reportiori.ge - ბაკურციხელ „ნიფნიფებს“ „მგელი“" ვერას დააკლებს - როგორ ავაშენოთ ნამჯის სახლი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 01:22
პრეს-დაიჯესტი
ბაკურციხელ „ნიფნიფებს“ „მგელი“" ვერას დააკლებს - როგორ ავაშენოთ ნამჯის სახლი
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 13:48



„ნამჯის სახლის აშენება 6 000 ლარი დაგვიჯდა. ფართობი სულ 36 კვ/მ-ია,­ მეორე სართულზე 18 კვ/მ საძინებელი გვაქვს. სახლში ისე თბილა, რომ ამ ზამთარში მაისურით დავდივარ... ქარ-წვიმის ხმა არ შემოდის, რადგან სახურავზეც 30-სანტიმეტრიანი ნამჯისა და თიხის ნარევია დაფენილი. იატაკის დასაგებად ლერწამი გამოვიყენეთ"


„პროფესიით ექიმი ვარ, მაგრამ მოწოდებით გლეხი", - მითხრა ჩემმა რესპონდენტმა დავით ჩაჩანიძემ. მან და მისმა მეუღლემ, არქიტექტორმა თინა სამადაშვილმა თბილისში უზრუნველი ცხოვრება დატოვეს და ზემო ბაკურციხეში (გურჯაანის რაიონი) ტრიალ მინდორში დასახლდნენ. საკუთარი ხელით ააგეს ნამჯის სახლი, რომელშიც უკვე ცხოვრობენ და დიდი გეგმებიც აქვთ.


დავით ჩაჩანიძე: - თავის დროზე, როცა ტრადიციული მედიცინიდან ჰომეოპათიაში გადავინაცვლე, ბევრი ამრეზით მიყურებდა. ოჯახში სამი თაობა ექიმები ვართ, მაგრამ სტერეოტიპი დავანგრიე... შემდეგი ნაბიჯი კი უფრო რადიკალური იყო...


- სოფლად გადასახლებას გულისხმობთ?


- დიახ, საკუთარი ხელით ავაშენეთ სახლი, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი უნდა მოვიყვანოთ. ყოველდღიური მოხმარების საგნები (კბილის პასტა, საპონი, შამპუნი, კოსმეტიკური საშუალებები) თავად შევქმენით. არ იფიქროთ, რომ ღარიბები ვართ - 5 კომპანიის დამფუძნებელი ვარ და 3 კომპანიის დირექტორი, თინასაც სოლიდური სამსახური ჰქონდა, მაგრამ ფულით ყველა საჭირო ნივთს ვერ იყიდი...



- მიგაჩნიათ, რომ ჯანმრთელობისთვის უვნებელ ტანსაცმელსა და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვერსად შეიძენთ?


- დიახ, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჯანმრთელი ცხოვრების წესით გვეცხოვრა და ქმედითი ნაბიჯებიც გადავდგით.


თინა სამადაშვილი: - ჯერ იმაზე დავიწყეთ ფიქრი, მიწა სად შეგვეძინა. თბილისთან ახლოს შესაფერისი ვერაფერი ვნახეთ და კახეთს მივადექით. ზემო ბაკურციხე თბილისიდან 95 კილომეტრშია და სოფელი თითქმის მიტოვებულია. მხოლოდ 30 კომლიღა ცხოვრობს და ულამაზესი სახლებია კარაჭედილი. ვიყიდეთ მიწა სახლის ასაშენებლად.


- წყალი არის?


- სარწყავი წყალი არ არის, მაგრამ წყაროა ახლოს... 3 წელიწადს ვსწავლობდით იქაურობას, რათა სწორად განგვესაზღვრა, სახლი ზუსტად სად ჩაგვედგა. მზის ენერგიის გამოყენებაც გვინდოდა, გვაინტერესებდა, როგორ ხარობდნენ მცენარეები სეზონის მიხედვით. ნაკვეთი 2012 წელს შევიძინეთ, სახლის მშენებლობა კი 2015 წელს დავიწყეთ. გადავწყვიტეთ, წყალი, დენი ჩვენით მოგვეპოვებინა და, რაც მთავარია, ნამჯის სახლის აგებაზე შევთანხმდით.


- რითია უპირატესი ნამჯის სახლი?


- ეკოლოგიურად სუფთაა, სამშენებლოდ გამოყენებულია კირი, რომელიც 70 წლის შემდეგ ქვავდება. ცემენტი კი ამ დროის გასვლის შემდეგ იფშვნება. ასეთი სახლის კედლები სუნთქავს, არ ემუქრება სოკოვანი ნაჟღენთები, არ ლპება და ცეცხლიც არ ეკიდება. ინგლისში ასე აგებული შენობები 300-400 წელიწადს ძლებს.


- როგორ დაიწყეთ შენება?


