ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც მკითხველს რესპონდენტების კომენტარებით თავს არ შევაწყენთ, რადგან ფოტოები გაცილებით მრავლისმთქმელია. ჩვენ სწორედ ფოტორეპორტაჟის გზით შევეცადეთ, გვეჩვენებინა, რა ხდება ქვეყნის მთავარ საკონცერტო დარბაზში, რომლის განახლებასა და რემონტზე საკმაოდ სოლიდური თანხები დაიხარჯა, თუმცა არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ალბათ, იკითხავთ, თუ ბიუჯეტის ფული არ დახარჯულა, პრობლემა რაში მდგომარეობსო? საქმე ის გახლავთ, რომ ფილარმონია ჯერ კიდევ 2007 წელს 49-წლიანი იჯარით გადაეცა კერძო კომპანიას სწორედ იმ პირობით, რომ მას დიდი საკონცერტო დარბაზი თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოეყვანა.
განახლებული ფილარმონია 2009 წელს ზარ-ზეიმით გაიხსნა, თუმცა ის, რაც ფილარმონიის კულისებში ხდება, საზეიმო განწყობაზე ნამდვილად არ დაგაყენებთ. სანამ სიტუაციის აღწერას შევუდგებით, ორიოდე სიტყვით გიამბობთ ფილარმონიის მმართველი კომპანიის შესახებ:
ფილარმონია ამჟამად „ინტერნეიშენალ ივენთსის“ მფლობელობაშია, რომელსაც ქვეყნის მთავარი და ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი, როგორც უკვე გითხარით, წინა ხელისუფლების დროს 49-წლიანი იჯარით გადაეცა.
ბევრისთვის დღესაც გაურკვეველია, რა პირობებში გადასცეს ამ კომპანიას ფილარმონია, რომელიც ამჟამადაც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ამ ეტაპისთვის „ინთერნეიშენალ ივენთსსა“ და ქონების მართვის სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულება ვერ მოვიპოვეთ, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, იმედია, შევძლებთ ამ დოკუმენტის გაცნობას.
იჯარით გადაცემის შემდეგ კომპანიამ ფილარმონიის ფოიე ცალკე გამოყო და დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქცია. ფილარმონიის ფოიეს „ივენთ ჰოლი“ ეწოდა, რომელსაც კომპანია „ვიზარდ ივენთი“ მართავს. თუ ამ კომპანიების დამფუძნებლებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქმე გვაქვს, როგორც მინიმუმ, ინტერესთა კონფლიქტთან.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, გეტყვით, რომ საკონცერტო დარბაზის მმართველი კომპანიის „ინტერნეიშენალ ივენთსის“ დამფუძნებელთა შორის იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მოქმედი მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რომელიც აქციების 20 პროცენტს ფლობდა, 20-20 პროცენტის მფლობელები იყვნენ მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი დავით მენაბდე, კახი კანდელაკის მამა, გაიოზ კანდელაკი კი კომპანიაში 5-პროცენტიანი აქციების მფლობელი გახლდათ.
როგორც დავით მენაბდემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, ამჟამად კულტურის სამინისტროს არც ერთ მაღალჩინოსანს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ შეხება არა აქვს და კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი გიორგი კერესელიძეა. ის, ასევე, უარყოფს რაიმე კავშირს „ივენთ ჰოლის“ მმართველ კომპანიასთან, თუმცა დადასტურებული ინფორმაციით, „ვიზარდ ივენთის“ 32-პროცენტიანი წილის მფლობელი სწორედ დავით მენაბდის სიძე ირაკლი შენგელიაა, 36 პროცენტს კი ფლობს გიორგი ჭუბაბრია, რომელსაც მხოლოდ გასულ წელს კულტურის სამინისტრომ პროექტ „სითი საუნდის“ ორგანიზებისთვის უკონკურსოდ 365 ათასი ლარი გადაურიცხა.
როგორც წესი, კულტურის სამინისტრო ხშირად აფინანსებს ხოლმე ღონისძიებებს, რომელიც სწორედ ფილარმონიაში იმართება. უმეტეს შემთხვევაში გამოყოფილი თანხის ნაწილი სწორედ საკონცერტო დარბაზის არენდას ხმარდება, რომელიც დაახლოებით 15 ათას ლარს შეადგენს. გამოდის, რომ ამ ფულს ერთი ჯიბიდან იღებენ და მეორეში იდებენ. უფრო სწორად კი ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფენ თანხებს, რომელიც თავის დროზე მათ მიერვე დაფუძნებულ კომპანიებში მიდის.
