reportiori.ge - ნუგზარ ფოფხაძე: შოთა ყავლაშვილი - დგას ქვაში გამოთლილი, პეწიანი, ნაღდი არისტოკრატი კაცი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 20:44
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ნუგზარ ფოფხაძე: შოთა ყავლაშვილი - დგას ქვაში გამოთლილი, პეწიანი, ნაღდი არისტოკრატი კაცი!
07 თებერვალი, 2016. 03:03

 

რეპორტიორმა"  გამოაქვეყნა  საქართველოს რესპუბლიკაში" დაბეჭდილი, ცნობილი არქიტექტორის გიგა ბათიაშვილი მშვენიერი და გულშემატკივრული წერილი, რომელიც შოთა ყავლაშვილის პიროვნებას, მის ღვაწლს ეხება.
ცოტა გულსატკენი კი არის, რომ ევანდელი ახალგაზრდების უმრავლესობისთვის მისი სახელი პრაქტიკულად არაფრისმთქმელია. ეს არ არის ახალთაობის ბრალი. დრომ (!!!), საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური პრობლემების სიმრავლემ, რომელმაც სულიერება უკანა პლანზე "მოისროლა", ზნეობრივ და ესთეტიკური ფასეულობების მკვეთრმა ცვლილებებმა მოიტანეს ეს სამწუხარო რეალობა... 
ახლა, ამ საიტზე, ამ პუბლიკაციაში არ არის ადგილი და მომენტი ამ სიტუაციის" ავტორებზე, მიზეზებზე, შედეგებზე საუბრისა... უფროსი თაობების, ანუ, ჩვენი ბრალიც" საკმაოა, რომ ქვეყნის, ხალხის, თბილისის წინაშე ღვაწლმოსილი ბევრი ადამიანის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული გაახალგაზრდავებული საზოგადოება.
ამ ნაკლის  „გამოსწორების"  მცდელობად აღვიქვი პირადად მე ბატონი გიგა ბათიაშვილის გულწრფელი წერილი. მადლობა მას.

ამ წერილმა ბევრი რამ გამახსენა.
თავს შევიკავებ ბატონი შოთას მოღვაწეობის პროფესიული ხასიათის შეფასებებისგან, რომელსაც გიგა ბათიაშვილზე უკეთ, ბუნებრივია, ვერ შევძლებ. არც მისი, როგორც შემოქმედის უზადო გემოვნების შესახებ ვიტყვი რამეს. ამაზე მისი ნახელავი, განსაკუთრებით, აღდგენილი, ძველი ისტორიული თბილისი მეტყველებს...
მინდა გავიხსენო, უწინარესად, ყავლაშვილის, როგორც ქალაქის მთავარი არქიტექტორის პრინციპულობა, რომელიც, ზოგჯერ, არნახულ „სიჯიუტეში" გადადიოდა... როცა საქმე ეხებოდა თბილისს, განსაკუთრებით მის ისტორიულ ნაწილს, შოთა ხდებოდა „აგრესიული" და  მისთვის აბსოლუტურად  არ ჰქონდა მნიშვნელობა ოპონენტის „ჩინ-მენდლებსა" და სტატუსს... ეს ოპონენტები კი არ იყვნენ ისეთი პერსონები, რომელთაც არ შეეძლოთ მისთვის ვნების მოტანა. აკი შეეწირა კიდეც ორჯერ ამ „სიჯიუტეს" მისი თანამდებობრივი მდგომარეობა. შეეწირა, მაგრამ მაინც არ დაუშვა მათი „გამარჯვება".
დღეს კი წარმოდგენაც  არ შემიძლია, შოთას მთავარი არქიტექტორობის დროს (ანუ, 70 - 80 - იან წლებში) რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში... 
რას დაამსგავსეს ქალაქის ცალკეული უბნები?! 
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, აკადემქალაქი", მთაწმინდის ფერდობი... შოთა და  მისი იმდროინდელი კოლეგები დაუშვებდნენ კი იმ ველურობას", რაზეც ვაკის პარკში, კუს ტბის მიმდებარე ზონაში ჩადგმული ის შენობებიც ნათლად მეტყველებენ, რომლებიც მავანის და მავანის ერთპიროვნული კაპრიზების"  შედეგია... 
ან, ბაგებში, წყნეთში გაჩეხილი გამწვანებული ტყეები... 
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50 - იან წლებში, დიდი ნიკო კეცხოველის თაოსნობით მოწყობილი შაბათობების მეშვეობით, მოსწავლეებისა და სტუდენტების უანგარო ოფლისღვრის შედეგად რომ ალამაზებდნენ ქალაქს...

