reportiori.ge - „სიკვდილი მინდა - მხიარულად მივუგე“- ნიკოლოზ რაჭველი ჯანსუღ კახიძესთან დიალოგს იხსენებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 01:15
კულტურა
„სიკვდილი მინდა - მხიარულად მივუგე“- ნიკოლოზ რაჭველი ჯანსუღ კახიძესთან დიალოგს იხსენებს
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 04:27



საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში დიდ ქართველ კომპოზიტორს, ჯანსუღ კახიძეს იხსენებს:



„ერთხელ ჯანსუღ კახიძესა და ჩემს შორის ასეთი დიალოგი შედგა (11 წლის ვიყავი მაშინ, მამასავით მზრუნველობდა და სულ გვერდით ვყავდი):

ბიძია ჯანო, იცით ხშირად რას ვნატრულობ?

რასო შვილო - მკითხა.

სიკვდილი მინდა - მხიარულად მივუგე.

შეცბა თუმცა არ შეიმჩნია და ღიმილითვე განაგრძო საუბარი:

რატომ გენაცვალე, რად გინდა სიკვდილი?

იმიტომ რომ ზაქარია ფალიაშვილთან მივიდე, გავიცნო და ვუთხრა თუ როგორ მიყვარს...

ჩამეხუტა და დიდ ხანს მეფერებოდა...

 

ოპერის თეატრის გახსნის და პრემიერის დასწრების შემდეგ სულ ზაქარია ფალიაშვილზე მეფიქრება, სულ მისი მუსიკა თანმდევს და ვღიღინებ, Youtube-ზეც მეტწილად მისი მუსიკის ჩანაწერებს ვუსმენ (სხვათაშორის ევგენი მიქელაძის დირიჟორობით შემორჩენილია ორივე ოპერა, რომელიც 1937 წელს საკავშირო დეკადაზე შესრულდა დიდ თეატრში). ვგრძნობ, რომ თითქმის ყველა ნოტი ვიცი, ყველა ფრაზა მახსოვს, ყოველი შესრულება სამუდამოდ ჩამებეჭდა გულსა და გონებაში. თან გავიზარდე, უკვე მივხვდი, რომ სულაც არ არის საჭირო ნაადრევი გარდაცვალება იმ ქვეყნად წასულ ძვირფას ადამიანს სიყვარული რომ მიაწვდინო... ხოდა დღესაც ისევე ისე მიყვარს ზაქარია ფალიაშვილი, როგორც მაშინ... უბრალოდ ცხოვრებამ ნელნელა გამიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც იმ ქვეყნად მეგულება და ვისთვისაც არ დავიზარებ განუზომელი სიყვარულის ახსნას... ღმერთმა უსასრულოდ აცოცხლოს მათი დატოვებული შემოქმედება რომ კიდევ და კიდევ გაუნათოს გზა მომავალ თაობებს.

 

P.S. ზაქარია ფალიაშვილის რამდენიმე წერილს წავაწყდი ინტერნეტ-სივრცეში და მომინდა გაგიზიაროთ...

 

და ვიდრე წერილებს გაეცნობით უცებ წარმოიდგინეთ რამდენჯერ დაიდგა მისი ოპერები, რამდენ ქვეყანაში აჟღერდა მისი მუსიკა, რამდენმა ადამიანმა შეასრულა მისი ნაწარმოებები, რამდენმა რეჟისორმა და ქორეოგრაფმა დადგა, რამდენმა მხატვარმა დახატა, რამდენი დეკორაცია დამზადდა და რამდენი კოსტიუმი შეიკერა მისი პერსონაჟებისთვის და ამ ყველაფერზე რამდენი დაიხარჯა ან რამდენმა ადამიანმა მიიღო (მეც მათ შორის) შესაბამისი ან შეუსაბამო ჰონორარი... ახლა კი წერილები:

სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ ხელოვნების განყოფილების კოლეგიას

კომპოზიტორ, პროფესორ

ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილის

 

 

