საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 12 თებერვალს, 18:00 საათზე „მაგის" აბრეშუმის შარფების გამოფენა გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე აბრეშუმის შარფი „მაგის" კოლექციიდან.
თითოეული შარფი ცნობილი მხატვრების ესკიზების მიხედვითაა შექმნილი. მხატვრები სპეციალურად აბრეშუმის შარფებისთვის ქმნიდნენ ესკიზებს, რაც განაპირობებს ამ შარფების უნიკალურობას.
მარგარეტ და ემე მაგების ფონდი დაფუძნდა მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმის წარმოსაჩენად. მუზეუმი მოიცავს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, თანამედროვე ფერწერის, სკულპტურის და გრაფიკის კოლექციას. მათ შორისაა ისეთი მხატვრების ნამუშევრები, როგობიც არიან: ჟორჯ ბრაკი, მარკ შაგალი, ხუან მირო, ალბერტო ჯაკომეტი, ფერნანდ ლეჟე, ერიკ დიეტმანი, ანტონი ტაპიესი და სხვა.
აღნიშნული ექსპოზიცია ხაზს უსვამს „აბრეშუმის გზის" მნიშვნელობას და მის მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. გამოფენა მიზნად ისახავს, ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას და ქართული სახელოვნებო სივრცის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
გამოფენის პარალელურად გაიმართება მასტერკლასი სასტუმრო „რუმს თბილისში", რომელსაც წარუძღვება მაგების ოჯახის წარმომადგენელი.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრება ლიონის ბროშიეს აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორი სედრიკ ბროშიე. გამოფენის მხარდამჭერია: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში, სასტუმროების ქსელი „რუმსი" და ნავთობკომპანია „გალფი".
გამოფენა 23 თებერვლამდე გაგრძელდება.