reportiori.ge - ჯუზეპე ვერდი, ვახტანგ გეგელია და გარდამავალი წითელი დროშა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 00:07
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ჯუზეპე ვერდი, ვახტანგ გეგელია და გარდამავალი წითელი დროშა
05 თებერვალი, 2016. 12:46


ბატონი ვახტანგ გეგელია საქართველოს ტელევიზიაში გავიცანი. ეს ჭარმაგი, ახოვანი კაცი, უბადლო იუმორითა და დიდი ერუდიციით ხიბლავდა ყველას. მასთან მუშაობაც ერთ რამედ ღირდა - უცებ ჩაწვდებოდა დავალების არსს, შენც გაგარკვევდა და საქმის გასაკეთებლად ოპტიმალურ გზას შეარჩევდა. მუდამ გემოვნებით ჩაცმულს, არც მანერები ეშლებოდა და არც სიტყვა-პასუხი. ყველას უნდოდა მასთან ახლობლობა, მის გვერდით ყოფნა. ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა და, ცდილობდა, ახალგაზრდებიც თავის გარემოცვაში ყოლოდა. ჩვენთვის ეს ერთგვარი სკოლაც იყო და სტიმულიც. ვახტანგ გეგელია ბათუმელი იყო და იმ დროისთვის ძალიან კარგი კარიერა ჰქონდა. როგორც დროული ადამიანები ამბობდნენ, ოლქის პარტიული ხელმძღვანელებიც ეკითხებოდნენ ჭკუას, იმდენად განათლებული და კარგი მენეჯერი იყოო. როდესაც ედუარდ შევარდნაძე შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ბატონი ვახტანგი მაღალ თანამდებობაზე დანიშნა და ერთ-ერთ საიმედო მუშაკად ჰყავდა უწყებაში. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთხელაც შევარდნაძესა და ვახტანგს შორის შავმა ფისომ გაირბინა და ... (ჩვენდა გასახარად) ასე აღმოჩნდა პოლკოვნიკი  გეგელია საქართველოს ტელევიზიაში. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ბევრ საინტერესო ამბავს მოიგონებენ მისი ცხოვრებიდან. მე კი გიამბობთ ერთ ეპიზოდს, რომელიც ბლიც-ტურნირის რეჟიმში, ჩვეული იუმორით გაიხსენა თამბაქოს მოსაწევად კიბის ბაქანზე შეკრებილ ახალგაზრდებთან.

 

  საბჭოთა კავშირში დიდი ასპარეზი ჰქონდა ე.წ. სოციალისტურ შეჯიბრებას, დამკვრელურ ბრიგადებს, სტახანოველობას. სტალინის ეპოქაში, როცა ნახევარი საზოგადოება დაშინებული იყო, მეორე ნახევარი კი იდეური, ეს პროპაგანდა ჭრიდა. წარმოიდგინეთ, შვილმა მამა დაასმინა, დააჭერინა, დაახვრეტინა და ამ ბავშვს, ვინმე პავლიკ მოროზოვს, იდეალად უხატავდნენ თაობებს. მსოფლიოს ხალხთა ბელადის შემდეგ ეს ყველაფერი თანდათან კარიკატურას დაემსგავსა და, როგორც ჩვენი „ენამზე" პოლიტიკოსები იტყოდნენ - „გაფარჩაკდა". სწორედ ამის ჩინებული მაგალითი გახლავთ ბატონი ვახტანგის მონაყოლიც. საქმე ასე ყოფილა. თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში კომკავშირული აქტივის შეკრება გამართულა. ქვეყნის პირველ კომკავშირელს, დიდი ზარ-ზეიმით წარმოთქმული სიტყვის შემდეგ, გამოუცხადებია, რომ რესპუბლიკურ სოციალისტურ შეჯიბრებაში აჭარის კომკავშირულმა ორგანიზაციამ გაიმარჯვაო. ოქროსფერფოჩებიანი  გარდამავალი წითელი დროშა საოლქო კომიტეტის მდივანმა ვახტანგ გეგელიამ ჩაიბარა. დარბაზში მქუხარე ტაში რომ ჩაცხრა, ბატონ ვახტანგს დროშა კულისებთან მიუყუდებია, ტრიბუნაზე ასულა და სამადლობელი სიტყვა უთქვამს. სიტყვას ისევ ტაში მოყოლია და, როგორც ასეთი შეკრებების ბოლოს ხდებოდა, ყველაფერი ლაზათიანი, მამა-პაპური პურ-ღვინით დამთავრებულა. ამ ქეიფის მიზეზ-საბაბი - გარდამავალი წითელი დროშა კი არავის გახსენებია.

 

მომდევნო წელს, მორიგი რესპუბლიკური შეკრების წინ, აჭარის საოლქო კომიტეტში თბილისიდან დაურეკავთ და უთხოვიათ, გარდამავალი დროშა ჩამოიტანეთ, წლევანდელი დაჯილდოება მოახლოვდაო. საოლქოში მიიხედ-მოიხედეს, დროშა ვერ იპოვეს. ვერავინ გაიხსენა, ვინ ჩამოიტანა ან სად ჰქონდათ შენახული. საქმე სახუმარო არ იყო - სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულის წითელი დროშა, თანაც გარდამავალი! სხვებთან ერთად, საგონებელში ყოფილა ვახტანგ გეგელიაც, რომელსაც, იმდღევანდელი ბანკეტის შემდეგ, ეპიზოდური ამნეზია დაემართა. ერთხელაც, თბილისში მორიგ თათბირზე ჩამოსულს, რესტორანში ვახშმობაზე უარი უთქვამს და ოპერაში წასულა მეგობრებთან ერთად. აი, აქ გამოდის ასპარეზზე იტალიელი კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდი. საქმე ის არის, რომ იმ საღამოს „აიდას" წარმოდგენა იყო. ვერდის უმშვენიერსი მუსიკის მოსმენა ყოველთვის სასიამოვნოა (მაშინაც კი, დაკარგულ დროშას რომ ვერ პოულობ). ჰოდა, ბატონი ვახტანგიც გაყურსული უსმენდა გენიალურ მუსიკას. აი, თებეს მოედანზე ეთიოპელებზე გამარჯვებული ეგვიპტელები შემოდიან. მათ რადამესი მოუძღვით. ისმის ტრიუმფალური მარშის ამაღლებული მელოდია და, უცებ, ზეაწეული, მტრისთვის წართმეული დროშების ტევრში, ვახტან გეგელიამ დაინახა ის, ერთადერთი, წითელი და თანაც გარდამავალი. დიდი ნებისყოფა დასჭირდა, რომ მაშინვე არ წამომხტარიყო და მედროშისთვის სასურველი ნადავლი არ წაერთმია...წარმოდგენის შემდეგ, დროშამ კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში გადაინაცვლა. თურმე, სამადლობელი სიტყვის შემდეგ, რესტორანში წასულებს, დროშა იქ, თეატრში დარჩენიათ. საქმის ერთგულ სცენის მუშას „ნაპოვნი" რეკვიზიტში ჩაუბარებია და მერე „აიდაში" გამოუყენებიათ. ასე დაუკავშირდა ვახტანგ გეგელიას გადარჩენილი რეპუტაცია ჯუზეპე ვერდის უკვდავ შემოქმედებას, ასე იხსნა დიდმა იტალიელმა ვახტანგ გეგელიას კომკავშირული კარიერა.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016