reportiori.ge - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ააშენებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:16
პოლიტიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ააშენებს
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 15:57

 

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველმა სამთავრობო კომისიამ  2016 წლის 5 თებერვალს გამარჯვებული კომპანია - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" გამოავლინა.



„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" „TBC ჰოლდინგისა" და ამერიკული კომპანია „კონტი ინტერნეშენალის" (Conti International) მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.


„კონტი ინტერნეშენალი" აშშ-ში ინფრასტრუქტურული და კაპიტალური პროექტების მიმართულებით ცნობილი დეველოპერული კომპანიაა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" კონტრაქტორები არიან ასევე  საზღვაო პორტების ცნობილი სადიზაინერო კომპანია „მოფატი და ნიკოლი" (Moffatt & Nichol) და წამყვანი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია საპორტო ტრანზაქციების საკითხებში „მერითაიმ ენდ თრანსპორთ ბიზნეს სოლუშენზ" (Maritime & Transport Business Solutions).


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" თავის განაცხადთან ერთად მთავრობას წარუდგინა  გამოუხმობადი საბანკო გარანტია 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების ხელმოწერას.


მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამთავრობო კომისია კომპანიების შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობდა შემდეგი კრიტერიუმებით:


ა) ფინანსური კრიტერიუმი (კანდიდატი ვალდებული იყო წარმოედგინა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 20 მილიონი აშშ დოლარით);


ბ) ტექნიკური კრიტერიუმი (პორტის წინასწარი კონცეფცია, რომელიც ფასდებოდა პორტის წინასწარი დიზაინის, განხორციელების გრაფიკის,  პორტის ოპერაციების მართვის კონცეფციის, ადგილობრივი განვითარების გეგმის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);


გ) ეკონომიკური კრიტერიუმი (პორტის ფინანსური მოდელი, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო  პორტის წინასწარ კონცეფციასთან. ფინანსური მოდელში ასახული უნდა ყოფილიყო შეთავაზების ეკონომიკური და ფინანსური სიმყარე და წარმოდგენილი ბიზნეს წინადადებების მდგრადობა.  დამატებით, წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო მარკეტინგული კონცეფცია  და  ნავსადგურში ტვირთების მოზიდვის ხედვა);


დ) სამართლებრივი კრიტერიუმი (კომენტარები და შენიშვნები საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით). 


გამარჯვებულად გამოცხადების დღიდან, კომპანიასთან სამი თვის ვადაში გაიმართება მოლაპარაკება საბოლოო ხელშეკრულებაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის, განვითარების, ოპერირების და გადაცემის შესახებ, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ხელი მოეწერება საინვესტიციო ხელშეკრულებას.  გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელი საინვესტიციო კონტრაქტის ხანგრძლივობა 49 წლით განისაზღვრება. 


კონტრაქტის შესაბამისად, ნავსადგური აშენდება ცხრა ფაზად და საბოლოო ჯამში, მისი წლიური გამტარუნარიანობა მიაღწევს 100 მილიონ ტონა ტვირთს. ინვესტორი ვალდებული იქნება უზრუნველყოს ნავსადგურის დაპროექტება, მშენებლობა, ოპერირება და საინვესტიციო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ პორტის სახელმწიფოსთვის დაბრუნება.  სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს ნავსადგურთან დამაკავშირებელი რკინიგზისა და გზის მშენებლობა.


ინვესტორი პასუხისმგებელია გარემოს დაცვაზე, რომელიც წარმოიშვება მისთვის მიწის გადაცემის მომენტიდან. იგი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობისა და რამსარის კონვენციის მოთხოვნები, ასევე გამოასწოროს ნებისმიერი გარემოსდაცვითი დარღვევა. 


ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონ ტონა იქნება. პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება.


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს.  გათვალისწინებულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრეინინგების პროგრამაც.


ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები.  პორტი უზრუნველყოფს   დიდი ზომის (პანამაქსის და პოსტ პანამაქსის ტიპის) გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე პრობლემატური იყო.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და განვითარების შესახებ ინტერესთა გამოხატვა 2014 წელს გამოცხადდა. პროექტის მიმართ ინტერესი თორმეტმა  კონსორციუმმა/კომპანიამ გამოხატა. მათგან შვიდი გადავიდა ე.წ. „მოკლე სიაში"  და მათ გაეგზავნათ მოთხოვნა წინადადებების წარმოდგენაზე.  რამდენიმე კანდიდატმა გასული წლის აპრილ-მაისში წარუდგინა თავისი წინადადებები სამთავრობო კომისიას. კომისიამ ორ  უპირატეს კანდიდატთან  ინტენსიური, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები გამართა, რის შემდეგაც მათ მიეცათ საბოლოო და საუკეთესო წინადადებების წარმოდგენის უფლება.  აღნიშნული პროცესის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". 


ანაკლიის პორტს ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ ახალ აბრეშუმის გზაზე სტრატეგიული მდებარეობა აქვს.  ახალი ნავსადგური დაახლოებით ორი კვირით შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის ხანგრძლივობას ჩინეთიდან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ევროპამდე.  პორტის მშენებლობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სამეგრელო-ზემო¬სვანეთის აღორძინებას, არამედ მთელი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, აგრეთვე ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016