- ჩვენი ცოდნის მიუხედავად, სათანადო ლიტერატურის შესწავლა მაინც დაგვჭირდა. პირველად გავაკეთეთ წერტილოვანი ფუნდამენტი (ბეტონის ბოძები ჩავასხით), რაზეც ხის კარკასი იდგმება. კარკასში დაპრესილი ნამჯა ჩავსვით, რომელიც გამზადებული შევიძინეთ (ზომები წინასწარ განვსაზღვრეთ). დაპრესილი ნამჯის ბლოკებზე ბათქაშის პირველი ფენა თიხისა გაკეთდა, რათა ნამჯა კარგად დაფიქსირებულიყო (თიხა ჩვენს ეზოშიც არის). შემდეგი ფენა კირის, სილისა და დაკეპილი ნამჯის ნარევი იყო. შიგადაშიგ დაჭრილ მატყლსაც ვურევდით - დოლბანდის ფუნქციას ასრულებს.


- მუშახელი?

 

- ჩვენ ვაშენებდით და ერთი აქაური ბიჭი გვეხმარებოდა. 4 თვე მოვანდომეთ. ველოდებოდით გალესილი ფენების კარგად გაშრობას. 2 თვე კარავში ვცხოვრობდით. ახლა სახლში უკვე სველი წერტილებიც გვაქვს. ქარ-წვიმის ხმა არ შემოდის, რადგან სახურავზეც 30-სანტიმეტრიანი ნამჯისა და თიხის ნარევია დაფენილი. იატაკის დასაგებად 30-სანტიმეტრიანი ლელი (ლერწამი) გამოვიყენეთ. ამ მასალებს ჩვენში წვავენ, არ სჭირდებათ, არადა, მისი გამოყენება ძალიან კარგად შეიძლება, თუნდაც მიწაზე მისი დაფენა სასარგებლოა, ნიადაგისთვის კარგი საკვებია.


- რა დაჯდა ნამჯის სახლი?


- 6 000 ლარი. ფართობი სულ 36 კვ/მ-ია, მეორე სართულზე 18 კვ/მ საძინებელი გვაქვს. სახლში ისე თბილა, რომ ამ ზამთარში მაისურით დავდივარ.


- სოფელმა როგორ მიგიღოთ?


- თავიდან გაოცებული იყვნენ, ქალაქში აწყობილი ცხოვრება როგორ მიატოვეთ და აქ როგორ წამოხვედითო - ბაკურციხელ ნიფნიფებს გვეძახდნენ. ახლა მოდიან, ათვალიერებენ და მოსწონთ.


- კიდევ რა გაქვთ დაგეგმილი?


- გვინდა, გავხსნათ საკვირაო სკოლა, რათა აქაური ახალგაზრდების განათლებაზე ვიზრუნოთ, სანერგე მეურნეობის გაკეთებაც განვიზრახეთ, ტყე განადგურებულია და გაახლება სჭირდება. დავითი ბიოლოგიურად სუფთა ბოსტნეულისა და ხილის მოყვანას აპირებს, ორგანული სასუქიც აქვს გამოგონებული. ეს იქნება სადემონსტრაციო ნაკვეთი, თუ როგორ შეიძლება, სოფლად ადამიანმა დამოუკიდებლად იცხოვროს.


დავითი: - უპირველესად უარს ვამბობთ ხვნასა და მიწის თხრაზე. ყველაფერი ისე უნდა მოვიყვანოთ, რომ მიწა ზედმეტად არ ამობრუნდეს. მსოფლიოში მთელი პროგრესული ბიომოსახლეობა ამ პრინციპით მუშაობს. უწინ ჩვენი სახნისები ხმალივით იყო, ერთ ნაპრალს აკეთებდა. მიწა რომ ტრიალდება, მერე მას ქარი და მზე აშრობს, აღდგენას კი სამი წელიწადი სჭირდება.


- ანუ ნიადაგს არ ბარავთ?


- მხოლოდ ერთხელ და შემდეგ იქ ორგანულ ნივთიერებას - კომპოსტს ვყრი. რაც კი გვრჩება ოჯახში - ხილ-ბოსტნეულის ნაფცქვენ-ნათალი - ყველაფერი მიწაში ბრუნდება. არსებობს ტექნოლოგიები, რომლითაც ურწყავად მოიყვან ხარისხიან პროდუქციას. მიწას აქვს კონდენსირების ისეთი უნარი, რომ მორწყვა არ სჭირდება, ნიადაგის შრეებში ტენი ყოველთვის არის. მცენარეს ჩააქვს ზედაპირიდან, რაც კარგია და იქიდანაც სასარგებლო ამოაქვს.


მოკლედ, გეგმები გვაქვს, ცოტა ხანში ჩვენი მეგობრებიც აპირებენ აქ დასახლებას. ვნახოთ, ერთად რას შევძლებთ.


 





წყარო: kvirispalitra.ge, ლალი ფაცია

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016