30 იანვარს, 17:30 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნება. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ განახლებული თეატრი „აბესალომ და ეთერის" პრემიერას წარმოადგენს.
სპექტაკლის დაწყებამდე, თეატრის წითელ და ცისფერ დარბაზებში გამოფენილი იქნება „გორდასა" და „აბესალომ და ეთერის" კოსტიუმები და პარტიტურები, ასევე წარმოდგენილი იქნება ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი გამოფენა.
სპექტაკლის „აბესალომ და ეთერის" ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია; მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს შეასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები - ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები - თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი. დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი „სამოსელი პირველის" მიერ არის შეკერილი.
„აბესალომ და ეთერის" საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 31 იანვარს, 2 და 21 თებერვალს.