განა მაშინ არ ჰყავდა  ქვეყანას მთავრობა და ავტორიტეტული, ძლიერი, „ყოვლისშემძლე" ლიდერები, მაგრამ... ყავლაშვილ, რომელსაც „ზურგს უმაგრებდა" პროფესიონალ თანამოაზრეთა გუნდი, საზოგადოების აქტიური ნაწილი, არავის შეეპუებოდა და ისინიც სერიოზულ ანგარიშს უწევდნენ ხუროთმოძღვარს.
სწორედ ამ ანგარიშგაწევის შედეგი იყო სამართლიანობის აღდგენაც - მისი დაბრუნება და მრავალწლიანი შედეგიანი მოღვაწეობა მთავარი არქიტექტორის პოსტზე!
ძალიან სასიამოვნო მოგონებად დამრჩა არაერთი შეხვედრა, საერთო საქმე, საუბრები ამ უაღრესად საინტერესო კაცთან, მაგრამ იყო ერთი საქმე, რომლის გადაწყვეტაც უშუალოდ შოთას არ შეეძლო, კეთილად დამთავრებისთვის კი მისი თანხმობა აუცილებელი გახლდათ, ხოლო ხელის შეშლას - იცოცხლე, სურვილის შემთხვევაში, მოახერხებდა.
ეს ის პერიოდია, 1973 წლის გაზაფხული, როცა რესპუბლიკაში და ქალაქში ხელმძღვანელობა შეიცვალა - ასილ მჟავანაძის ნაცვლად მოსულია დუარდ შევარდნაძე. ქალაქის პარტიულ ხელმძღვანელად (ანუ პირველ პირად) კი - პავლე გილაშვილი, რომელსაც, პრაქტიკულად, საზოგადოება არ იცნობდა. არადა, პატიოსანი კი იყო, მაგრამ მასზე, როგორც მეტისმეტად „ხისტ" ხელმძღვანელზე არც თუ სასიამოვნო „ხმები" დადიოდა იმ წლებში. 
ჰოდა, ამ რთულ სიტუაციაში, როცა პანტა-პუნტით იხსნებიან და ინიშნებიან კადრები, არავინ არ გარისკავს ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც შეიძლება „სკამის" დაკარგვად დაუჯდეს...
შოთასაც საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს, ხშირად უხდება „დატაკება" გილაშვილთან, რომელსაც ყველგან კორუფცია და სხვა უბედურებები „ელანდება" და ჰგონია, რომ პატიოსნებაზე პრეტენზია მხოლოდ მას აქვს და ამ პოზიციას ამაგრებს თავისი, უკვე ანეგდოტად გადაქცეული,  „ასკეტური ცხოვრების" პრაქტიკით.
... ერთი სიტყვით, ამ ფონზე, ვესტუმრე ბატონ შოთას ჩემს უახლოეს მეგობართან და „მარჯვენა ხელთან" - თემურ ჟღენტთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთან (მითუფრო, ჩემი მეგობრის მეუღლესთან)  შინაურულ - ახლობლური ურთიერთობა მაკავშირებდა, მაინც მომიწია „დიპლომატიური ხერხების" გამოყენება: ავუხსენი პრობლემის არსი. ვთხოვე რჩევა, ხელშეწყობა, დახმარება...
საქმე ეხებოდა ახალგაზრდულ - სტუდენტური თეატრის დაარსებას და მისთვის ჭერის" მოძებნა - გამოყოფას. იდეა სანდრო მრევლიშვილს ეკუთვნოდა, „გამწევი ძალა" მაშინდელი კომკავშირის ცენტრალური კომიტეტი და მისი ერთერთი მდივანი, თქვენი მონა - მორჩილი უნდა გამხდარიყო... 
ყავლაშვილს ქვეტექსტებით მოვუყევი, რომ არნახული დახმარება გაგვიწია კულტურის სამინისტრომ, რომ მინისტრი ოთარ თაქთაქიშვილი, მისი მოადგილე  აკაკი დვალიშვილი  გვერდში დაგვიდგნენ და ორიგინალური ნაბიჯი გადადგეს - ახალგაზრდული თეატრი ფილარმონიულ  ჯგუფად" გაგვიფორმეს და ამით თავიდან ავიცილეთ მოსკოვთან შეთანხმების აუცილებლობა, რამეთუ ახალი სახელმწიფო თეატრის დაარსება ასე მარტივად და ადვილად არ მოხდებოდა. (სხვათაშორის, მაშინ, ჩვენი მონაწილეობით, ამ ტექნოლოგიით" დაარსდა ამირან შალიკაშვილის მარიონეტების თეატრიც, სუხიშვილების ახალგაზრდული სტუდია" და სხვ.  შემდგომ - ჟურნალი მართვე", რობერტ შავლაყაძის, ჯემალ ცერცვაძის, თემურ კაკულიას, კალათბურთის და სხვა, ამ ტიპის არაერთი სპორტსკოლა).
