„საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ავტომობილის დათვალიერებისას „მაკაროვის" ტიპის იარაღი და მჭიდი აღმოაჩინეს.
კუჭავას „მერსედესის" მარკის ავტომობილს წუხელ, 11 საათის განმავლობაში პოლიციის მთავარ სამმართველოში ათვალიერებდნენ.
დათვალიერების პროცესს კუჭავას ქვრივი მარინა ნიკოლოზაშვილი და ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე დაესწრნენ, რომლებსაც ავტომობილის სავარძლის ქვეშ, იარაღის არსებობა საეჭვოდ მიაჩნიათ.
„ბიძინა კუჭავა სახლიდან გავიდა 2016 წლის 16 იანვარს, მისი მანქანა ნაპოვნი იქნა მეორე დღეს. მანქანა ორი დღის განმავლობაში ცაგარელის ქუჩაზე იდგა ღია მდგომარეობაში. მანქანა დათვალიერებული და დალუქული იქნა. დღეს კი მანქანაში დამატებითი დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა იარაღი. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი. გავარკვევთ, ვისია ეს იარაღი და ვის ეკუთვნის", - განაცხადა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.
ბიძინა კუჭავას ქვრივის მარინა ნიკოლოზაშვილის თქმით კი, ოჯახის პოზიცია გამყარდა ეჭვებთან დაკავშირებით.
„ეჭვები კვლავ მაქვს და უამრავი ახალი კითხვა გამიჩნდა. როგორც თავიდან ვაცხადებდი, ახლაც გამოვრიცხავ, რომ ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა", - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.