარჩოები უნდა დადგინდეს, ამაზე უფრო დეტალურად უკვე შემდეგ ვისაუბრებთ.


- თქვენ, როგორც მოქალაქე და იურისტი, ემხრობით იმას, რომ უნდა მოხდეს გარკვეული რეგულაციების დაწესება?

 

- კი, აუცილებელია. როგორც ეს ხდება, სხვა ტიპის დემოკრატიულ ქვეყნებში.



ჩვენ ზაქარია ქუცნაშვილსაც დავუკავშირდით. მისთვის, როგორც მოქალაქისთვის, აზარტული თამაშები მიუღებელია. თუმცა, ფაქტი, რომ ვინმე კაზინოში დადის, არ ნიშნავს იმას, რომ ის ცუდი ადამიანია.


ზაქარია ქუცნაშვილი:

 

- ზოგადად, ადამიანები განვსხვავდებით ღირებულებათა სისტემით. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, აზარტული თამაშების ნებისმიერი ფორმა, მით უმეტეს ფულზე თამაში, მიუღებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც კაზინოში დადის ყველა ცუდი ადამიანია. მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ნებისმიერი იდეა დასაბუთებული იყოს და დასაბუთების შედეგად მიღებულ იქნას ის ოპტიმალური გადაწყვეტილება, რაც საზოგადოების და ქვეყნის განვითარებას სჭირდება.


- რამდენად მომგებიანი იქნება ონლაინ კაზინოების დახურვა?

 

- ნებისმიერი მავნე ქმედებისათვის სამი სახის დამოკიდებულება არსებობს. ერთი სრულად აკრძალვა, მეორე ნაწილობრივი შეზღუდვა და მესამე, სრული თავისუფლება. აქედან გამომდინარე, დასაბუთებული მიდგომით უნდა იყოს მოძებნილი ის გადაწყვეტილება, რომლის შედეგიც იქნება ან სრული აკრძალვა, ან ნაწილობრივი შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც მოქალაქე, არ ვარ ამის მომხრე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც კაზინოში დადის, ყველა ცუდია.


ჩვენ ასევე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინ კაზინოს „ლიდერბეთის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, მარიამ ტყაბლაძეს ვესაუბრეთ.


მარიამ ტყაბლაძე:

 

- ჯერჯერობით ჩვენთან ამ საკითხზე არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მოსულა. შესაბამისად, კომენტარს ვერ ვაკეთებ. როდესაც ინფორმაცია გვექნება სახელმწიფო ორგანოებიდან, ამაზე მერე ვისაუბრებთ.


- როგორც ვიცი, არასრულწლოვნებიც ახერხებენ ხოლმე რეგისტრაციას სხვისი პირადობების გამოყენებით, ამის კონტროლის მექანიზმის შემუშავება თუ შეიძლება...

 

- ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არასრულწლოვანებმა არ ითამაშონ. რამდენადაც ინფორმაციას ვფლობ, არ თამაშობენ არასრულწლოვნები, იმიტომ, რომ არარსებული პირადობებით ვცდილობთ არ დარეგისტრირდნენ, მაგრამ თუ ოჯახის წევრებს პირადობებს პარავენ ბავშვები, ჩვენ, ონლაინ სივრცეში, ბუნებრივია, ვერ მოვახდენთ ამის კონტროლს. თუმცა, თუ დადგება საკითხი, რომ ჩვენ უნდა შევთავაზოთ ვინმეს ამ მიმართულებით პრობლემის გადაჭრის გზები, მერე, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით მაქსიმალურად.


როგორც ჩანს, ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა და სამართლებრივი მექანიზმები ონლაინ კაზინოების მუშაობის ფორმირებასთან დაკავშირებით არ არსებობს. პრემიერის ინიციატივა ჯერ იდეაა, რომელიც განხორციელებას ელოდება. რა გველოდება წინ და როგორ მოხდება ონლაინ კაზინოებთან ურთიერთობის წარმოება და ახალი სტანდარტების დამკვიდრება, ამას დრო და კანონმდებლობა გვიჩვენებს.

 

 

 

გიორგი ურუშაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016