კულტურის პალატის ინიციატივით, ქართული საოპერო სამყაროს ერთ-ერთ უდიდესი წარმომადგენლის და სახალხო არტისტის მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი ოპერის წინ საზეიმოდ გაიხსნება.
ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონია დღეს, 18:00 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილი "აბესალომ და ეთერის" საპრემიერო ჩვენება მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება.
88 წლის სოპრანოს ვარსკვლავი კულტურის პალატის დაფინანსებით და მხარდაჭერით დამზადდა.
ეს იქნება რიგით მე-4 ვარსკვლავი ოპერისა და ბალეტის წინ ნოდარ ანდღულაძის, პაატა ბურჭულაძისა და ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავების შემდეგ. ღონისძიება თეატრის გახსნის საზეიმო კვირეულის ფარგლებში ჩატარდება.
მედეა ამირანაშვილმა 1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, რის შემდეგ იყო ამ თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის "დაისი" და "აბესალომ და ეთერი"), მზია (თაქთაქიშვილის "მინდია"), ლელა (ლაღიძის "ლელა"), ტატიანა (ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ზემფირა (რახმანინოვის "ალეკო"), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970).
მედეა ამირანაშვილი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია.