reportiori.ge - ლუკა კურტანიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ვაღიარე ერისკაცად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:41
პრეს-დაიჯესტი
ლუკა კურტანიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ვაღიარე ერისკაცად!
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 18:39


„რაც ჩვენს გარშემო ხდება, ამის ფონზე როცა საქართველოში ლარი 3-4 პუნქტით უფასურდება, ლამის კატასტროფად ხატავენ"


„დგება დრო, როცა გაირკვევა, ვინ არის ერთგული და უღალატო!.. ვის რა მადა ეღვიძება... საქმეში თუ უსაქმურობაში! ვინ რა შეძლო და ვინ - ვერ! ვინ უღალატა და ვინ უღალატებს ერისკაცს! ჩვენ ვართ იდეის ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია და ეს ყველას უნდა ახსოვდეს! ჩვენ გვახსოვს... ვინმეს ხომ არ გავიწყდებათ?! დაუსვით კითხვა ყველამ თქვენს თავს და პასუხსაც მალევე მიიღებთ"! - ეს სიტყვები საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლუკა კურტანიძეს ეკუთვნის.


- ლუკა, ვინც სამი წლის განმავლობაში ვერ მოვიდა აზრზე, ახლა მოვა, რამდენიმე თვეში? ან ახლა არკვევ, ვინ არის ერთგული და ვინ მოღალატე? ან სჭირდება კი ამის გარკვევა ვინმეს? ამას ხალხი თვითონ გაარკვევს ამ წლის ოქტომბერში.


- საერთოდ, ხელისუფლებაში ყოფნა არის საცდური და ამ საცდურში ვინც უფრო ღირსეულად მოიქცევა, ის მოიგებს. აი, სწორედ ამის გარკვევის დრო დგება. როგორც საქმეს სჭირდება, როგორც გუნდს სჭირდება და ქვეყანას, ჩვენ ისე უნდა ავაწყოთ სიტუაცია. ახლა მე ვხედავ რაღაც ნიშნებს, სადაც უფრო მეტი ემოციებია ჩადებული, ზოგი ვერ თოკავს ამ ემოციებს და მიდის გინება. უკვე ისე შეიჭრნენ როლებში, რომ ერთმანეთს უმტკიცებენ, ვინ ვისზე უკეთესია, ვის უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვის ნაკლები და ასე შემდეგ. ამაზე საუბარი, საერთო ჯამში, გუნდს აკნინებს. მე ვფიქრობ, ყველამ თავი უნდა შეიკავოს და პრობლემები მოგვარდეს შიდა მსჯელობით. დადგა დრო, გავაანალიზოთ, რა მოხდა, ვინ იყო კარგი, ვინ იაქტიურა... მე ვგულისხმობ მართალ აქტიურობას, თორემ ზოგიერთი გიჟი ყველაზე მეტად აქტიურობს, ასეთების ადგილი იქ არ არის, სადაც ქვეყნის საქმე კეთდება. ასევე, უნდა დავინახოთ შეცდომები და ასე ჩავერთოთ საარჩევნო ბატალიებში.


- ანუ, შენი ლაპარაკიდან გამოდის, რომ კოალიციაში დიიიდი პრობლემებია.


- არის, ამას ყველა ვხედავთ... კოალიციაში უკვე მიდის საუბარი, ვინ ვისზე მეტია, ვინ ვისზე განათლებულია, ვინ ვისზე მაგარი ტიპია და ასე შემდეგ. ეს ჩვენ ნამდვილად არ გვმატებს ღირსებას და ვფიქრობ, ყველა უნდა დაფიქრდეს.


- მე მგონი, უკვე გვიანია თითზე კბენანი.


- არა, გვიანი არ არის... არჩევნებამდე თითქმის ერთი წელია დარჩენილი და ასეთი ღელვა ნაადრევად მეჩვენება. ახლა მთავარია ის პრინციპები, რაც ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოვიპოვეთ - ეს არის ადამიანის უფლების დაცვა, საკუთრების დაცვა, სოციალური საკითხები... ასევე, ეროვნული ინტერესები, რა მხრივაც გლობალური შემოტევაა. კი, ბევრი რამ არ მოგვწონს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ბრალი, ეს გლობალური პრობლემაა, ყველა ქვეყანას აწუხებს.


