„ნაცებში" აშკარად რაღაც ახალმა დაუბერა! კაკო ბობოხიძე „დიპლომატიურს" აწვება", - ამ კომენტარით ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე აკაკი ბობოხიძის შეფასებას ეხმაურება, რომელმაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძის გამოსვლა ევროსაბჭოს გენერალურ ასამბლეაზე გააკრიტიკა:
„ქართულ დიპლომატიურ კორპუსს ისე ნამეტანი უჭირს, რომ სხვა გზა არ დაუტოვეს კაცს და რა ქნას აბა?! აგერ თედო ჯაფარიძის სტრასბურგში ამასწინანდელმა გამოსვლამ მთლად მოგვჯაყა. არა, რა იყო და რას ჰგავდა მისი კატეგორიული ტონი და ნათქვამი: საქართველო იოლად თავში ხელის წამოსატყაპუნებელი პატარა ბიჭი არ გეგონოთო. ამ ნათქვამმა აკაკი ბობოხიძე, პირდაპირ, სირცხვილისგან გააწითლა. ჰოდა, გამოცდილი დიპლომატის ტრიბუნიდან, ჭკვიანური სახით, უმაყოფილომ დაარიგა თედო ჯაფარიძე: შენი ეს განცხადება სტრასბურგში, სიბრძნის გამოხატულება კი არ არის, იმის ნაკარნახევია, ვინც შენზე ბრძენიაო (ეჭვი არ არის, ბრძენი ბრჭყალებში და ივანიშვილში იგულისხმა)... და კიდევ - ამგვარი განცხადებებით საქართველო, ჯაფარიძე და „ბრძენიც" ცეცხლს ეთამაშებით, ვინაიდან დასავლელ პარტნიორებთან ასე ლაპარაკი არ შეიძლებაო!
თედო ჯაფარიძეს გამოცდილება აკლიაო, თითქოს ვერ იტყვი ადამიანი, მაგრამ სტრასბურგამდე რაღაც ეტყობა მაინც გამოეპარა. კერძოდ, ალბათ ის, რომ წასვლამდე ბობოხიძესთან არ გაიარა ბოლო კონსულტაცია. არადა, ან ბობოხიძეც რას ერჩის?! ხომ თქვა თედო ჯაფარიძემ სათქმელი და თან ისე, რომ ბევრს მოფხანა გული. რას ერჩის და იმას, რომ ბობოხიძის საჯარო გამოსვლებისას სტანდარტები უფრო მაღალი და კატეგორიულია! ეჰ, ჩემო ბატონო თედო! ბობოხიძისეული, რაფინირებული და დახვეწილი პოლიტიკური და განსაკუთრებით დიპლომატიური ინტელექტის მეტი გათვალისწინება და დაფასება გმართებდა და ამაზე რომ დროზე გეფიქრა, საყვედურსაც არავინ გეტყოდა! ისედაც, ჩემო ბატონო თედო! მოლაპარაკებებისა და საჯარო გამოსვლების ბობოხიძისეული, იშვიათი მასტერკლასის სკოლაში (ზოგი ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილსაც ჰკითხეთ) ეს ლინკიც კაი მასწავლებელია - პიპინია ერისთავისა არ იყოს: განსაკუთრებით ევროპის ტერიტორიაზე!" - წერს მერაბ ხაჩიძე.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა