reportiori.ge - როგორ გადაარჩინა მთავარანგელოზ მიქაელის ხატმა დავით აღმაშენებელი უცილობელ სიკვდილს -+
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:33
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
როგორ გადაარჩინა მთავარანგელოზ მიქაელის ხატმა დავით აღმაშენებელი უცილობელ სიკვდილს -+
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 14:07

 

 

ევროპელმა ქრისტიანმა მეფემ იერუსალიმში ჯვრის მონასტერს ვენახები წაართვა,ხოლო მუსლიმანმა - დაუბრუნა!

 

რას წერდა 800 წლის წინათ გერმანელი ბერი თიტმარი ქართველებზე?


ბედისწერა, შემთხვევითობა თუ ღვთის განგება ყოველ დროსა და ეპოქაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ნებისმიერი ხალხის, ერისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში.


ისტორიის ბედისწერამ დასცა და დაანაფოტა ქედმაღალ და გარყვნილებში ჩავარდნილ ბიზანტიელთა უძლიერესი იმპერია, რომლის დედაქალაქსაც თურქები 200-ათასიანი არმიით კვირების განმავლობაში ვერ იღებდნენ, მაგრამ კონსტანტინოპოლის დამცველებს საიდუმლო გვირაბის ჭიშკარი - „ქსილოპორტა" ღია დარჩათ და 1453 წლის 30 მაისს, დილის 8 საათზე, გამარჯვებულმა თურქთა სულთანმა მეჰმედ მეორემ აია-სოფიას უბრწყინვალეს ტაძარში დილის ნამაზი აღასრულა.


ძველი წელთაღრიცხვის 390 წლის ზაფხულში რომი ბატებმა გადაარჩინეს... ცბიერი და დაუნდობელი გალები ქალაქში აპირებდნენ შეპარვას, მაგრამ იუნონას ტაძართან შეკრებილმა ბატებმა ყიყინი ატეხეს, ქალაქის მოსახლეობა ფეხზე დააყენეს და კაპიტოლიუმი იხსნეს.


ებრაული წარმოშობის დიდი გერმანელი მწერალი ლიონ ფოიხტვანგერი საქვეყნოდ აღიარებულ რომანში „ესპანური ბალადა" ერთგან წერს - „ღმერთი არის ყველა შემთხვევითობათა ჯამი!"


სწორედ ბედნიერმა შემთხვევამ, ანუ ღმერთმა გადაარჩინა უცაბედ და მუხანათ სიკვდილს საქართველოს ყველაზე უფრო წარმატებული და დიდი ხელმწიფე, ჭეშმარიტად კავკასიის იმპერიის შემქმნელი დავით მეოთხე აღმაშენებელი.


ქართლში ერთ-ერთი ციხის ალყის დროს ახალგამოღვიძებული ხელმწიფე დილაადრიან პერანგისამარა, უაბჯროდ და უსაჭურვლოდ გამოვიდა კარვიდან... მოულოდნელად ალყაშემორტყმული ციხიდან ვიღაცამ სანადირო ისარი, ანუ ყველაზე უფრო პირფართო, მსხვილი და გრძელი ქეიბური გამოტყორცნა, რომელიც მეფეს მკერდზე დაეძგერა და ძირს დასცა. მხლებლები დავითს მისცვივდნენ... საქართველოს დაუძინებელი მტრის მიერ გამოსროლილ ისარს ორად გაეპო მთავარანგელოზ მიქაელის ოქროს ხატი, რომელიც დავით აღმაშენებელს გულზე ეკიდა.


უცილობელი სიკვდილისგან სწორედ ხატმა იხსნა მეფე, ხოლო თავად ხატი შეიმუსრა...


ალბათ, დიდი მკითხაობა არ სჭირდება იმის გამოცნობას, თუ როგორ წარიმართებოდა საქართველოს სვე-ბედი დავით აღმაშენებლის ასე ნაადრევად გარდაცვალების შემთხვევაში. ცხადია, იმ ისარს მთავარანგელოზ მიქაელის ხატისნაცვლად დავით აღმაშენებლის გული რომ გაეპო, უდავითოდ დარჩენილი საქართველო დიდგორის ომს ვერ მოიგებდა და დღეს აღარც საქართველო იარსებებდა, აღარც ქართული ენა -დიდი ალბათობით, ყველანი თურქულად ვილაპარაკებდით.


მოგეხსენებათ, მირონცხებული და წმინდანად შერაცხილი გვირგვინოსანი დავით მეოთხე ბაგრატიონი ისედაც ადრიანად გამოეცალა ხელიდან ქვეყანას... ის 52 წლისა მიიცვალა. ისტორიკოსებსა და მკვლევარებს დღემდე ვერ აუხსნიათ მეფის სიკვდილის მიზეზი. წყაროები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ მეფეს რაიმე დაავადება სტანჯავდა... საბოლოო ჯამში, ყველანი თანხმდებიან იმაში, რომ დავით აღმაშენებელი არაადამიანური ფიზიკური და გონებრივი შრომის წერა გახდა.