ვინაითაგან ჩემი ჯამრთელობა ამ ბოლო ხანებში მეტად შეირყა და ექიმების დაჟინებითი რჩევით მესაჭიროება დაუყონებლივ სერიოზული და სისტემატური წამლობა და განსაკუთრებით გაძლიერებული ჭამა-სმა ძარღვებისა და ფილტვების სისუტის წინააღმდეგ და ამ ყველაფერს კი ესაჭიროება მატერიალური სახსრები, რომლის მხრივადაც მე მეტად შევიწროვებული და მოკლებული ვარ, ამისათვის მოგმართავთ უმორჩილესის თხოვნით მიშუამდგომლოთ სახალხო განათლების კომისარიატის წინაშე, რომ აღმომიჩინონ მატერიალური დახმარება შემდეგის სახით:

 

მე მქონდა შეძენილი საკუთარი ფასით ნოტების საბეჭდი ქაღალდი, რომლის ერთი ნაწილიც ვიხმარე შარშან ჩემი "აბესალომ და ეთერის" ფრაგმენტის გამოსაცემად. განზრახული მქონდა კიდევ რამოდენიმე ნომრების და საბავშვო სიმღერების გამოცემა, მაგრამ უსახსრობის გამო ეს ვერ მოვახერხე. გთხოვთ შუამდგომლობას სახალხო განათლების კომისარიატის წინაშე, რომ ეს ქაღალდი ხელოვნების განყოფილებამ ქართული მუსიკის ნოტების გამოსაცემად შეიძინოს და მისი ღირებული ფასი მომცეს, რომ ეს ფული ამ სიძვირეში მოვიხმარო ჩემი ჯამრთელობის აღსადგენად, რადგანაც უკიდურეს შემთხვევაში, ექიმების აზრით თუ ეხლა არ შეუდგები წამლობას შესაძლებელია ავადმყოფობა ისე გართულდეს, რომ შემდეგში ფულითაც კი ვეღარ დავიბრუნო ის.

იმედი მაქვს, რომ როგორც ხელოვნების კოლეგია, ისეც სახალხო განათლების კომისარიატი ყურადღებით მოექცევა ამ ჩემს თხოვნას და ამით შეძლებას მომცემს, ძან-ღონე მოვიკრიბო და განვაგრძო ჩემი საყვარელი მუშაობა ქართული მუსიკალური ხელოვნების საკეთილდღეოთ.

ზაქარია ფალიაშვილი

სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ ხელოვნების განყოფილების კოლეგიას

კომპოზიტორ, პროფესორ

ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილის

 

ოცდათერთმეტი წელია რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვმსახურობ, როგორც პროფესორის, ისეც ინსპექტორისა და რექტორის თანამდებობაზედაც. სხვებთან ერთად დიდი აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული სამუსიკო სკოლის კონსერვატორიად გარდაქმნის საქმეში. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მისარგებლია ერთის თვის შვებულებით 1931 , როცა უკრაინაში პირველად იდგმებოდა ჩემიაბესალომ და ეთერი" და სადაც ჩემი იქ ყოფნა აუცილებრივ საჭირო იყო. ჯანმრთელობაც ხელს მიწყობდა და სამსახურს სინდისიერად ვეწეოდი. დღეს მოხდა ის, - რომ ძალზედ დაავადებულმა იძულებული ვარ მოგმართოთ თქვენ, რომ მიშუადგომლოთ სადაც კი ჯერ არს, რათა სერიოზულად სამკურნალოდ მომეცეს ორი თვის შვებულება, სადაც ექიმები მირჩევენ, სადმე წასასვლელად და წამლობის გასაგრძელებლად. მაგრამ, რადგანაც ეს ყველაფერი იწვევს ხარჯს, რომლის საშუალებაც არა მაქვს, ამისათვის გთხოვთ, რომ გარიცხული არ ვიქნე დაზღვევის სალაროდან (ამ ორ თვეს).

 

ამ ორმოცი წლის განმავლობაში რა ღვაწლი მიმიძღვის ქართული მუსიკის განვითარების საქმეში, მე ამაზედ არას ვიტყვი რა, რადგანაც ჩემი ნაშრომები ყველასათვის პირნათელია. ყოველივე საჭირო დასკვნებს ექიმებისას, რომლებიც მე მწამლობენ, პირველივე მოთხოვნილებისამებრ წარმოგიდგენთ!! შვებულებას გთხოვთ პირველი აპრილიდან. იმედი მაქვს ჩემს ამ თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებთ.

ზაქარია ფალიაშვილი"

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016