... შოთამ გვისმინა, იდეა მოგვიწონა... ფიქრიანი პაუზა... და მოკლე მოჭრა: თქვენს გვერდით ვდგავარ, ოღონდ... ეს არავინ უნდა იცოდესო! პირიქით, ისე წარმოაჩინეთ, რომ ჩემთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთო... გაგვაფრთხილა: ხელმძღვანელობამ რაიმე, სულ მცირე ფართის გამოყოფაც კი კატეგორიულად აგვიკრძალა, მით უმეტეს არამატერიალური წარმოების სფეროსთვისო... საკუთარი ინიციატივით რაიმეს გადაწყვეტა გამორიცხულია, ამიტომ  უნდა მოიძებნოს არაორდინარული გზა და უნდა „დააბათ" ქალაქის ახალი თავიო (ანუ, ახლა მერს რომ უწოდებენ)... ამ წინადადებას მოაყოლა კიდეც რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, ახლა რომ პოლიტექნოლოგიური „სვლები" ჰქვია...
ნახევარ საათში ქალაქის „ბოსის" მისაღებში ვართ. მოახსენეს ჩვენი მოულოდნელ - დაუგეგმავი  „დესანტის"  შესახებ და... მისაღებში თავად გამოვიდა ეს ღირსეული კაცი, გაუფრთხილებლად  „მოვარდნილ"  ვიზიტიორებს თბილად მოგვეფერა და...
ზუსტად ასეთ შეხვედრას ველოდი, რადგან ეს ახლადდანიშნული „ბოსი" გახლდათ სულ ახლახანს გარდაცვლილი ბატონი თამაზ ჯანელიძე, 50-იანი წლების კომკავშირის პოპულარული ლიდერი, მისი და შემდგომი თაობებისთვის ლეგენდა - კაცად რომ იყო ცნობილი. რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობდი და ვიცოდი მისი ხაზგასმული კეთილგანწყობაც საერთოდ კომკავშირისადმიც და მისი მოქმედი ლიდერებისადმი...
მოგვისმინა, ყველაფერი დეტალურად გამოგვკითხა. როცა ხაზგასმულად (ანუ ქვეტექსტებით და მინიშნებებით) „ცაში ავიყვანეთ" კულტურის სამინისტრო და მისი ხელმძღვანელები, გულიანად იცინა ჩვენს „ეშმაკობაზე" (... „თქვენი გამოსწორება არ იქნებაო") და... მაგათ ჩვენ ვაჯობებთო და... სელექტორით დაუკავშირდა ქალაქის მთავარ არქიტექტორს, ანუ შოთა ყავლაშვილს, რომელსაც „გააცნო" ჩვენი თავი, იდეა და... კაცურად სთხოვა  „ფხუკიანობის"  გარეშე ჩვენი მოხმარება. თანაც დასძინა, - ახლა შენთან მოვლენ, ყველაფრის საქმის კურსში ჩაგაყენებენ, მოიფიქრეთ რამე კარგი და ჩემთან მოდით საბოლოო გადაწყვეტილებისთვისო...
შოთამ ამ საუბრისას თავისი როლი ისე ბრწყინვალედ შეასრულა, რომ თამაზ ჯანელიძემ იქეთ დაგვარიგა, როგორ უნდა „დაგვება" მთავარი არქიტექტორი და გადმოგვეყვანა ჩვენსკენ. 
ყავლაშვილთან ერთობლივად შემუშავებულმა სცენარმა მოქმედება ფანტასტურად დაიწყო და წარმატებითაც გაგრძელდა. ორ საათში ისევ ჯანელიძესთან შევიკრიბეთ და... ქალაქის თავს ვთხოვეთ სანდრო მრევლიშვილის თეატრისთვის „მეტეხის ტაძარი" გადმოეცა...
ყავლაშვილმა, რა თქმა უნდა, მხარი დაგვიჭირა და ისეთი არგუმენტები მოგვაშველა, რომ ჯანელიძეს თანხმობის მოცემის გარდა სხვა გზა აღარ დარჩა.

