„აფბას" ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე ონლაინ-კაზინოების აკრძალვაზე საუბრობს და აღნიშნული მიმართულებით საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. როგორც კუკულაძემ „ალიასთან" ინტერვიუში განაცხადა, კარგია, რომ პრემიერ-მინისტრიც აღნიშნულის მომხრეა და ეს თემა წინ წამოსწია.
„ონლაინ-კაზინოების აკრძალვაზე 2013 წელს იყო ლაპარაკი პარლამენტისა და მთავრობის დონეზეც, მაგრამ სათამაშო ბიზნესის ლობისტებმა ეს საკითხი ჩაახშეს და მიაჩუმათეს. ახლა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელახლა წამოსწია ეს თემა და მისასალმებელია, თავად პრემიერი რომ არის მომხრე. კი, ვიცით, რომ სერიოზულ ფინანსურ და პოლიტიკურ ძალას ვუპირისპირდებით, ძალიან გავლენიან ძალებს ქვეყანაში, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს და თუ ხალხი დაგვიდგა გვერდით, თუ ერთად ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ უთუოდ მოვერევით და ჯერ სერიოზულ შეზღუდვებს დავუწესებთ ონლაინ-კაზინოებს, მკაცრ რეგულაციებში მოვაქცევთ, ამით ჩვენს მოქალაქეებს დავიცავთ, შემდეგ კი ავკრძალავთ და ამ ფინანსურ-პოლიტიკურ კლანებს დავამარცხებთ", - განაცხადა კუკულაძემ.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „ალია"