ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რომელსაც ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ საქმეზე დაჰკითხავენ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედოვნებს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
გიორგი ქადაგიძის თქმით, ახალი კანონი არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვა თვეების განმავლობაში ვერ დასრულდა.
„ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, არაფერს სასიკეთოს ეს კანონი არ მოგვიტანს გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად იზრდება ბიუროკრატია და 10 მილიონით გაეზრდება ხარჯი ეროვნულ ბანკს", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების სარჩელის განხილვა ეროვნული ბანკის საქმეზე დღეს დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 12 ოქტომბერს
„ნაციონალური მოძრაობისა" და „თავისუფალი დემოკრატების" 39 დეპუტატის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ასევე, დააკამყოფილა მათი მოთხოვნა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერების თაობაზე.
პლენუმის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მუშაობა შეჩერდა მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.