 

... ახლა უცებ გამოვარდება რომელიმე ცხელთავა კრიტიკოსი და ამიტეხავს ვიშ - ვიშს, - რა უნდოდა ტაძარში თეატრსო...
მათთვის და კიდევ ზოგიერთი გონებაჩლუნგისთვის ვიმეორებ: ეს ხდება 1973 წელს! ათეისტური საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკაში... ტაძარი არ მოქმედებდა და მისი, როგორც საკულტო შენობის ფუნქციონირების პერსპექტივა იმ (!!!) პერიოდში პრაქტიკულად არ არსებობდა... 
ტაძრის „ფართით" მაშინ დროებით სარგებლობდა დიდი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. (ახალთაობისთვის: ქართვლის დედა", ვახტანგ გორგასალი, ვეფხი და მოყმე", დავით აღმაშენებელი - მისი შექმნილია). ის მაშინ მუშაობდა ფიროსმანის ვეებერთელა ძეგლზე და დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა... თუ ჩვენი იდეა განხორციელდებოდა, ტაძარი ისევ ჩადგებოდა ხალხის სამსახურში და მისი მოვლა -პატრონობაც გარანტირებული იქნებოდა.
თამაზ ჯანელიძემ თავის თავზე აიღო ამ საკითხის პოლიტიკური „ფონის" მოგვარება, მე - საპატრიარქოსთან შეთანხმება... ელგუჯა ამაშუკელს ფართი სხვაგან ვუშოვეთ და ჯერ დაუმთავრებელი ნამუშევარი იქ გადავუტანეთ...
საბოლოოდ, რამდენიმე თვეში თბილისს ახალი თეატრი შეემატა! ახალგაზრდული, სტუდენტური... 
სანდრო მრევლიშვილმა ნიჭიერი და მშვენიერი კოლექტივი შეკრა. 
თეატრის დირექტორად ენერგიული და საქმისთვის თავდადებული გაიოზ კანდელაკი შევარჩიეთ...
მეტეხის თეატრიც"  ლეგენდად დარჩა...
ისევე, როგორც ოთარ თაქთაქიშვილის, აკაკი დვალიშვილის, თამაზ ჯანელიძის თანადგომა... 

 

მაგრამ, როცა ამ ისტორიას და მის პერიპეტიებს ვიხსენებ, უწინარესად თვალწინ დამიდგება ფანტასტური კაცი, დიდი ხუროთმოძღვარი, ეროვნული მოღვაწე, ბრძენი და ჯიუტი"  შოთა ყავლაშვილი. 
მართლაც ნამდვილი თბილისელის სინონიმი, ჭეშმარიტად კოლორიტი კაცი! სწორედ ისეთი, ბარათაშვილის ქუჩაზე, დარეჯანის სასახლესთან  რომ დგას ქვაში გამოთლილი -  პეწიანი, ნაღდი არისტოკრატი...
ბედნიერება იყო ასეთ კაცთან მეგობრობა!

 

 

http://www.reportiori.ge/?menuid=48&id=87913

 

 

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016