- ყველა ქვეყანას რა აწუხებს?


- პირველ რიგში, აწუხებს სოციალური მდგომარეობა. მეორე არის ეროვნული ღირებულებები, რომელიც მაქსიმალურადაა დასაცავი. მე გერმანიაში 12 წელი ვცხოვრობდი და იქაც დგას ეს პრობლემა.


- ჩვენ დღეს ძალიან გვაწუხებს ლარის გაუფასურება... მეგონა, ამით დაიწყებდი.


- რაც ჩვენს გარშემო ხდება, ამის ფონზე როცა საქართველოში ლარი 3-4 პუნქტით უფასურდება, ლამის კატასტროფად ხატავენ.


- ნამდვილად! როდესაც ადამიანისთვის, რომელსაც ბანკიდან სესხი აქვს აღებული და იმას არავინ უწევს შეღავათს, იმისთვის კატასტროფაა. აგერ, ორი დღის წინ ლარის კურსი იყო 2,44 და უცებ ავარდა 2,50-ზე. ეს ნამდვილად კატასტროფაა!


- ჩვენში ბანკები სცოდავენ... ჩემი აზრით, ეს სისტემა საერთოდ მოშლილია. აქ ბევრი რამეა დასარეგულირებელი, რადგან სიტუაცია თვითდინებაზეა მიშვებული.


- და რატომ?


- იმიტომ, რომ ეს არ არის გუშინდელი პრობლემა. ვაჟბატონი ქადაგიძე რომ გამოდის და მამა აბრამის ბატკანივით ლაპარაკობს, ასე არ არის. იქით საკონსტიტუციო სასამართლოს ჰყავს კიდევ „ნაციონალი" თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი. ჩვენ კარგად ვიცით, ვინ სად იყო და როგორ იყო. რომ არა ეს ხალხი, ბევრი რამე სამართლიანად გადაწყდებოდა. ეს პრობლემები უახლოეს ხანში გადაიჭრება, ამაზე წავა აქტიური მუშაობა. ბანკების მიშვება ასე არ შეიძლება, ისინი თვითნებურად ზრდიან პროცენტებს და კურსის რყევასაც ხელოვნურად იწვევენ.


- სხვათა შორის, მაგ ქადაგიძეზე ივანიშვილს ერთი ზედმეტი სიტყვა არ დასცდენია, პირიქით. ჩვენ ვიცით, რომ მას დასაჭერად ჰქონდა საქმე და ივანიშვილის წყალობით, პოსტიც კი შეინარჩუნა... კარგი, გავაგრძელოთ. ამ თქვენს დაპირებებში სამი წელი გავიდა და ამასობაში ჩვენ ტყავი გაგვაძრეს. ჩვენ რა ვქნათ? თქვენს გადანაწილებებსა და კარგ ცხოვრებას ვუყუროთ?


- კი ბატონო, მართლაც ბევრი პრობლემა იყო, ბევრი მოგვარდა და ბევრიც დარჩა. ჩვენი გუნდის პრობლემა ისიც არის, რომ გაკეთებულ საქმეებზე არ ვლაპარაკობთ, არ ვუხსნით ხალხს იმ მოსაზრებით, ხომ არ დავაყვედრით? თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს არის მინუსი, მოსახლეობას არ მიეწოდება ინფორმაცია. უნდა იყოს იმედი და არა პიარი. მალე შეიცვლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც და ის არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული. ახლა გაურკვეველია, ქადაგიძე საიდან და ვის მიერ იმართება.


- ერთმა გენიოსმა ბანკირმა თქვა, ქვეყანაში მომეცით ფულის მოჭრის საშუალება და თქვენ გინდათ პრემიერ-მინისტრები იყავით, გნებავთ - პრეზიდენტები, გნებავთ _ პარლამენტარები, ფეხებზეც არა მკიდიხართო. თქვენ „ნაციონალებს" დაუტოვეთ ყველაზე მთავარი - „ფულის მოჭრის" საშუალება და ბანკები. კი, ბატონო, იყავით მინისტრები და დეპუტატები, იმათ ფეხებზეც არა ჰკიდიხართ, ვერაფერსაც ვერ აკლებთ.


- კი, ეს პრობლემა მოსაგვარებელი და გადასაწყვეტია. ერთ თვეში ეს ამბავი გადაწყდება.


