„მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანხებზე აპელირება იმისთვის ხდება, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადანაწილდეს, მაგრამ „ჩვენ არ უნდა ავცდეთ მთავარ გზას - არსებობს „მაესტროს" ხელში ჩაგდების და მიტაცების სურვილი".
ბაჩო კიკაბიძის თქმით, ლოგიკურად არ მიაჩნია ირაკლი რუხაძის განცხადება, რომლის თქმითაც, 50 მილიონი მან გაჩეჩილაძეს პროცენტით ასესხა.
„50 მილიონის გასესხება ასე ადვილი არ არის. დარწმუნებული უნდა იყო, რომ ამ თანხას უკან ამოიღებ, ეს ხომ 50 ლარი არ არის, თუმცა, ვინ ვის ასესხა და როგორ, ეს დეტალებია. ამაზე აპელირება სპეციალურად ხდება, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადანაწილდეს, მაგრამ მთავარია, ჩვენ არ ავცდეთ გზას, რომ არსებობს „მაესტროს" ხელში ჩაგდების და მიტაცების სურვილი", - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.
რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძის „მაესტროში" დღეს მისვლის საკითხს, კიკაბიძემ აღნიშნა, რომ მაკა ასათიანის გადასაწყვეტია, შეუშვებს თუ არა თავის შენობაში ლევან გაჩეჩილაძეს.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ კიკაბიძემ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლის პერიოდში, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებები, „მაესტროც" ფინანსდებოდა მისი მხრიდან, თუმცა, აქვე ბაჩო კიკაბიძემ განმარტა, რომ ბოლო არჩევნების დროს ყველაზე მეტი სარეკლამო სახსრები „რუსთავი 2"-შია ჩადებული.