თუ ფიქრობთ, რომ 15 ათას ლარად შეგიძლიათ საკონცერტო დარბაზის დაქირავება, ძალიან შემცდარხართ, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ ავტომატურად მოგიწევთ ჰოლის დაქირავებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა, დიდ დარბაზში მიმდინარე ღონისძიება „ივენთ ჰოლში“ პარალელურად მიმდინარე ღონისძიების ხმამ გადაფაროს, ამიტომაც დამატებით 6 ათასი ლარის გაღება მოგიწევთ იმისთვის, რომ „ივენთ ჰოლში“ (ანუ ფილარმონიის ყოფილ ფოიეში) იმავე დროს სხვა ღონისძიება არ ჩატარდეს. საქმე ისაა, რომ ამჟამინდელი „ივენთ ჰოლი“ თავის დროზე დაპროექტებული იყო, როგორც საკონცერტო დარბაზის ფოიე, აქედან გამომდინარე, მას მთავარ დარბაზთან ხმის იზოლაცია არ გააჩნია, თუმცა მიუხედავად ამისა, მმართველმა კომპანიამ ის დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქცია, ისევე როგორც ცენტრალური შესასვლელის ორივე მხარეს განთავსებული გარდერობი. ერთ მხარეს, გარდერობის ნაცვლად, ამჟამად კაფე „ელვისი“ ფუნქციონირებს, მეორე მხარეს კი – „ივენთ ჰოლის“ ბარი.
15 000 ლარი საკმაოდ დიდი თანხაა და, წესით, ფილარმონიის ყველანაირ მომსახურებას უნდა ფარავდეს, მაგრამ ასე არ არის. ამ თანხაში არ შედის განათება, სცენის იატაკზე გასაფენი შავი „პალავიკი“, ვარსკვლავური ცის ეფექტი, გახმოვანების აპარატურის ნაწილი, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორმა იქვე ფილარმონიაში, ან სხვაგან ცალკე უნდა იქირაოს, აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე ყველაზე პრესტიჟული 2 ლოჟის 40 ადგილს, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით, თავად მმართველი კომპანია იტოვებს, გამოდის, რომ ერთი კონცერტის ჩატარება კონცერტის ორგანიზატორებს, 15 000 ლარის ნაცვლად, არაოფიციალური მონაცემებით 35 000-40 000 ლარი უჯდებათ, რაც, ფაქტობრივად, მომაკვდინებელია ბიზნესისთვის.
ქვეყნის მთავარი საკონცერტო დარბაზის ასეთი მენეჯმენტის პირობებში, რა გასაკვირია, რომ ბევრი ქართველი ხელოვანი ვერ ახერხებს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში კონცერტის გამართვას, თავად დარბაზიც უხეიროდაა დატვირთული და ხშირად უქმად ცდება. სწორედ ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ქართული შოუბიზნესი ვერ ვითარდება და თითქმის მთლიანად რესტორნებში გადაინაცვლა.
ამ ფონზე კი კვლავაც პრობლემურია მმართველი კომპანიის მიერ ფილარმონიის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის აღებული კრედიტის საკითხი. გავრცელებული ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზის რემონტისთვის ბანკმა თავის დროზე 7 მილიონი ლარის მოცულობით კრედიტი გამოყო, თუმცა „ინტერნეიშენალ ივენთსმა“ კრედიტის დაფარვის გრაფიკი არაერთხელ დაარღვია. კომპანიის ყოფილი მეწილე და ამჟამად კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი დავით მენაბდე კონკრეტულ თანხას არ გვიმხელს, თუმცა ადასტურებს, რომ კრედიტის დაფარვაზე პრობლემები ნამდვილად იყო. მისი თქმით, „ქართუ ჯგუფმა“ გარკვეული სარემონტო სამუშაოები შეასრულა, სამუშაოების ნაწილი კი „ინტერნეიშენალ ივენთსმა“ „ქართუ ბანკიდან“ აღებული კრედიტით უზრუნველყო:
„ქართუ ჯგუფმა“ შეასრულა სამუშაოების ნაწილი, დანარჩენ ნაწილზე „ინტერნეიშენალ ივენთსმა“ „ქართუ ბანკში“ აიღო კრედიტი, რომელსაც ახლაც იხდის. კრედიტის დაფარვასთან დაკავშირებით მთელ საქართველოშია პრობლემა. მძიმე თემაა, მაგრამ ვფარავთ ნელ-ნელა. მათ შორის იჯარის თანხასაც ჩვეულებრივ ვიხდით“, – ამბობს დავით მენაბდე, რომელიც მართალია „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ კავშირს უარყოფს, მაგრამ მისი ფრაზა: „თანხასაც ჩვეულებრივ ვიხდით“, მგონი, ნათლად სცემს პასუხს კითხვაზე, რა კავშირი აქვთ კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან.
ახლა კი ორიოდე სიტყვით ჩვენს ფოტორეპორტაჟზე: მართალია, მმართველი კომპანია ირწმუნება, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ ფილარმონია თითქმის მთლიანად განახლდა, მაგრამ კადრები აშკარად საწინააღმდეგოზე მეტყველებს.
ფილარმონიის შესასვლელთან, იქ, სადაც ცნობილ ქართველ შემსრულებლებს ვარსკვლავებს უხსნიან, ერთ არცთუ ისე სასიამოვნო ფაქტს გადავაწყდით. კერძოდ, ანსამბლ „ქართული ხმების“ ვარსკვლავზე ღია სავაჭრო ჯიხური ჩაუდგამთ. ცხადია, ეს მმართველი კომპანიისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა, თუმცა პირდაპირ ვარსკვლავზე ვაჭრობის გაჩაღება, რბილად რომ ვთქვათ,არაეთიკურია.