- ერთ თვეში ქადაგიძე ისედაც მიდის და მის ადგილზე „ნაცები" ვის დანიშნავენ, ისიც არ იცით.


- ეროვნულ ბანკში მოვა ის ადამიანი, რომელიც იქნება თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან. სამწუხაროდ, საქართველოში უმტკივნეულოდ არაფერი ხდება.


- ლუკა, შენ თავიდან ისე დაიწყე, რომ მომეჩვენა, მე მგონი, პარლამენტში მშვიდობის მტრედის ფუნქცია დაგაკისრეს.


- არა ვარ არა მშვიდობის მტრედი... უბრალოდ, არ მინდა, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ერთი გუნდის წარმომადგენლები იწყებენ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას და იმის მტკიცებას, ვინ ვისზე უკეთესია. თუ ჩვენ დავიწყებთ ერთმანეთის გინებას, ხალხი იტყვის, ესენი ერთმანეთს ვერ იტანენ და საქართველოს აიტანენო? ყველაფრის გამოტანა სააშკარაოზე არ შეიძლება.


- მალეთ, მალეთ, ჭირი თავს მაინც არ დამალავს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხედავთ, რა უბედურებაც გვჭირს.


- ჩვენ გვჭირდება თვითკრიტიკა, თვითანალიზი და ამის შემდეგ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: ვარ კი მე მზად შემდეგი ბრძოლისთვის თუ არა? თუ ადამიანი მზად არ არის, მაშინ უკვე პრობლემაა.


- როდესაც შენ ერთიანობაზე ლაპარაკობ, ეს შეიძლება კეთილშობილი საქმეა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა უკვე თქვა, რომ პარლამენტში ბევრი ვეღარ მოხვდება. აქედან დასკვნა, ერთიანობაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია.


- გასაგებია, სწორედ ეს უნდა გადავწყვიტოთ გუნდში. როდესაც მე მსოფლიო ჩემპიონატებზე გავდიოდი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, შემეძლო თუ არა შედეგის გაუმჯობესება. როცა კითხვის ნიშანი გაჩნდა, მაშინ დავამთავრე კარიერა. ამიტომ, ყველამ ჰკითხოს თავის თავს, შეუძლიათ, დარჩნენ პარლამენტში?


- კარგი რა, რომელი გეტყვის, გავაანალიზე და აქედან მივდივარო? ვის ეთმობა თბილი სავარძელი?


- როდესაც წინსწრებით მიდის ლაპარაკი, ვინ იქნება მომავალ პარლამენტში, ესეც შეცდომაა. ამაზე საუბარი იქნება შიგნით, გუნდში.


- სად შიგნით, ბიძინა ივანიშვილთან?


- ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ვაღიარე ერისკაცად. მან ძალიან ბევრი საქმით დაამტკიცა თავისი კაცობა და იმდენი გააკეთა, ერთად აღებულ მთელ პოლიტიკურ სპექტრს არ გაუკეთებია. ამ ადამიანთან დავსხდებით და დავილაპარაკებთ, ეს არ არის დასამალი. ახლა ყველა ლაპარაკობს, რომ მაგარია... 2012-ში ბევრი ხმას არ იღებდა, მაშინ სარისკო იყო, შეიძლებოდა ადამიანს სიცოცხლე საპყრობილეში დაესრულებინა. თუ იქიდან გამოხვიდოდი, ცოცხალ-მკვდარი იქნებოდი. ბიძინა ივანიშვილმა უსისხლოდ მოაშორა სააკაშვილის რეჟიმი. დღეს მე რა უფლება მაქვს, ამ ადამიანს არ მოვუსმინო და რჩევები არ გავითვალისწინო? პარლამენტში ჩქარობენ, უნდა დაველოდოთ, შეიძლება ხვალ სულ სხვა მოცემულობა იყოს. ყველამ აკეთოს თავისი საქმე, ერთმანეთის ლანძღვით ვერაფერს მოვიგებთ. მე მაქვს და კიდევაც მექნება ივანიშვილთან საუბარი, თუ მეტყვის, ახლა პარლამენტში კი არა სხვაგან მჭირდებიო, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ისე წავალ ბრძოლის ველზე.

 

 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016