საქართველოში ავსტრიის საპატიო კონსული ევა ბერგერი გარდაიცვალა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევა ბერგერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:
„საქართველოში ავსტრიის საპატიო კონსულის ევა ბერგერის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ავსტრიელი და ქართველი ხალხისთვის. მას მრავალმხრივი დიპლომატიური და კომერციული მოღვაწეობის განმავლობაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და ავსტრიის მეგობრობის განმტკიცების და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საქმეში. ქალბატონი ევა, გარდა საპატიო კონსულისა, წლების განმავლობაში გახლდათ ავსტრიის ავიახაზების წარმომადგენელი საქართველოში. ევა იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი, ევროპელი, რომელიც გველაპარაკებოდა ევროპულ ენაზე, გვაჩვევდა ევროპულ წესებს და ჩვევებს და ყველაფერს ამას აკეთებდა განსაკუთრებული სითბოთი, სუფთა ევროპულ-ავსტრიული ტაქტით და მისთვის ჩვეული იუმორით. იგი უამრავ ქართველს და ქართულ ოჯახს დაეხმარა, მე ვიტყოდი, ბევრი მათგანი გადაარჩინა.
მინდა, მადლიერება გამოვხატო ევა ბერგერის მიერ გაწეული საქმიანობისადმი, რომლის შედეგიცაა ჩვენი ქვეყნის წინსვლა, მათ შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღწევაში.
ევა ბერგერი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ერუდიციით, პროფესიონალიზმით და უაღრესად მაღალი პასუხისმგებლობით. მისი სახით საქართველომ დაკარგა აქტიური მხარდამჭერი და გულითადი მეგობარი.
მინდა, კიდევ ერთხელ, მივუსამძიმრო ჩემი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით, როგორც ავსტრიელ ხალხს, ისე მის ოჯახს და მეგობრებს. ეს ჩვენთვის მართლაც უდიდესი დანაკლისია.
მშვიდობით, ძვირფასო ევა!" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.