ახლა კი ვნახოთ, რა ხდება ფილარმონიის სცენის მიღმა. ფოტორეპორტაჟისთვის გვერდითი, სამსახურებრივი შესასვლელი ავირჩიეთ, რადგან ცენტრალური შესასვლელის შესახებ მეტ-ნაკლებად ისედაც გექნებათ წარმოდგენა. აქ პირველივე სართულიდანვე თვალში მოგხვდებათ სხვადასხვა უცხოელი შემსრულებლების უზარმაზარი პოსტერები, ძირითადად ჯაზ-შემსრულებლების, რომელთა საქართველოში ჩამოყვანას, ასევე, კულტურის მინისტრთან და სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კომპანია „ისტერნ პრომოუშენი“ უზრუნველყოფდა. ჯაზ-ფესტივალების ორგანიზებისთვის „ისტერნ პრომოუშენს“ წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან უტენდეროდ მილიონობით ლარი აქვს მიღებული.
ცხადია, უცხოელი შემსრულებლების პოსტერები მისასალმებელია და საწინააღმდეგოც არაფერი გვექნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: ჩვენი მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერც ერთი ქართველი ხელოვანის პოსტერი იქ ვერ ვიპოვეთ. არადა, ფილარმონია მხოლოდ კომერციული დაწესებულება არ გახლავთ. ის უდიდესი ისტორიის მქონე საკონცერტო დარბაზია, რომელიც 1971 წელს გაიხსნა და პირველი კონცერტი იქ სუხიშვილებმა გამართეს. სამწუხაროდ, მსოფლიოში სახელგანთქმულ ჯაზ-შემსრულებლების გვერდით, ჩვენ ვერც სუხიშვილების პოსტერი ვნახეთ და ვერც სხვა ქართველი ხელოვანის. არადა, ასეთები ფილარმონიის სცენას ნამდვილად არასდროს აკლდა, იქნება ეს ნინო რამიშვილი, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, „ორერა“, „ივერია“, ლიანა ისაკაძე თუ სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ რემონტში საკმაოდ სოლიდური თანხები დაიხარჯა, ფილარმონიაში ჯერაც იგრძნობა კომუნიზმი. მეოთხე სართულზე საპირფარეშო სწორედ კომუნისტებისდროინდელ ჩეჩმას მოგაგონებთ, საგრიმიორო სამუზეუმო ექსპონატს უფრო ჰგავს, ვიდრე თანამედროვე საკონცერტო დარბაზის აუცილებელ კომპონენტს. იქ ჩვენი ყურადღება ძველი ავეჯის ქვეშ გაშლილმა წითელმა ფხვნილმა მიიქცია – როგორც ჩანს, ფილარმონია კომუნიზმისგან კი არა, ჯერ ვირთხებისგანაც არ განთავისუფლებულა.
ორკესტრის ოთახის ამორტიზებული კარი სიფრთხილით შევაღეთ. იქ ერთ მწკრივად ჩალაგებული ძველი და ნახევრად დაფლეთილი ტყავის სკამების გარდა, საინტერესო ვერაფერი ვნახეთ. აღარაფერს ვამბობ ალაგ-ალაგ აყრილ პარკეტზე, კედლებიდან ჩამოშლილ ბათქაშზე, მწყობრიდან გამოსულ ლიფტზე და რაც მთავარია – კულისებში მდგარ მართვის პულტზე, რომელიც, როგორც ერთ-ერთმა თანამშრომელმა იხუმრა, „ლამის საქართველოში ბრეჟნევის სტუმრობის შემდეგ არ შეცვლილა“.
ამ ყველაფრის ფონზე ფილარმონია არცთუ ისე კარგი შთაბეჭდილებით დავტოვეთ. რედაქციაში დაბრუნებულმა ინტერნეტში ფილარმონიის განახლების შესახებ ინფორმაცია დავძებნე და საკონცერტო დარბაზის დირექტორის, გიორგი კერესელიძის კომენტარს გადავაწყდი, რომელიც მან „განახლებული“ ფილარმონიის გახსნის წინ გააკეთა:
„ძალიან მოცულობითი სამუშაოები ჩატარდა. გამოიცვალა აბსოლუტურად ყველაფერი“, – გვარწმუნებდა მაშინ ფილარმონიის დირექტორი.
ალბათ, სწორედ ამას ჰქვია, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ამ ფოტორეპორტაჟმა დამარწმუნა, რომ ქართული კულტურაშიც არსებობს ორი რეალობა – კულისებში და კულისებს მიღმა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ ფოტოსურათებს ყველაზე ზუსტად შემდეგი რუბრიკა მიესადაგება: „No Comment!“
წყარო: primetimenews.ge, მირიან ბოქოლიშვილი