საარჩევნო პერიოდში განმეორებით ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა, სისხლის სამართლის სანქციით შეიცვალოს.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დავალებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
„მე ეს დავალება მივიღე. იგი უკვე გადაცემულია ჩემს სამინისტროში, სამართალშემოქმედებისა და ანალიტიკურ დეპარტამენტებში, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას, რომ ჩავხედოთ, როგორია სხვა ქვეყნების პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში და მაქსიმალური აქცენტი (და ასეთი იყო შინაარსიც პრემიერ-მინისტრის დავალების) გაკეთდეს ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც წინასაარჩევნო ან არჩევნების დროს მიმდინარე პროცესს ეხება და არამხოლოდ ადმინისტრაციული სანქციების მიმართულებით ვიფიქროთ, არამედ ვიფიქროთ იმაზეც, როდესაც ერთხელ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი არ შეიცვლის ქცევის წესს, მაშინ რა შეიძლება მოხდეს? არ არის გამორიცხული სისხლის სამართლის სანქციაც. ეს არის დავალება, რომელიც მივიღეთ, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ გამოსავალს და პასუხებს.
საარჩევნო გარემო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კიდევ უფრო გაუმჯობესებული, სამაგალითო უნდა იყოს, ასევე, ბოლომდე დაცვლილი ძალადობისგან, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, რადგან ეს არის შეჯიბრი, ხოლო არჩევანს აკეთებს ამომრჩეველი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საარჩევნო პერიოდში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრების წინადადებით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა და იუსტიციის მინისტრს კანონმდებლობის სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესაბამისად გადახედვა სთხოვა.