სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ პანკისში სრულიად მშვიდი ვითარებაა და იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება.
გომელაური ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ისლამური სახელმწიფოს" კავკასიის ბატალიონი, რომელსაც ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტერაქტებს გეგმავს.
„პანკისს რაც შეეხება, იქ სრულიად მშვიდი ვითარებაა. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება. რაც შეეხება ახმედ ჩატაევს, ის კანონიერად გათავისუფლდა და შეცდომა იყო თუ რა იყო, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. პასუხს ვერ გავცემთ ვერც ერთ ქვეყანას, თუ რას ამზადებს ის და რას გეგმავს. თუ ჩვენ გვექნება რაიმე ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მივაწვდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პანკისის ხეობაში სიმშვიდეა და არანაირი პრობლემა არ არსებობს დღესდღეობით. როგორც სხვა ხეობებში, გრძელდება იქ ცხოვრება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.