რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების გამოძიების დაწყებას ეხმაურება.
დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ტასოევის განცხადებით, ჰააგის სასამართლო გამოძიებისას გვერდს ვერ აუვლის ქართველი ჯარისკაცების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ათასობით ჩვენებას:
„ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ქართველი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილ სისასტიკეს, შეგროვდა და გადაეცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მტკიცებულებების ბაზაში დეფიციტი არ არის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები მინიმალური მიუკერძოებლობის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ გვერდი აუარონ ამ მრავალრიცხოვან მტკიცებულებებს", - განაცხადა ტასოევმა.
შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ნება დართო. საქმე ეხება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია.