ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, „ვეფხისტყაოსანი" არაბულ ენაზე დაიბეჭდა. კაიროში საქართველოს საელჩოსა და ეგვიპტის კულტურის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე, პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ვეფხისტყაოსნის" არაბული გამოცემის პრეზენტაცია და სემინარი კაიროს წიგნების 47-ე საერთაშორისო გამოფენის „47th Cairo International Book Fair" ფარგლებში 31 იანვარს გაიმართება. კაიროს წიგნების საერთაშორისო გამოფენა რეგიონის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან გამოფენად მიიჩნევა და არაბული სამყაროს გამომცემლობების მთავარ ღონისძიებად ითვლება.
წიგნის პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს ეგვიპტეში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი.
პრეზენტაციას ეგვიპტის წიგნების გენერალური ორგანიზაციის წარმომადგენლები, კაიროში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ეგვიპტის კულტურის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
„ვეფხისტყაოსნის" არაბულ ენაზე გამოცემის პროექტის ფარგლებში საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობდა ეგვიპტის კულტურის მინისტრთან, წიგნების გენერალური ორგანიზაციის თავმჯდომარესთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან.
ქართული დამწერლობის წარმოჩენის მიზნით წიგნის ყდაზე გამოყენებულია ქართველი კალიგრაფის, ფიქრია ჭაბუკიანის ნამუშევრები და სერგო ქობულაძის ილუსტრაციები.
ღონისძიებას ესტუმრება და პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვა სირიაში 70-იან წლებში მოღვაწე ქართველი მეცენატის ლევან საღარაძის შვილიშვილი, თინათინ მხეიძე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლევან საღარაძის თაოსნობით, 1984 წელს სირიის დედაქალაქ დამასკოში არაბულ ენაზე პირველად ითარგმნა და გამოიცა „ვეფხისტყაოსანი". მის გამოცემაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ცნობილი ქართველი მეცნიერები.
წიგნის წინასიტყვაობა ცნობილ ქართველ მეცნიერს გურამ ჩიქოვანს ეკუთვნის.
არაბულ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსანი" ეგვიპტის წიგნების გენერალური ორგანიზაციის სხვადასხვა მსხვილ მაღაზიაში გაიყიდება.
აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსნის" არაბულ ენაზე გამოცემა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველო-ეგვიპტის მჭიდრო კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და არაბულ სამყაროში ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის მიმართულებით.