დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელეს. თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა დეპუტატებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსად გიგა ნიკოლეიშვილის დანიშვნის საკითხი წარუდგინა, რომელსაც ხმათა უმრავლესობით მიეცა თანხმობა.
საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია დეპუტატებს მერიის შესაბამისმა საქალაქო სამსახურების უფროსებმა მიაწოდეს. მათ შორის, თანხმობა მიეცა თბილისის მერიის მ.კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრისა და ა(ა)იპ „მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის" ლიკვიდაციისა და სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებს.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღესვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებაში განსახორციელებელ ცვლილებასა და ამავე სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებას, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესში ცვლილების განხორციელებასაც დაუჭირეს მხარი.