ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბოლო 5-6 დღის განმავლობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა, კერძოდ 24-საათიანი ოჯახის ექიმის ცენტრების გახსნამ, თბილისის სასწრაფო დახმარება 3 000 გამოძახებით განტვირთა, ვინაიდან გაიზარდა ექიმის გასინჯვის მიწვდომადობა და პაციენტები უფრო კვალიფიციურ დახმარებას იღებენ. მისი თქმით, გრიპით ავადობის სიხშირე მცირედითაა გაზრდილი და ეპიდემიურ საფრთხეს არ წარმოადგენს.
სერგეენკომ ასევე განმარტა, თუ რატომ ხდება სკოლებსა და ბაღებში სწავლის შეწყვეტა მაინცდამაინც სამი დღით და მაშინ როდესაც დაავადების რიცხვი 20%-ზე მაღალია.
„ამ დაავადების სპეციფიკა არის ისეთი, რომ ყველგან ერთბაშად არ ვრცელდება. სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის სხვადასხვა ქალაქების სკოლებში აქვს გარკვეული პერიოდი. მაგალითად, როდესაც გაჩნდა მაღალი ავადობა თბილისში, ერთი კვირის შემდეგ მოყვა იგივე ქუთაისში. ამ სიტუაციაში მეცნიერულად დადასტურებული მიდგომაა, რომ ერთდროულ შეწყვეტას, არა თუ აზრი არ აქვს, არამედ შეიძლება ჰქონდეს რისკები. შესაბამისად, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ჩვენ წინასწარ გადავდგით ეს ნაბიჯი და იმ სკოლებში და ბაღებში, სადაც 20%-ზე მეტი იყო ავადობა, შევაჩერეთ სწავლა სამი დღით, იმიტომ ეს არის საშუალო ინკუბაციური პერიოდი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის გრიპით და მას მოყოლილი გართულებებით გარდაცვლილია 6 ადამიანი, რასაც ჯანდაცვის მინისტრმა ძალიან სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ექვსივე შემთხვევის უკან დგანან ადამიანები და ოჯახები. მისივე ინფორმაციით, გრიპის ვირუსით საშუალო სიკვდილიანობა ბოლო წლების განმავლობაში 10-12 შემთხვევას შეადგენს.