ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი თბილისის მერიის პროგრამის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც მერია ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსებას უზრუნველყოფს:
„ყურადღება!!! გაავრცელეთ!!! ყველას გააგებინეთ!!!
ასეთ პროგრამებს ბევრი მდიდარი ქვეყანა ვერ აფინანსებს.
ბრავო - თბილისის მერიას!!!
ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების
ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის ერთწლიანი კურსის დაფინანსება (13 ფლაკონი) სოციალურად დაუცველ პირთა შემთხვევაში მოხდება 35 100 ლარით, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში - 28 080 ლარით.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური იწყებს ახალი - ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელებას. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარია და მისი მიზანია ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და მკურნალობის კურსის ჩატარება. ქვეპროგრამა ითვალისწინებს (HER2-დადებითი) ძუძუს ადრეული კიბოს (I-III სტადია) მქონე პირებისთვის პრეპარატ-ჰერცეპტინის დაფინანსებას.
თბილისის მერია, ქვეპროგრამის ფარგლებში, პაციენტებს პრეპარატის მაქსიმუმ 1 წლიანი კურსისთვის საჭირო თანხას აანაზღაურებს. ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს 80%-ით.
ქვეპროგრამაში ჩაერთვებიან, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზი (I-III სტადია) აქვთ და უნდა ჩაუტარდეთ ნეოადიუვანტურ/ადიუვანტური მკურნალობა.
ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის ერთწლიანი კურსის დაფინანსება (13 ფლაკონი) სოციალურად დაუცველ პირთა შემთხვევაში მოხდება 35 100 ლარით, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში - 28 080 ლარით.
2006 წლიდან აშშ-ს და ევროპის ონკოლოგთა ასოციაციები HER2-დადებითი ძუძუს კიბოს შემთხვევაში რეკომენდაციას აძლევენ ჰერცეპტინით მკურნალობას, რომელიც 40-45%-ით ამცირებს რეციდივის რისკს, ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ადრეულ სტადიაში განკურნებასაც განაპირობებს. პრეპარატი ჰერცეპტინი (საერთაშორისო დასახელება - ტრასტუზუმაბი) 2013 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ესენციური (აუცილებელი) მედიკამენტების ნუსხაში შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ ჰერცეპტინით დაფინანსების თვალსაზრისით, სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი პროგრამის განხორციელება უპრეცედენტო შემთხვევაა.
ქვეპროგრამა თბილისის საკრებულოს მიერ წესის დამტკიცების შემდგომ ამოქმედდება და მოსარგებლეები მერიაში მომართვისა და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ ჰერცეპტინის დაფინანსების საგარანტიო წერილს მიიღებენ. ქვეპროგრამაში წარსადგენად მოსარგებლე პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ტარგეტული თერაპიისა და ოპერაციული მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულებებიდან გაცემული მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (ფორმა №IV-100/ა), რომლებიც გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს, 2 თვით ადრე. ამასთან, ტარგეტული თერაპიის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ გაცემულ ფორმა №IV-100/ა-ში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მოსარგებლის წონა, ჩასატარებელი ტარგეტული თერაპიის სქემა.
ე) HER-2 დადებითი ძუძუს ადრეული სტადიის სადიაგნოსტიკო კვლევების (იმუნოჰისტოქიმიური კვლევა, ხოლო იმუნოჰისტოქიმიით +2 ქულის შემთხვევაში ასევე, in situ ჰიბრიდიზაციის მეთოდით კვლევა (ფლუოროსცენტული (FISH) ან ქრომოგენული (CISH)) დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ვ) მკურნალი ექიმის მიერ მედიკამენტზე გაცემული რეცეპტის (ფორმა N3) ასლი;
ზ) ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 კვირით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა (რომელიც მოიცავს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის დასკვნას), პაციენტისთვის ჰერცეპტინით ტარგეტული თერაპიის ჩატარების აუცილებლობისა და თერაპიის ჩატარებისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;
თ) კალკულაცია, მიმწოდებელი ორგანიზაციიდან."