მართლაც, ერთი ადამიანის შესაძლებლობებს ყოველმხრივ აღემატება ის ტვირთი და საზრუნავი, რომელიც დაქცეული და დაშლილი საქართველოს ფერფლიდან აღსადგენად და უძლიერეს იმპერიად ჩამოსაყალიბებლად დავით აღმაშენებელმა ზიდა.


კაცმა არ იცის, როგორ წარიმართებოდა საქართველოს ბედი, ჩვენი სახელოვანი და საფიცარი თამარ მეფე რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის, საქვეყნოდ სახელგანთქმული ფრიდრიხ პირველი ბარბაროსას (1155-1190) ვაჟს ფრიდრიხ შვაბიელს (1167-1191) რომ გაჰყოლოდა ცოლად.


ფრიდრიხ ბარბაროსას ძალიან უნდოდა, თურმე, რძლად წაეყვანა თამარი, მაგრამ ქართველებმა უარი უთხრეს ჟღალწვერა და გულზვიად გერმანელ იმპერატორს, რომელმაც მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ცხენი ვერ დაიმორჩილა, თურქეთში, მდინარე სალეფში ჩავარდა და დაიხრჩო. ერთი წლის შემდეგ მისი ვაჟი, ქართველების სასიძო ფრიდრიხ შვაბიელიც დაეცა წმინდა მიწაზე... ესეც ბედი იყო, ალბათ...


1226 წელს, როცა აღარც თამარ მეფე იყო ცოცხალი და აღარც დავითისა და თამარის საქართველოსგან იყო რამე დარჩენილი, ტამპლიერთა ორდენის მემატიანე, ქალაქ აკრის ეპისკოპოსი ჟაკ დე ვიტრი წერდა: „მაშინ, როცა ქრისტიანთა უმრავლესობა დიდ წინააღმდეგობებს აწყდებოდა იერუსალიმში შესვლასა და ცხოვრებაზე, ქართველებს შეეძლოთ, თავისუფლად ემოძრავათ და ეცხოვრათ. ქართველები ცხენზე ამხედრებულნი, გაშლილი დროშებით შედიოდნენ იერუსალიმში და მათ არ მოეთხოვებოდათ იმ ბაჟის გადახდა, რაც ყველა ქრისტიანისათვის სავალდებულო იყო".


დასტურ, მონღოლებსა და ავადსახსენებელ ჯალალედინს უკვე მოეთარეშებინათ საქართველო, კავკასიის იმპერიის უწინდელი ბრწყინვალება ჩამქრალიყო, მაგრამ ქრისტეს საფლავზე ქართული დროშები ისევ ფრიალებდა და ეს თამარ მეფის კეთილგონიერების შედეგი გახლდათ.


მოგეხსენებათ, ჩარჩ-ვაჭრებთან ქართველებს ოდითგანვე უჭირდათ საერთო ენის გამონახვა. ასე, მაგალითად, იერუსალიმის ქრისტიანული სამეფოს ვაჭრუკანა და უტვინო მეფემ ბალდუინ მეოთხემ (1173-1185) იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრებს ვენახების ნაწილი წაართვა მაშინ, როცა ჯვაროსნების დაუძინებელმა მტერმა - ეგვიპტისა და სირიის სულთანმა, ბრწყინვალე რაინდმა სალადინმა (1171-1193) თამარ მეფის თხოვნის პასუხად ქართველებს ზვრები დაუბრუნა და ჯვრის მონასტერიც ხელუხლებლად გადმოგვცა.


საქართველოს სწორედ დავით აღმაშენებლისეული სიბრძნე, თამარისეული გულმოწყალება და ქურთი ერის უდიდესი შვილის - სულთან სალადინის დარი კეთილგონიერება გადაარჩენს.


1099 წლის 15 ივლისს, როცა ევროპელმა ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს, ქრისტიანმა მეომრებმა ქალაქში სასაკლაო მოაწყვეს და 10 ათასი მუსლიმანი დახოცეს. თვითმხილველის თქმით, „ევროპელ ჯვაროსნებს ფეხები დახოცილთა სისხლით მუხლებამდე ჰქონდათ შეღებილი".


1187 წლის 2 ოქტომბერს, როცა სალადინმა ჯვაროსნებს იერუსალიმი ხელიდან გამოგლიჯა, ჭეშმარიტ რაინდს ქალაქში დარჩენილთაგან არავინ მოუკლავს, თუმცა, ერთი კი ბრძანა - ქალაქის ქუჩები ვარდის წყლით გადარეცხეთო!


მუსლიმანმა სალადინმა ევროპელი ინკვიზიტორებისა და მკვლელების მიერ დანთხეული სისხლი სისხლით კი არა, ვარდის წყლით გადარეცხა, რითაც საუკუნო დიდება და სახელი მოიპოვა!


მეთორმეტე საუკუნეში მოღვაწე გერმანელი ბერი თიტმარი წერს - წმინდა მიწაზე უსაფრთხოდ რომ გემოგზაურა, ქართველი ბერის ფორმა უნდა გცმოდაო!


მართლაც, გერმანელ თიტმარს ქართველი ბერის სამოსი ეცვა და ქართული ქუდი ეხურა, როცა 1217 წელს პალესტინიდან სინას მთაზე მიდიოდა.


ესეც ჩვენი ბედისწერაა, ალბათ...

 

 

 

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"




 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016