ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბანში გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკას კუჭავას ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე და გარდაცვლილის მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი ესწრებიან.
საცხოვრებელი სახლი გადაცვლილის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული.
ჩხრეკის დაწყებამდე ადვოკატსა და გამომძიებელს შორის კამათი მოხდა.
ადვოკატ ნათია კორკოტაძის განცხადებით, განჩინებაში, რომელიც 2016 წლის 6 თებერვლითაა დათარიღებული, წერია, რომ სახლის შესასვლელი ნაწილის დათვალიერება გუშინ ჩატარდა.
ადვოკატი და გარდაცვლილის მეუღლე სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ თუ დღეს ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით ოჯახს აცნობეს, გუშინ რატომ არ მიაწოდეს ინფორმაცია ტიმოთესუბანში მდებარე საცხოვრებელი სახლის შესასვლელის დათვალიერებაზე და ამ პროცესს რატომ არ დაასწრეს ადვოკატი ან ოჯახის წევრები.
კონკრეტულად რომელ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს ტიმოთესუბანში მდებარე აგარაკის ჩხრეკა, ამის თაობაზე ინფორმაცია კორკოტაძეს და ნიკოლოზაშვილს არ გააჩნიათ.
ჩხრეკის სამუშაოებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები ატარებენ.
აღნიშნულ საცხოვრებელ სახლს კუჭავების ოჯახი დაახლოებით 10 წელია ფლობს. მარინა ნიკოლოზაშვილის განცხადებით, მეუღლესთან ერთად ბოლოს აგარაკს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სტუმრობდა, როცა ბაკურიანში მყოფი შვილის მოსანახულებლად მიდიოდნენ და ტიმოთესუბანშიც სახლის დასათვალიერებლად გაიარეს.