„ეთნიკური განსაკუთრებულობა, რაც პანკისის ხეობაში არის, უნდა გახდეს ერთიანი ქართული კულტურის შემადგენელი კიდევ უფრო აქტიური ნაწილი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პანკისის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა პანკისის მცხოვრებ თამარ თურქოშვილს ქართველი საზოგადოებისა და პანკისის ხეობისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის ღირსების ორდენი გადასცა. 56 წლის თამარ თურქოშვილი 9 წელია ომალოს ავარიულ ბიბლიოთეკას ანაზღაურების გარეშე უვლის.
„გულმა თქვენკენ გამომიწია, მაგრამ მარტო არ ჩამოვედი, ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ ამერიკის და ევროკავშირის ელჩები, რადგან მათაც მინდა ვაჩვენო ის მხარე, ის ხალხი, რომლითაც ყველანი ვამაყობთ. ის შრომისმოყვარეობა, ის ურთიერთობა, სტუმარ-მასპინძლობა, რომელსაც ჩვენ აქ ვაჩვენებთ, რომელიც საამაყო გვაქვს არა მხოლოდ ქართველობაში, მთელ საერთაშორისო პარტნიორებთან და მეგობრებთან", - განაცხადა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისი წარმომადგენელი პანკისის ხეობაში ბევრ პროექტს ახორციელებს და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
შეხვედრაზე ხეობაში არსებულ სოციალურ პრობლემებთან ერთად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზეც იმსჯელეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, ხეობაში, როგორც დანარჩენ საქართველოში, იდენტური პრობლემებია.
ირინა იმერლიშვილის თქმით, სერგეი ლავროვის განცხადება პროვოკაციაა და ხეობაში არანაირ კანონსაწინააღმდეგო დაჯგუფებები არ არიან, ხეობა კი სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ.
სერგეი ლავროვის განცხადებაზე გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი არ გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, ლავროვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთოს.
მარგველაშვილთან ერთად ხეობაში აშშ-ის ელჩი იან კელი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი იმყოფებოდნენ.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინა ის პრობლემები, რომლებიც ხეობას აწუხებს და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს: ეს პრობლემებია კი უმუშევრობას და ხეობის გაზიფიცირებას უკავშირდება.
აშშ-ს ელჩის იან კელის თქმით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ტერორიზმთან ბრძოლაში. იან კელის განცხადებით, როგორც ეს არაერთხელ თქვეს ქვეყნის პირველმა პირებმა, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, ისიც ადასტურებს, რომ მათი ინფორმაციით, პანკისის ხეობაში არანაირი ტერორისტული საწვრთნელი ბაზები არ არსებობს.